Accessibility links

შეწყვეტს თუ არა იანუკოვიჩი საქართველოსათვის იარაღის მიწოდებას


ვიქტორ იანუკოვიჩის ინაუგურაციაზე მყოფი საქართველოს დელეგაცია სამშობლოში დაბრუნდა იმედით, რომ უკრაინა ახალი პრეზიდენტის დროსაც გააგრძელებს საქართველოსთან მჭიდრო პარტნიორული თანამშრომლობის კურსს. არც იანუკოვიჩი და მისი მომხრეები მალავენ, რომ ცდილობენ დაივიწყონ უსიამოვნება, რომელიც უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა ზედმეტად გულმოდგინე ჩარევას ახლდა. თუმცა დიპლომატიური ქარაგმებით ორი ქვეყნის ურთიერთობის მომავლის განჭვრეტა ამ ეტაპზე ძალიან ჭირს - განსაკუთრებით ეხება ეს სამხედრო-ტექნიკურ თანამშრომლობას და საქართველოსათვის საბრძოლო იარაღის მიყიდვას, რასაც იანუკოვიჩის „რეგიონების პარტია“ ყოველმხრივ ეწინააღმდეგებოდა. დაიხურება თუ არა საქართველოსათვის უკრაინული იარაღის ბაზარი?

საბრძოლო მასალა და სამხედრო ტექნიკა იხარჯება, ცვდება, ფეთქდება და, საბოლოოდ, ჯართად იქცევა. თუმცა ზოგჯერ იმთავითვე ხდება ხოლმე უვარგისი იარაღის - ფაქტობრივად, ჯართის- შესყიდვა მაღალ ფასად ან, პირიქით, გამყიდველი მხარე დაბალ ფასად აფორმებს ძვირად ღირებულ აღჭურვილობას. ეს სქემა, რასაც ფინანსური მაქინაციის სუნი უდის, მეტ-ნაკლებად ცნობილია საქართველოშიც.

სამხედრო ჟურნალ „არსენალის“ მთავარი რედაქტორის ირაკლი ალადაშვილის თქმით, 2004 წლიდან მოყოლებული, საქართველოს სამხედრო ძალები აუცილებელ სამხედრო აღჭურვილობას და საბრძოლო ტექნიკას უკრაინისაგან ღებულობდნენ, თუმცა, სიჩქარითა თუ უცოდინრობით, ზოგჯერ ხდებოდა უვარგისი იარაღის შეძენა:
„შემიძლია სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ ბევრი შესყიდული შეიარაღება საერთოდ არ იყო იმ დონის და არ სჭირდებოდა ქართულ არმიას. ავიღოთ, მაგალითად, რამდენიმე ათასი „ეს-5“ ტიპის უმართავი საავიაციო რაკეტები, რომლებიც ასევე უკრაინაში იქნა შესყიდული, მაგრამ ისინი, მე როგორც ვიცი, შეიარაღებიდან არის მოხსნილი, რადგან არაეფექტურია. ყველას ახსოვს ის დიდი სკანდალი, რომელიც 2004 წლის ბოლოს დაიწყო და 2005-ში გაგრძელდა. ეს შეეხება საქართველოს მიერ უკრაინაში 40 ერთეული ქვეითთა საბრძოლო მანქანის „ბე-ემ-პე-2“-ის შესყიდვას.“

თავდაპირველად, საქართველოში ატეხილი სკანდალისათვის უკრაინაში დიდი ყურადღება არ მიუქცევიათ, მაგრამ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, როდესაც რუსეთმა თავის პარტნიორ ქვეყნებს მოუწოდა საქართველოსათვის იარაღის ემბარგო დაეწესებინათ, პრორუსულად განწყობილმა უკრაინელმა დეპუტატებმა „რადაში“, ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში, საგანგებო საგამოძიებო კომისია შექმნეს, თუმცა უკრაინელ დეპუტატებს პრეტენზია არ ჰქონიათ საქართველოს მიმართ.

„რეგიონების პარტიის“ წევრები ეჭვობდნენ, რომ საზღვარგარეთ გაყიდული უკრაინული საბრძოლო მასალა და იარაღი მყიდველ მხარეს - მათ შორის, საქართველოსაც - გაცილებით დაბალ ფასში მიეწოდებოდა. ეს გარიგება კი ფორმდებოდა ქვეყნის ბრძოლისუნარიანობისა და ეკონომიკური ინტერესების საზიანოდ.

„ იარაღი იყიდებოდა საკმაოდ შემცირებულ ფასად, დიდი რაოდენობით თანხა მიედინებოდა სახელმწიფო ბიუჯეტის გვერდის ავლით და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, ჩვენ კითხვის ნიშნის ქვეშ არ ვაყენებთ საკითხს - ჰქონდა თუ არა უკრაინას მიწოდების უფლება. საქართველოს, როგორც საერთაშორისო სამართლის სუბიექტს, არა აქვს არავითარი შეზღუდვა. უბრალოდ, ჩვენს ქვეყანაში ბოლო ხანებში შეიქმნა საკმაოდ კრიმინალური სისტემა იარაღის ექსპორტში და ყველაზე უფრო მეტად ჩვენ სწორედ ეს ამბავი გვაღელვებს”, - ამბობდა „უმაღლესი რადის“ უკვე ხსენებული საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე, დეპუტატი ვალერი კონოვალიუკი 2008 წლის 29 ოქტომბერს რადიო თავისუფლებასთან საუბარში.

