Accessibility links

logo-print
მიმდინარე კვირაში დასავლეთის პრესაში საქართველოს შესახებ სტატიების სიუხვე არ ყოფილა, თუმცა რამდენიმე საინტერესო წერილი მაინც დაიბეჭდა.

21 თებერვალს ტელეკომპანია „სი-ენ-ენის“ ვებგვერდზე გამოქვეყნდა ტელეკომპანიის კომენტატორის, ბობ გრინის სტატია, სახელწოდებით „ოლიმპიურმა სულისკვეთებამ გამოცდა ვერ ჩააბარა.“ სტატიის ავტორი ვანკუვერის ოლიმპიური თამაშების გახსნამდე ქართველი მოციგავის, ნოდარ ქუმარიტაშვილის ტრაგიკულად დაღუპვას ეხმიანება და სპორტსმენთა სოლიდარობის ერთგვარად უტოპიურ სურათს ხატავს. ავტორის აზრით, ეს სოლიდარობა უპრიანი იქნებოდა ტრაგედიის და მასზე ციგაობის საერთაშორისო ფედერაციის რეაქციის შემდეგ. სტატია ასე იწყება: „ეს ოლიმპიური თამაშების ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტი იქნებოდა. თუმცა ასე არ მომხდარა და, ალბათ, არარეალისტურია იმაზე ფიქრი, რომ ეს შესაძლებელი იყო. მაგრამ რაოდენ ძლიერი მესიჯის გაგზავნა შეიძლებოდა! წარმოიდგინეთ, რა რეაქცია ექნებოდა მსოფლიოს, იმ შემაძრწუნებელი ოფიციალური განცხადების გავრცელების მერე, რომელიც 21 წლის მოციგავე ნოდარ ქუმარიტაშვილს სდებდა ბრალს იმაში, რომ ის ვარჯიშისას დაიღუპა, ზამთრის თამაშებზე 82 ქვეყნიდან ჩასული 2,500-ზე მეტი სპორტსმენი ერთად რომ დამდგარიყო და ზრდილობიანად და პატივისცემით განეცხადებინა: ჩვენ არ მივიღებთ მონაწილეობას თამაშებში მანამ, სანამ საორგანიზაციო კომიტეტი საჯაროდ არ მოიხდის ბოდიშს ყოველივე იმისთვის, რაც მათ ჩვენი კოლეგის, სპორტსმენის ხსოვნას დამართეს. არც ერთი ჩვენგანი - არც ერთ სპორტის სახეობაში - არ გამოვცხადდებით შეჯიბრზე. თქვენ ბოდიშს მოიხდით იმის თაობაზე, რაც ნოდარის შესახებ თქვით და მის ოჯახს ეტყვით, რომ შეწუხებული ხართ, მისი სიკვდილი მასვე რომ დააბრალეთ. როცა ამას გააკეთებთ, თამაშები გაგრძელდება. მანამდე კი სატელევიზიო კამერებს შეეძლებათ გადაიღონ ცარიელი საციგურაო მოედნები, ცარიელი სათხილამურო ტრასები და ცარიელი საციგაო ადგილები. შესაძლოა, ოლიმპიური თამაშების მესაკუთრეები თქვენ იყოთ - მაგრამ ოლიმპიელები ჩვენ ვართ“ – ასეთია სპორტსმენთა სოლიდარობის ის უტოპიური სცენარი, რომელსაც „სი-ენ-ენის“ კომენტატორი, ბობ გრინი სახავს. სტატია ტელეკომპანიის ვებ-გვერდზე 21 თებერვალს გამოქვეყნდა.

ნოდარ ქუმარიტაშვილის დაღუპვას ეხება 22 თებერვალს გაზეთ „უოლ სტრიტ ჯორნალში“ გამოქვეყნებული სტატიაც.

