Accessibility links

1 მარტიდან ამოქმედდა ყაზბეგისა და ზემო ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტები საქართველო-რუსეთის საზღვარზე.

საზღვარი თბილისი დროით 7 საათზე, ხოლო მოსკოვის დროით - 6 საათზე გაიხსნა. გამშვებ პუნქტზე მესაზღვრეები და მებაჟეები თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან გადმოიყვანეს. ისინი 3 ცვლაში იმუშავებენ. თითო ცვლაში - 15 მებაჟე და 15 მესაზღვრე. ოფიციალური განცხადების თანახმად, საზღვრით მხოლოდ დსთ-ს მოქალაქეები ისარგებლებენ და მისი გადაკვეთა ქვეითად მოსიარულეთათვის აკრძალული იქნება.

ყაზბეგის გამშვები პუნქტის გავლით განხორციელდება პირების, სატრანსპორტო საშუალებების, ტვირთების, საქონლისა და ცხოველების გატარება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ხოლო ზემო ლარსის გამშვები პუნქტის გავლით - რუსეთის ფედერაციის კანონებისა და წესების შესაბამისად. გამშვები პუნქტები გახსნილი იქნება ყოველდღიურად, 6-დან 22 საათამდე.

ყაზბეგი-ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვები პუნქტი მოსკოვმა 3 წლის წინ დაკეტა. საზღვრის ამ მონაკვეთის გახსნის შეთანხმებას საქართველომ და რუსეთმა შვეიცარიის შუამავლობით და პროცესში სომხეთის მონაწილეობით მიაღწიეს.

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის დესპანმა რობინ ლიდლმა, რომელიც დღეს საზღვართან იმყოფებოდა, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მისი გახსნა საქართველო-რუსეთის ურთიერთობის გასაუმჯობესებლად პირველი ნაბიჯია, ადგილობრივ მოსახლეობას დაეხმარება და სომხეთისთვისაც მნიშვნელოვანია.

საქართველო-რუსეთის საზღვრის ამ მონაკვეთზე გამგზავრებას აპირებს ევროკავშირის დელეგაცია, რომელიც ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მიგელ ანხელ მორატინოსის ხელმძღვანელობით, თბილისში ვიზიტს ამ კვირაში იწყებს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვები პუნქტის გახსნა დადებით პრეცედენტად შეაფასა, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა რაიმე განსაკუთრებულ ეკონომიკურ სარგებლობას არ ელის.

დღევანდელ ბრიფინგზე მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ განაცხადა, რომ საქართველოს ამ გადაწყვეტილებას რუსეთთან რაიმე დათმობა არ მოჰყვება. კალანდაძემ ასევე აღნიშნა, რომ საზღვრის მახლობლად მცხოვრები მოსახლეობის უსაფრთხოება დაცული იქნება. რუსეთთან საზღვრის ზემო ლარსის მონაკვეთის გახსნა საფრთხის შემცველად და საქართველოს ინტერესთა საწინააღმდეგო მოქმედებად შეაფასეს ქრისტიან-დემოკრატიულმა მოძრაობამ, ეროვნულმა ფორუმმა და ლეიბორისტულმა პარტიამ.
XS
SM
MD
LG