Accessibility links

logo-print

ზუგდიდში ლტოლვილებს კვლავაც მძიმე პირობებში უწევთ ცხოვრება


ზუგდიდის მუნიციპალიტეტში არსებული 45 კომპაქტური კორპუსიდან, რომელშიც აფხაზეთიდან დევნილები 17 წელია ცხოვრობენ, 32-ის სარეაბილიტაციო სამუშაოები უკვე დასრულებულია. მართალია, კორპუსების ფასადები შეიღება და გალამაზდა, მაგრამ, როგორც დევნილები ამბობენ, ოთახები საცხოვრებლად თითქმის გამოუსადეგარია. მათი თქმით, ჭერიდან და კედლებიდან გამოჟონილმა წვიმის წყალმა და მეზობელ კორპუსებში რემონტის მიმდინარეობამ გარემონტებულ ოთახებში ბზარები გააჩინა. უფრო მეტიც, დევნილები დიდი ხანია კორპუსებში წყლისა და კანალიზაციის პრობლემის მოგვარებას და ოჯახისთვის კუთვნილი ფართობის გამოყოფას ითხოვენ. ერთ-ერთი ასეთი კომპაქტური დასახლება სოფელ ინგირის მეურნეობის უბანშია. იქ აფხაზეთიდან დევნილი 40 ოჯახი ცხოვრობს.

ასეთ პირობებში ცხოვრობენ სოფელ რუხის ყოფილი უნივერმაღის კორპუსში ჩასახლებული გალელები, სოხუმელები და ოჩამჩირელები. ”ჩვენ საკმარისი ფართის გამოყოფას ვითხოვთ. საშინელი პირობები გვაქვს, არ არის წყალი, საძირკველში ფეკალური მასებია ჩასული და ორ მეტროზეა დაგუბებული. გვპირდებიან და გამკეთებელი არავინაა”, ამბობენ დევნილები.

დევნილთა კომპაქტურ დასახლებებში მიმდინარე და ზოგან უკვე დასრულებული რემონტი არაერთხელ დაათვალიერეს როგორც ქვეყნის პრეზიდენტმა, ისე ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა სამეგრელოში ვიზიტისას. თუმცა, როგორც დევნილები ამბობენ, არავის უთქვამს მათთვის, როდის მოუგვარებენ წყლისა და კანალიზაციის პრობლემას. გასული კვირის ბოლოს, ზუგდიდში სტუმრობისას, მინისტრის მოადგილემ ვალერი კოპალეიშვილმა სწორედ ის კომპაქტური დასახლებები მოინახულა, რომელზეც რეპორტაჟის დასაწყისში მოგიყევით. მან ოთახებში ბზარების გაჩენა და საღებავის ჩამოშლა, ნაწილობრივ, დევნილებს, მეტწილად კი, კლიმატს დააბრალა. ”დასავლეთის კლიმატს თუ გავითვალისწინებთ, აქ მეტი ნესტია, ვიდრე სხვა რეგიონში. ამიტომ აქ უფრო ადრე ფუჭდება ყველაფერი, ვიდრე სხვაგან. თან, მოვლა სჭირდება ყველაფერს. თუ არ მოუარე და არ იცხოვრე, ისედაც გაფუჭდება ყველაფერი”, ამბობს კოპალეიშვილი.

ამასთან, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის მოადგილე დევნილებს დაჰპირდა, რომ წყლისა და კანალიზაციის პრობლემას ახლო ხანებში მოუგვარებს. თავის მხრივ, დევნილებს დაპირებების უკვე არ სჯერათ.
XS
SM
MD
LG