გაზეთის კორესპონდენტი სამანტა შილდსი სპორტსმენის მშობლიურ ბაკურიანში იმყოფებოდა და სპორტსმენის დაკრძალვის ცერემონიას უშუალოდ ადევნებდა თვალს. „დაახლოებით 2,000 ადამიანი შეგროვდა 21 წლის სპორტსმენისთვის უკანასკნელი პატივის მისაგებად“, - წერს შილდსი და დასძენს, რომ ხალხი, „საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჩათვლით, შედიოდა და გამოდიოდა ქუმარიტაშვილების სახლში, სადაც დაღუპული სპორტსმენის საქართველოს დროშაში გახვეული ცხედარი ესვენა.“ ჟურნალისტი დეტალურად აღწერს ქუმარიტაშვილის დაკრძალვის ტრაგიკულ სცენებს და შემდეგ წერს, რომ მისმა სიკვდილმა გამოიწვია დისკუსია საციგაო ტრასის უსაფრთხოების შესახებ. სტატიაში მოყვანილია ნოდარის ბიძის და მწვრთნელის, ფელიქს ქუმარიტაშვილის სიტყვები, რომ სპორტსმენის სიკვდილი სწორედ უსაფრთხოების არასაკმარისმა ზომებმა გამოიწვია და არა მისმა შეცდომამ, როგორც ამას საციგაო სპორტის საერთაშორისო ფედერაცია აცხადებს. „ის ცვლილებები, რომელიც [ტრასაზე] შეიტანეს, უბედურ შემთხვევამდე რომ განეხორციელებინათ, ნოდარი არ დაიღუპებოდაო“, - უთქვამს ფელიქს ქუმარიტაშვილს „უოლ სტრიტ ჯორნალის“ კორესპონდენტისთვის. სტატიას 22 თებერვლის ნომერში წაიკითხავთ.

25 თებერვალს ბრიტანეთის გაზეთ „გარდიანში“ გამოაქვეყნა სტატია ბრიტანელმა კავკასიოლოგმა ჯორჯ ჰიუიტმა, რომელიც კავკასიის ხალხების ისტორიის, ენების და პოლიტიკური ვითარების შესახებ რეგულარულად წერს და ხშირად აკრიტიკებს ოფიციალური თბილისის ქმედებებს.

სტატიაში, რომელსაც „საქართველოს კარგი, პომპეზური და უსარგებლო სტრატეგია“ ეწოდება, ის ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ ახლახან შემუშავებულ საქართველოს სახელმწიფო სტრატეგიას აკრიტიკებს. „დოკუმენტის ლამაზი სიტყვების და პომპეზური სენტიმენტების მიუხედავად, იგნორირებულია ერთი ფუნდამენტური პრობლემა - აფხაზებს და სამხრეთელ ოსებს ერთიან ქართულ სახელმწიფოში „რეინტეგრაციის“არანაირი სურვილი არ აქვთ. საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს, შეუძლია ეს სტრატეგია დასავლეთში განიხილოს, როგორც ეს გასულ კვირაში ლონდონში გააკეთა, მაგრამ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში არავინ არის დაინტერესებული ამ დისკუსიაში ჩართვით. მათ პრიორიტეტებს დასავლეთთან პირდაპირი კავშირების დამყარება წარმოადგენს, მათი პასპორტებით თავისუფლად მოგზაურობის შესაძლებლობასთან ერთად“, - წერს ჰიუიტი და დასძენს, რომ დასავლეთის მხრიდან ამ ინტერესების იგნორირება ამ რეგიონების მოსკოვთან კიდევ უფრო მეტად დაახლოებას გამოიწვევს.

თურქეთში ყოველდღიურად გამომავალი პოპულარული გაზეთი „ჰურიეთი“ 25 თებერვლის ნომერში თბილისის მერის არჩევნების შესახებ აქვეყნებს სტატიას, სადაც აღნიშნულია, რომ 30 მაისს ამ ქალაქის მცხოვრებნი პირდაპირი წესით მერს პირველად აირჩევენ. გაზეთი თბილისში ამოქმედებულ ახალ სოციალურ პროგრამებზე წერს - აღნიშნავს, რომ წელს ამ პროგრამებისთვის ბიუჯეტი სამჯერ გაიზარდა და ახლა 74.5 მილიონ ლარს შეადგენს. ეს დაფინანსება რამდენიმე ახალ ან გაფართოებულ პროგრამას ხმარდება - იქნება ეს ხანდაზმულებისთვის სამკურნალო ვაუჩერები თუ ინგლისური ენის და კომპიუტერის შესასწავლი უფასო კურსები. თბილისში ახალი გზები გაჰყავთ და მრავალშვილიანი ოჯახების წარმომადგენლებს დასაქმებას ჰპირდებიანო, - წერია „ჰურიეთში“ და იქვე დასმულია შეკითხვა, რამდენად წარმოადგენს ეს პროგრამები სამთავრობო კანდიდატის მხარდასაჭერ არაოფიციალურ საარჩევნო კამპანიას და ამისათვის ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების ფაქტს. სტატიას „ჰურიეთის“ 25 თებერვლის ნომერში წაიკითხავთ.
XS
SM
MD
LG