Accessibility links

logo-print

ან ყველა ყველაზე, ან – არავინ


ერგნეთის საგუშაგო, წითელი ჯვრის მისია და ცხინვალის ციხეში დაკავებულთა და დაკარგულთა მშობლები

ერგნეთის საგუშაგო, წითელი ჯვრის მისია და ცხინვალის ციხეში დაკავებულთა და დაკარგულთა მშობლები

ოსური მხარე ახალ ულტიმატუმს აყენებს – ცხინვალის ციხიდან საქართველოს არცერთი მოქალაქე არ გათავისუფლდება, ვიდრე ქართული მხარე არ დათანხმდება დაკავებულების გაცვლას პრინციპით – ყველა-ყველაზე.

ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი თომას ჰამარბერგი მხარეებთან შაბათ-კვირას მოლაპარაკებას აწარმოებდა. კვირას იგი ცხინვალში კვლავ დაბრუნდა და ქართველი სამართალდამცავების მიერ გორში დაკავებული რუსეთის მოქალაქე სამი ქალბატონი ოსურ მხარეს გადასცა. როგორც ირკვევა ეს ქალბატონები ავადმყოფი დედის მოსანახულებლად რუსეთიდან საბუთების გარეშე ჩამოვიდნენ. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური ცენტრის ხელმძღვანელმა შოთა უტიაშვილმა აღნიშნა, მიუხედავად დარღვევისა ქართულმა მხარემ მათი დაკავება საჭიროდ არ მიიჩნია და კეთილი ნების ნიშნად ოსურ მხარეს გადასცა, თუმცა ამ ნაბიჯს დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი ბორის ჩოჩიევი კეთილ ნებად არ აფასებს და არც შემხვედრ ნაბიჯზე მიდის. იგი საქართველოში ჩამოსული ორი საერთაშორისო ექსპერტის საქმიანობას უნდობლად უყურებს. მისი აზრით, მათ ყველა დოკუმენტაციაზე არ მიუწვდებათ ხელი.

კვირას, ცხინვალში ჰამარბერგთან შეხვედრისას ჩოჩიევმა აღნიშნა, რომ ოსური მხარე იურისტთა კიდევ ერთი ჯგუფის შექმნას ითხოვს, რომელიც იმუშავებს როგორც ერთ, ისე მეორე მხარეს ყველა დაკავებულის გასათავისუფლებლად.

ცხინვალიდან დაბრუნებულმა ჰამარბერგმა აღნიშნა, რომ მოლაპარაკება ჩიხში შევიდა. ვითარებას ისიც ართულებს, რომ მხარეები პრინციპს ყველა-ყველაზე სხვადასხვაგვარად განიხილავენ. ქართული მხარე მზადაა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დაკავებული დე ფაქტო რესპუბლიკის ყველა მოქალაქე გაათავისუფლოს. ოსური მხარე კი ომამდე დაკავებულების გათავისუფლებას და შვიდი დაკარგულის მოძიებას მოითხოვს.

ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი იმედს არ კარგავს, რომ მოლაპარაკება გაგრძელდება და მის მიერ მოწვეული ექსპერტები დაკარგულების მოძიებაში წარმატებულ ნაბიჯებს გადადგამენ. თავად კი – დაკავებულების გათავისუფლების საკითხით დაკავდება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური ცენტრის ხელმძღვანელმა შოთა უტიაშვილმა გულისტკივილით აღნიშნა, რომ ჰამარბერგის ორდღიანი ვიზიტი წარუმატებელი აღმოჩნდა. რადიო თავისუფლებასთან საუბარში მან განაცხადა, რომ ქართული მხარე მზადაა, ომის შემდგომ დაკავებული ოსი ეროვნების მოქალაქეების გასათავისუფლებლად, თუმცა სერიული მკვლელებისა და ტერორისტების გათავისუფლებას არც განიხილავს.

ცხინვალის ციხეში საქართველოს 12 მოქალაქე იმყოფება. ჰამარბერგის თქმით, რამდენიმე მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა არასახარბიელოა. იგი ერგნეთში დაკავებულთა ნათესავებს შეხვდა და განაცხადა, რომ მათ გასათავისუფლებლად ძალისხმევას არ დაიშურებს.

შაბათს ერგნეთის საგუშაგოზე, გორის სატანკო ბატალიონის დაკარგული ჯარისკაცების მშობლებიც გამოჩნდნენ. ზაზა ბირთველიშვილის, ოთარ სუხიტაშვილისა და გია რომელაშვილის დედებს 2008 წლის 8 აგვისტოს შემდეგ შვილების შესახებ ინფორმაცია აღარ აქვთ. მათ მხოლოდ ის იციან, რომ ტანკი, რომელშიც დაკარგულები იმყოფებოდნენ 406 ნომერი იყო.

ვითარება ჩიხშია, დღეს ვერავინ ამბობს როდის დაიწყება დაკარგულთა მოძიებისა და დაკავებულთა გათავისუფლების პროცესი. ბაქოში ვიზიტის შემდეგ, კვირის ბოლოს, თომას ჰამარბერგი თბილისში ჩამოსვლას და მხარეებთან ამ საკითხების განხილვას კვლავ გეგმავს.
XS
SM
MD
LG