Accessibility links

logo-print

რას მოუტანს საქართველოს ლარსის საკონტროლო-გამშვები პუნქტის გახსნა?


სამწელიწადნახევრიანი პაუზის შემდეგ, ყაზბეგი-ზემო ლარსის სასაზღვრო გამშვები პუნქტი 1 მარტს, დილის 6 საათზე, გაიხსნა. მის გახსნას კი ოპოზიციის მხრიდან აქტიური პროტესტი და იმ საფრთხეებზე საუბარი მოჰყვა, რომლებზეც ადგილობრივი მოსახლეობაც ლაპარაკობს. ანტისახელმწიფოებრივი და ანტიეროვნული ნაბიჯი, ტერიტორიების მცოცავი ოკუპაციის დასაწყისი, ქვეყნის მიმართ ჩადენილი მორიგი ღალატი - ასე აფასებდნენ სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გახსნას სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების ლიდერები. ხელისუფლება კი ამტკიცებს, რომ არანაირი საფრთხისა და პროვოკაციების საშიშროების წინაშე ქართული მხარე არ დგას.


  • მშვიდობა იყოს და სულ არ გადავალთ იქით, მთავარია მშვიდობა იყოს.
  • მე მეშინია, ამ სიტუაციის მეშინია, ოსების მეშინია. კარგად გამიგეთ, მაგრამ პირადად მე მეშინია.
  • შიშის გრძნობა გვაქვს აქაურებს, პანიკაშია ხალხი, მაგრამ პირადად მე თუ მეკითხებით, მშვიდობა მინდა იყოს, ბევრი ნათესავი გვყავს იქით და მინდა, რომ მშვიდობიანად გადავიდეთ და გადმოვიდეთ...

ასეთი განწყობით ხვდებიან სტეფანწმინდელი ქალები ყაზბეგი-ზემო ლარსის სასაზღვრო გამშვები პუნქტის ამოქმედებას, პუნქტისა, რომელიც გაზაფხულის პირველ დღესთან ერთად გაიხსნა. თუმცა რამდენად იქნება ადგილობრივებისათვის ახლად გახსნილი საზღვარი გაზაფხულივით ნანატრი და იმედისმომცემი, ამის შესახებ ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები, ისევე როგორც ექსპერტები, არც ისე ცოტა ხანია, რაც კამათობენ. სულ რამდენიმე საათის გახსნილი იყო სასაზღვრო პუნქტი, რომ მოძრაობა „ქრისტიან-დემოკრატების, ”ეროვნული ფორუმისა” და ლეიბორისტული პარტიის ლიდერებმა ამ ფაქტს სპეციალური ბრიფინგები მიუძღვნეს და სასაზღვრო-გამშვები პუნქტის ამოქმედებას ქვეყნის სახელმწიფოებრივი ინტერესების წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი უწოდეს.

ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა ლალიაშვილი, მედიასთან საუბრისას კიდევ ერთხელ აყენებს ზემო ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის ამოქმედებასთან დაკავშირებით უსაფრთხოების დამატებითი გარანტიების უზრუნველყოფის საკითხს. მისი თქმით, ყაზბეგის მოსახლეობა საფუძვლიანად არის შეშფოთებული, რადგან ჩრდილოეთ ოსეთში, რუსეთის სპეცსამსახურების დაფინანსებით, ოთხი ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაცია მოქმედებს, რომლებიც ფსევდოისტორიულ ნარკვევებს ავრცელებენ, თითქოს ყაზბეგის რაიონი დედა-ალანიის განუყოფელი ნაწილი იყოს:

”საქართველოს ხელისუფლებამ ვერ შეძლო ადგილობრივი მოსახლეობისათვის შეექმნა დამატებითი უსაფრთხოების ზომები, საქართველოს ხელისუფლებამ მოატყუა მოხევეები, როდესაც მათ დაჰპირდა, რომ საზღვარი მხოლოდ ტვირთის გადასატანად გაიხსნებოდა. საქართველო არ უნდა გამოჩნდეს რეგიონში როგორც კონფროტატორი ქვეყანა. სხვა მეგობარ სახელმწიფოებს არ უნდა შეექმნათ პრობლემები, მაგრამ ჩვენ ვფიქრობთ, რომ არც ერთი ქვეყანა არ სცემს საქართველოს, როგორც სახელმწიფოს, პატივს, თუ ის საკუთარი მოქალაქეების უსაფრთხოებას კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს”, - განაცხადა ლალიაშვილმა.