ვალერი კონოვალიუკი, რამდენიმე სხვა დეპუტატთან ერთად, საქართველოშიც ჩავიდა იმის დასადგენად, თუ რა სახის იარაღი მიჰყიდა უკრაინამ საქართველოს და რა თანხები შევიდა მისი ქვეყნის ბიუჯეტში. „ბოლო სამი წლის განმავლობაში 2 მილიარდი დოლარის ღირებულების საბრძოლო იარაღი გაიყიდა. რაც შეეხება საქართველოს, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველოს 300 მილიონზე მეტი ღირებულების იარაღი მიეწოდაო“,- ამბობდა კონოვალიუკი, უკრაინის პარლამენტის საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე, რადიო თავისუფლებასთან საუბარში.

საქართველოს ხელისუფლებისათვის, რომელსაც რუსეთთან ხუთდღიანმა ომმა, საბრძოლო ტექნიკისა და შეიარაღების თვალსაზრისით, საკმაოდ დიდი ზიანი მიაყენა, უკრაინის პარლამენტში ასეთი კომისიის შექმნა ავბედითი სიგნალი იყო. ეს ირიბად ნიშნავდა საქართველოსათვის გზის ჩაკეტვას იარაღის იმ ბაზრისაკენ, საიდანაც საქართველოს სამხედრო ძალები მნიშვნელოვან შევსებას ღებულობდნენ. თუმცა, როგორც სამხედრო ჟურნალ „არსენალის“ მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი ამბობს, საქართველოსთვის სამხედრო ტექნიკის რამდენიმე მიწოდება, ძველი კონტრაქტების თანახმად, 2008 წლის შემდეგ მაინც განხორციელდა:

„რა თქმა უნდა, უკრაინიდან შემოვიდა გარკვეული შეიარაღება 2008 წლის შემდგომაც, რადგან საქართველოზე არანაირი შეზღუდვა არ არსებობს საბრძოლო იარაღის მიწოდებაში.“

მაგრამ წარსულზე მეტად, ალბათ, ყველას მაინც ის აინტერესებს, გაგრძელდება თუ არა სამხედრო ტექნიკური თანამშრომლობა უკრაინასა და საქართველოს შორის მას შემდეგ, რაც საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი გახდა, ლიდერი იმ პარტიისა, რომლის წევრებიც უკვე ორი წელია იკვლევენ უკრაინიდან გაყიდული იარაღის კანონიერებას და ახლა უკვე შეუძლიათ სათანადო მსვლელობაც მისცენ ამ დოსიეს. აი, რა გვიპასუხა „რეგიონების ფრაქციის“ წევრმა „უმაღლეს რადაში“, იური მიროშნიჩენკომ, ამ შეკითხვაზე:

„რაც შეეხება იარაღის მიწოდებას[საქართველოსათვის], მე ვფიქრობ, რომ ეს უკვე წარმოადგენს არა პოლიტიკურ საკითხს, არამედ სამართლებრივს. ჩვენ არ ვისურვებდით, რომ პოლიტიკოსებმა თავიანთი განცხადებებით გავლენა მოახდინონ ამ პროცესზე. უფრო მეტიც, ჩვენ ვხედავთ საქართველოსთან პარტნიორობის დიდ პოტენციალს. ჩვენ ძალიან ბევრი საერთო ინტერესი გვაქვს. და მთავარი გამოწვევა, რომლის წინაშეც ჩვენ ვდგავართ, მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენი ურთიერთობა ახალ სიმაღლეზე ავიყვანოთ, მივცეთ ჩვენს მეწარმეებს თანამშრომლობის, ხალხებს კი - მეგობრობის საშუალება, ხოლო ის დასანანი ფაქტები, რაც პოლიტიკის სფეროში განიხილებოდა, უბრალოდ, სამუშაო რეჟიმში გადავა და შეფასებას მისცემენ როგორც ჩვენი, ისე ქართველი სამართალდამცველები.“

კეთილგანწყობილი, დიპლომატიურად რაფინირებული, მაგრამ საკმაოდ ორაზროვანი პასუხია. თუმცა უკრაინელმა დეპუტატმა შემდგომი დაკონკრეტება აღარ ისურვა. იმ ქვეყანაში ახლა გაცილებით მნიშვნელოვანი შიდაპოლიტიკური საკითხები აქვთ გადასაწყვეტი და გასარკვევი. ერთ-ერთია ახალი კოალიციის შექმნა, რის გამოც „რეგიონების პარტიას“ აუცილებლად დასჭირდება კავშირის შეკვრა ყოფილი პრეზიდენტის, ვიქტორ იუშჩენკოს, ფრაქციასთან. არადა, ვიქტორ იუშჩენკოს წინააღმდეგ მიმართული იარაღის სკანდალის წამოწევა ამ ერთობას არაფერს შემატებს. არაფერს შემატებს ეს არც თავად უკრაინის იმიჯს, უკრაინისა, რომელსაც იარაღის ექსპორტი ყოველწლიურად მილიარდ დოლარამდე მოგებას აძლევს. ასე რომ, თუკი უკრაინული იარაღის საქმე გაიხსნება, ეს არ ნიშნავს, რომ უკრაინა პერსპექტივაში უარს იტყვის საქართველოსთან იარაღით ვაჭრობაზე. „შეიარაღების შესყიდვა ეს ის თემაა, რაზეც ყველა თვალს ხუჭავს, რადგან მთავარი აქ ფულია, რომელიც არასოდეს არის ზედმეტი“, - ვარაუდობს ირაკლი ალადაშვილი, სამხედრო ჟურნალ „არსენალის“ რედაქტორი.
XS
SM
MD
LG