Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კარაჯიჩი სამხედრო ტრიბუნალზე სიტყვით გამოვიდა


ბოსნიელ სერბთა ყოფილმა ლიდერმა რადოვან კარაჯიჩმა, რომელსაც ომის დანაშაულების ჩადენასა და გენოციდის მოწყობაში ედება ბრალი, გაეროს სამხედრო ტრიბუნალზე დაცვის სტრატეგია წარმოადგინა. მისი თქმით, ბოსნიელი სერბები „სამართლიანი და წმინდა“ მიზნისთვის იბრძოდნენ.

რადოვან კარაჯიჩმა გაეროს სამხედრო ტრიბუნალს მოახსენა, რომ ადრეულ 1990-იან წლებში ბოსნიელი სერბები თავს იცავდნენ ისლამისტი ფუნდამენტალისტებისგან, რომლებსაც იუგოსლავიის დაშლის დროს ბოსნიის მისაკუთრება სურდათ.

ბოსნიელ სერბთა ყოფილი ლიდერი, რომელსაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპაში მომხდარი ყველაზე მასობრივი მკვლელობის ორგანიზებაში ედება ბრალი, ამ განცხადებით ჰააგაში, თავის სასამართლო პროცესზე გამოვიდა.

მისი თქმით, ბოსნიაში ძალადობის პირველი მსხვერპლი სერბები იყვნენ, რომლებსაც მუსულმანები ხოცავდნენ. სერბების ქმედებები კი, კარაჯიჩის თანახმად, სწორედ ამ აგრესიაზე იყო პასუხი.

მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლო რადოვან კარაჯიჩს 1992-1995 წლების ბოსნიის ომთან მიმართებით კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ და ომის დანაშაულებში - მათ შორის ორ გენოციდში - 11 მუხლით სდებს ბრალს. ბრალდებები მოიცავს 1992-1995 წლების სარაევოს ალყას და 1995 წელს სრებრენიცის მუსულმანურ ანკლავში, რომელსაც მაშინ გაერო იცავდა, დაახლოებით 8,000 შეუიარაღებელი მამაკაცისა და ბიჭის დახოცვას. პროკურორების განცხადებით, კარაჯიჩი ხელმძღვანელობდა კამპანიას აღმოსავლეთ ბოსნიაში მუსულმანებისა და ხორვატების სათვისტომოების გასანადგურებლად და ეთნიკურად სუფთა სერბული სახელმწიფოს შესაქმნელად.

ბრალდებების დამტკიცების შემთხვევაში, განსასჯელს სამუდამო პატიმრობა ემუქრება. თავად კარაჯიჩი ყველა ბრალდებას უარყოფს.

ორშაბათს განსასჯელმა სასამართლოს განუცხადა, რომ მისი თავდაცვის სტრატეგია აჩვენებს, როგორ ავიწროებდნენ ბოსნიელ სერბებს მუსულმანები 500 წლის განმავლობაში:

„მე დავიცავ ჩემს ერს და მის მიზნებს, რომლებიც სამართლიანი და წმინდა იყო, და ამ გზით საკუთარი თავის დაცვასაც შევძლებ. ჩემს ერსაც დავიცავ, იმიტომ რომ ჩვენ მყარ საფუძველზე ვდგავართო“, - განაცხადა განსასჯელმა.

კარაჯიჩმა ასევე თქვა, რომ 1990-იანი წლების ბალკანეთის ომები სერბების ან ბოსნიელი სერბების ქმედებებით არ ყოფილა გამოწვეული და რომ ამის მიზეზი ხორვატი და მუსულმანი ბოსნიელების ლიდერების მხრიდან დამოუკიდებლობისკენ გადადგმული ნაბიჯები იყო.

4 თვის წინ კარაჯიჩმა, რომელიც თავის თავს თვითონვე იცავს, სასამართლოს ბოიკოტი გამოუცხადა და მისი პროცესი დროებით შეჩერდა. მოსამართლეებმა კარაჯიჩის ინტერესების დაცვა ვეტერან ბრიტანელ ადვოკატს, რიჩარდ ჰარვის დაავალეს, მაგრამ კარაჯიჩმა მასთან თანამშრომლობაზე უარი განაცხადა და სასამართლოს გადადება ივნისამდე მოითხოვა. ტრიბუნალმა ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და პროცესი დაიწყო.

ბრალდების მხარე პირველ მოწმეს ოთხშაბათს წარადგენს.

ორი ეჭვმიტანილი - კარაჯიჩის ყოფილი გენერალი, რატკო მლადიჩი, და ხორვატ სერბთა ლიდერი, გორან ჰაჯიჩი - მართლმსაჯულებას ჯერ კიდევ ემალება. მათი დაკავების შემთხვევაში, ისინიც ჰააგის სასამართლოს წინაშე წარდგებიან.
XS
SM
MD
LG