Accessibility links

logo-print
უკრაინის პრეზიდენტის რანგში თავისი პირველი საზღვარგარეთული ტურნე ვიქტორ იანუკოვიჩმა ბრიუსელით დაიწყო. უკრაინის ახალ ლიდერს იქ ევროკავშირის მაღალი რანგის უკლებლივ ყველა მოხელე შეხვდა. ბრიუსელში მყოფმა იანუკოვიჩმა კვლავ გაიმეორა, რომ ევროკავშირში ინტეგრაცია უკრაინისთვის ისეთივე პრიორიტეტულია, როგორიც მჭიდრო ურთიერთობა ვაშინგტონსა და მოსკოვთან. ნიშანდობლივია, რომ ბრიუსელის შემდეგ ვიქტორ იანუკოვიჩი ოფიციალური ვიზიტით სწორედ რუსეთში გეგმავს ჩასვლას.

ვიქტორ იანუკოვიჩს ბრიუსელში დიდი პატივითა და ქათინაურებით დახვდნენ. უკრაინის პრეზიდენტს როგორც მეგობარს, ისე მიესალმა ჟოზე მანუე ბაროსუ, ევროკომისიის პრეზიდენტი. მასთან ერთად შეხვედრაში ევროკავშირის უმაღლესი კომისარი საერთაშორისო საკითხებში კეტრინ ეშტონი და ევროპარლამენტის პრეზიდენტი ირჟი ბუზეკიც მონაწილეობდნენ.

„მოხარული ვარ, რომ თავისი ინაუგურაციის შემდეგ, გასულ ხუთშაბას, 25 თებერვალს, იგი პირველი საზღვარგარეთული ვიზიტით ბრიუსელს ესტუმრა. აქ, ბატონო პრეზიდენტო, თქვენ უკრაინის მეგობრებს შორის იმყოფებით, რომლებმაც ივალდებულეს დაეხმარონ თქვენი ქვეყნის სტაბილურობას და აღმავლობას და სრულად ითანამშრომლონ უკრაინასა და უკრაინის მთავრობასთან.“

ევროკავშირის ხელმძღვანელთა ეს სიხარული სრულიადაც არ იყო მოულოდნელი. ბრიუსელში ფიქრობდნენ, რომ ვიქტორ იანუკოვიჩი, რომელმაც პრეზიდენტის არჩევნებში გამარჯვება, მეტწილად, რუსულენოვანი მოსახლეობის ხმების ხარჯზე მოიპოვა, საგარეო პოლიტიკურ კურსს შეცვლიდა.

ბრიუსელში მყოფი ვიქტორ იანუკოვიჩი კი ცდილობდა დაემტკიცებინა ევროკავშირის ხელმძღვანელობისათვის, რომ ევროკავშირში ინტეგრაცია და ურთიერთობა დასავლურ სტრუქტურებთან უკრაინის უმთავრეს პრიორიტეტად რჩება:

„ეს პრიორიტეტები იქნება ევროკავშირში ინტეგრაცია, კეთილმეზობლური და მეგობრული ურთიერთობის აღდგენა რუსეთთან, თანამშრომლობის გაღრმავება შეერთებულ შტატებსა და ჩვენს სტრატეგიულ მოკავშირეებთან, მჭიდრო თანამშრომლობა საერთაშორისო სავალუტო ფონდთან და სხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან.“

იანუკოვიჩს არ უხსენებია ნატო და ბრიუსელში არც ნატოს ხელმძღვანელობას შეხვედრია. უკრაინის ახალი პრეზიდენტის დამოკიდებულება ნატოს მიმართ ცნობილია: უკრაინა ალიანსის ყველა პროგრამაში რჩება, მაგრამ ნატოში ინტეგრაცია აღარ იქნება უკრაინის პრიორიტეტი. იანუკოვიჩის ფორმულა - ევროკავშირიც და რუსეთიც- სრულიად მისაღები აღმოჩნდა ევროპის ბლოკის ხელმძღვანელობისათვის, კერძოდ, ჟოზე მანუე ბაროსუსათვის, რომელმაც თავის სიტყვაში განაცხადა, ეს ორი ვექტორი ერთმანეთს ხელს არ უშლისო:

„ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ ურთიერთობის გაღრმავება ევროკავშირთან ზიანს აყენებდეს რუსეთთან თანამშრომლობას, ანდა - პირუკუ. პირიქით, ჩვენ ვფიქრობთ, რომ მნიშვნელოვანია გაფართოვდეს ევროპის მთელი ბაზარი. ჩვენ ასევე ვცდილობთ განვავითაროთ ურთიერთობა რუსეთთან. ასე რომ, ვფიქრობ, ამ მხრივ უკრაინაში დიდი პოტენციალია.“

მაგრამ რაც შეეხება უკრაინის გაწევრიანებას ევროკავშირში, ეს შორეული მომავლის საკითხია და ამას ევროპის ქვეყნები სკეპტიკურად უყურებენ. პერსპექტივაში განიხილება უკრაინისათვის თავისუფალი ვაჭრობისა და შემსუბუქებული სავიზო რეჟიმის შეთავაზება. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხია უკრაინის გაზის შავი ბაზრის რეფორმირება, რადგან რუსეთის გაზის 8 პროცენტს ევროპის ქვეყნები სწორედ უკრაინის გავლით ღებულობდნენ. ყველა ამ საკითხთან დაკავშირებით უკრაინის პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა ბრიუსელში განაცხადა, რომ მას სჭირდება ერთგვარი „საგზაო რუკა“, რომელშიც გაწერილი იქნება წლის ბოლომდე გასაკეთებელი სამუშაოები. როგორც ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი, უკრაინა კვლავ ელოდება ევროპისგან მილიარდი ევროს დახმარებას.
XS
SM
MD
LG