Accessibility links

logo-print

კავკასიური ცარცის წრე აფხაზეთისათვის


დე ფაქტო აფხაზეთის პრეზიდენტი სერგეი ბაღაფში ლექციას უკითხავს მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს რუსეთის როლზე აფხაზეთის განვითარებაში XIX - XX საუკუნეებში

დე ფაქტო აფხაზეთის პრეზიდენტი სერგეი ბაღაფში ლექციას უკითხავს მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს რუსეთის როლზე აფხაზეთის განვითარებაში XIX - XX საუკუნეებში

რუსეთი საქართველოსთან მიმართებით მხოლოდ სამხედრო და პოლიტიკური თვალსაზრისით როდი აქტიურობს. ორიოდე კვირის წინ რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ აფხაზეთის სამთავროს მიერთების 200 წლისთავთან დაკავშირებით მიიღო განცხადება, რომელშიც, ქართველი პოლიტიკოსებისა და ისტორიკოსების შეფასებით, უხეშადაა დამახინჯებული ისტორიული ფაქტები. რუსეთის იმპერია გამოყვანილია მხსნელ ძალად, ხოლო საქართველო ბოროტების წყაროდ. თბილისში მიიჩნევენ, რომ ისტორიის გაყალბებით ოფიციალური მოსკოვი საქართველოს ოკუპირებულ ნაწილში გავლენის გაძლიერებას ცდილობს. როგორ უპასუხეს რუს დეპუტატებს თბილისიდან?

რუსეთმა აფხაზეთის სამთავრო 1810 წელს - ძველი სტილით 17 თებერვალს, ხოლო ახალი სტილით პირველ მარტს - მიიერთა. რუსი დეპუტატები ამ მნიშვნელოვან თარიღს 17 თებერვალს გამოეხმაურნენ, ქართველები კი - პირველ მარტს. საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის თავმჯდომარე შოთა მალაშხია ამბობს, რომ რუსეთის სათათბიროს მიერ მიღებული დოკუმენტი, სახელწოდებით „აფხაზეთისა და რუსეთის ერთობის 200 წლისთავისათვის“, თავიდან ბოლომდე სიყალბეზეა აგებული. მალაშხიას უკვირს, რომ ისტორიის უხეში დამახინჯება არ გააპროტესტეს თავად აფხაზებმა:

“არ გააპროტესტეს არც მუჰაჯირობა, არც დემოგრაფიული ექსპანსია... ანუ პროტესტი საერთოდ არ ყოფილა. ეს არ არის მარტო ჩვენი პოზიცია. ევროპული მასშტაბის კრიზისული ცენტრის დასკვნებშიც სწორედ ეს წერია, რომ პროტესტის გრძნობა იქ მცხოვრებ მოსახლეობას პრაქტიკულად მოესპო|, ამბობს შოთა მალაშხია. ის ასევე ფიქრობს, რომ თვითმყოფადობის შესანარჩუნებლად აფხაზებმა არ უნდა დაივიწყონ რუსეთთან ურთიერთობის ისტორია, რომელიც, პროფესორ ჯემალ გამახარიას თქმით, სავსე იყო სისხლისმღვრელი ბრძოლებითა და სხვა სახის ძალადობით:

„რუსეთთან ამ ხელშეკრულების დადება არის დაკავშირებული აფხაზთა უზარმაზარ ტრაგედიასთან. აფხაზების ნახევარზე მეტი იძულებული გახდა თურქეთში გადასახლებულიყო. ადგილზე დარჩენილებს მეფის ხელისუფლებამ დამნაშავე ერი უწოდა და დაუწესა მათ სოციალური და პოლიტიკური ხასიათის შესაბამისი შეზღუდვები.“

ჯემალ გამახარიას თქმით, 1810 წლის 17 თებერვალს გაფორმებული დოკუმენტის საფუძველზე, რომელიც, სხვათა შორის, მხოლოდ ქართულ და რუსულ ენებზეა შედგენილი, რუსეთმა გააუქმა აფხაზეთის სამთავრო და მოახდინა მისი სრული ანექსია, თუმცა ორასი წლის შემდეგ რუსმა პოლიტიკოსებმა ყოველივე ამას ერთობის, ძმობისა და მეგობრობის აქტი უწოდეს. გარდა ამისა, რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს მიერ მიღებული დოკუმენტის მიხედვით, აფხაზი ხალხის უბედურების ერთადერთ მიზეზად საქართველოა დასახელებული, რაც პროფესორ ლორიკ მარშანიას თქმით, არ შეესაბამება სიმართლეს. მისი თქმით, აფხაზებისთვის უბუდურების მომტანი აღმოჩნდა სამხრეთ კავკასიაში რუსეთის შეჭრა:

„1808 წლიდან დაიწყო შემოსევა. დაიპყრეს აფხაზეთი და მოუწყვეს გენოციდი აფხაზ ერს. 20 კილომეტრში ზღვიდან ცხოვრება არ შეეძლოთ. ან მთაში უნდა წასულიყვნენ, ან საერთოდ უნდა გადასახლებულიყვნენ. აქედან დაიწყო ყველაფერი და მას მერე მოდის და მოდის...“

აფხაზეთიდან დევნილი პოლიტიკოსი, ვისი წინაპრებიც აქტიურ წინააღმდეგობას უწევდნენ აფხაზეთის სამთავროს რუსეთის იმპერიაში შესვლას, მიიჩნევს, რომ აფხაზების არსებობას საფრთხეს, ისევე როგორც უკანასკნელი ორასი წლის განმავლობაში, ამჯერადაც რუსეთი უქმნის. ლორიკ მარშანიას თქმით, აფხაზეთი დამოუკიდებელი სახელმწიფო კი არა, რუსეთის მიერ დაპყრობილი ტერიტორიაა:

„დაპყრობილია. არანაირი სახელმწიფოებრიობა აფხაზეთს არ ექნება, ნელ-ნელა გადავშენდებით. სოხუმის ტრაგედიამდე 99 ათასი ვიყავით, ახლა ვართ 45 ათასი და, ისიც, კაცმა არ იცის, ვინ ჩაწერეს აფხაზად. ასე რომ, ნელ-ნელა, როგორც სოჭსა და ადლერში უბიხებს დაემართათ, ასევე გავქრებით ჩვენც. ამას ალბათ, ხუთი წელიც არ უნდა“, - უთხრა ლორიკ მარშანიამ რადიო თავისუფლებას.

თუმცა საქართველოს პარლამენტში იმედოვნებენ, რომ საქმე აქამდე არ მივა. შოთა მალაშხიას თქმით, აფხაზი ხალხი მალე თვითონ გამოიტანს დასკვნას იმასთან დაკავშირებით, რომ საკუთარი იდენტობისა და კულტურის შენარჩუნების ერთადერთი მყარი გარანტია საქართველოსთან ერთად აფხაზეთის ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციაა:

„ნებისმიერ შეხვედრაზე ვეკითხებით აფხაზებს, რა სჭირდებათ თვითმყოფადობის შესანარჩუნებლად. ეს გადაიტანონ ფურცელზე და ჩვენ მათ მოთხოვნებს შევასრულებთ, ოღონდ ეს უნდა ეხებოდეს საქართველოს ფარგლებში მათ განვითარებას.“
XS
SM
MD
LG