თანხმობა ყაზბეგი-ზემო ლარსის სასაზღვრო გამშვები პუნქტის გახსნის შესახებ თავის დროზე ქართულმა მხარემ სომხეთის სასიცოცხლო ინტერესების გათვალისწინებით ახსნა. ამ ფაქტს რადიო თავისუფლებასთან საუბარში, გარკვეულწილად, ეთანხმება ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე, თუმცა იქვე ამბობს, რომ აღნიშნულ ნაბიჯს საქართველოს ხელისუფლება რუსეთის ინტერესების გათვალისწინების გარეშე არ გადადგამდა:

”ეს ნაბიჯი სომხეთის საკეთილდღეოდაც გადაიდგა, რადგან მალფუჭებადი პროდუქტის მატარებლით გადატანას აზრი არ აქვს. იმასაც კი ამბობდნენ სომხები, დილით გარგარს დავკრეფთ და საღამოთი სტავროპოლში იქნებაო. მაგრამ მთავარი ეს არ არის. ამას საქართველო არ გააკეთებდა, რუსეთის ინტერესების დაცვის გარეშე. ეს არის, გარკვეულწილად, დიპლომატიური, კულუარული დემარში .”

მისივე თქმით, საქართველო ყაზბეგი-ზემო ლარსის სასაზღვრო გამშვები პუნქტის ამოქმედებას მომზადებული უნდა შეხვედროდა, რაც თავისთავად მინიმუმამდე დაიყვანდა მოსალოდნელ საფრთხეებს, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს ასე არ მოხდა.

გარდა მოსალოდნელი პროვოკაციისა, რომელიც, შესაძლებელია, ყაზბეგის ოკუპაციის მიზეზი გახდეს, ”ეროვნული ფორუმის” ლიდერი გუბაზ სანიკიძე მედიასთან საუბრისას კიდევ ერთ საკითხზე ამახვილებს ყურადღებას, კონკრეტულად კი იმ სომხურ ტვირთზე, რომელმაც საქართველოს გავლით უნდა გადაკვეთოს საზღვარი:

”სატრანზიტო ტვირთის გახსნის უფლება ტრანზიტის გამტარებელ ქვეყანას არ აქვს და თუ გავითვალისწინებთ საქართველოს საერთაშორისო მდგომარეობას, რომ ქართული სახელმწიფო, ფაქტობრივად, არ არსებობს, რამდენად მიზანშეწონილია საქართველოს ტერიტორიაზე გაიაროს ამ ტვირთებმა ისე, რომ საქართველომ მისი შემცველობის შესახებ არაფერი იცოდეს? მით უმეტეს, სომხეთის ტერიტორიაზე არის დიდი სამხედრო ბაზა”, - აცხადებს სანიკიძე.

ჩვენმა მებაჟეებმა უნდა მოახერხონ კიტრის,პომიდვრისა და ტროტილის განსხვავება, აცხადებს ”ქართული დასის” ლიდერი ჯონდი ბაღათურია და ლარსის სასაზღვრო პუნქტის გახსნას გონივრულ ნაბიჯად აფასებს. მისივე თქმით, ეს გადაწყვეტილება ყაზბეგის რაიონის გაძლიერებას შეუწყობს ხელს. ამიტომ მისთვის აბსოლუტურად გაუგებარია საფრთხეების შესახებ საუბარი.

აბსოლუტურად გაუგებარი საფრთხეების არარსებობაზე ისაუბრა 1 მარტს საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ. ის აღნიშნავს, რომ კონტროლი საზღვარზე იქნება გამკაცრებული და ყოველგვარი პროვოკაციები, ამ მხრივ, გამორიცხული იქნება.

პირველ მარტ,ს დილით, ყაზბეგი-ზემო ლარსის საბაჟო-გამშვებ პუნქტთან ევროკავშირის წარმომადგენლები ჩავიდნენ. პუნქტის გახსნას საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობის გაუმჯობესების პირველი ნაბიჯი უწოდა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის საგანგებო და სრულუფლებიანმა დესპანმა, რობინ ლიდელმა.

ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის ამოქმედებასთან დაკავშირებით დეტალურ ინფორმაციას ქართველი დეპუტატები საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებისგან მიიღებენ. სპეციალური კომიტეტის სხდომის ინიციატივით, პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ დეპუტატებს მას შემდეგ მიმართა, რაც "ქრისტიან-დემოკრატებმა" ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გახსნა ბიუროზეც გააპროტესტეს.
XS
SM
MD
LG