Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„შუხმანის" საფერავმა საუკეთესოს წოდება მიიღო


27 თებერვალს რესტორან „პურის სახლში“ „ღვინის კლუბმა“, კომპანია „ემ ჯგუფის“ ხელშეწყობით, „საფერავების“ დეგუსტაცია მოაწყო. კლუბის გადაწყვეტილებით, სპეციალურმა ჟიურიმ, რომელშიც, „ღვინის კლუბის“ წევრების გარდა მოწვეული პროფესიონალებიც იყვნენ და „ღვინის კლუბის“ მოყვარულმა წევრებმა დააგემოვნეს სარეალიზაციო ქსელიდან შეძენილი ღვინოები, რომელთა ფასი არ აღემატებოდა 19 ლარს.

დეგუსტაციაში 16 კომპანიის „საფერავი“ მონაწილეობდა. დეგუსტაციის პროცესი ანონიმურად მიმდინარეობდა. არც ჟიურიმ და არც მოყვარულებმა არ იცოდნენ, რომელ ღვინოს აგემოვნებდნენ. დანომრილი ნიმუშების იდენტიფიცირება მხოლოდ თექვსმეტივე „საფერავის“ წერილობითი შეფასების შემდეგ მოხდა და გამარჯვებულებიც ამ გზით გამოვლინდა. ვიზუალური შეფასების, სურნელისა და გემოს დახასიათების ჯამით მიღებული შეფასება 20 ქულას არ აღემატებოდა.

„პურის სახლში“ ჩატარებული დეგუსტაცია სხვა დეგუსტაციებისგან იმით განსხვავდებოდა, რომ სპეციალისტებით დაკომპლექტებული ჟიურის აზრი ცალკე დაჯამდა, ხოლო „ღვინის კლუბის“ წევრების, ანუ მოყვარულების აზრი – ცალკე.

ჟიურის მიერ გამოვლენილი საუკეთესო „საფერავები“ ასეთია: 1. „შუხმანის ღვინოები“ – „საფერავი 2008 წ.“; 2. „ხარება“ – „საფერავი 2008 წ.“; 3–4 ადგილები გაიყო „თელავის ღვინის მარანის“ – „საფერავმა“ (მოსავლის წელი ეტიკეტზე მითითებული არ არის. ჩამოსხმულია 2009 წელს) და „ენისელის“ – 2007 წლის „საფერავმა“; 5. „ქინძმარაულის მარანი“ – „საფერავი 2006 წ.“

აღსანიშნავია, რომ „შუხმანის ღვინოების“ 2008 წლის მოსავლის „საფერავი“ მოყვარულების აზრითაც, საუკეთესო ღვინოდ დასახელდა. მათი საუკეთესო ხუთეული ასეთია: 1. შუხმანის ღვინოები“ – „საფერავი 2008 წ.“; „ენისელი“ – „საფერავი 2007“; 3–4 ადგილები მოყვარულთა მიერ შეფასებულ „საფერავებშიც“ განაწილდა ამ შემთხვევაში, „ხარებას“ 2008 წლის „საფერავსა“ და „თელავის ღვინის მარნის“ „საფერავს“ შორის; 5. „ბადაგონი“ – „საფერავი 2007 წ.“.

ნიშანდობლივია, რომ დეგუსტაციაზე წარმოდგენილი 16 ნიმუშიდან ყველაზე ძვირადღირებულმა „საფერავმა“ ყველაზე დაბალი შეფასება მიიღო.

ღვინო „საფერავი“ მზადდება უნიკალური ქართული ვაზის ჯიშის – საფერავის ყურძნისგან და უცხოეთის ბაზრებზე ქართული მეღვინეობის ერთ-ერთ წამყვან საექსპორტო პროდუქტს წარმოადგენს.
XS
SM
MD
LG