Accessibility links

logo-print

”დარიალი” ყაზბეგსა და თრუსოს ოსურ მიწებად თვლის


ყაზბეგის რაიონი

ყაზბეგის რაიონი

გუშინ ზემო ლარსის სასაზღვრო გამშვები პუნქტის გახსნას ოპოზიციის ნაწილის მხრიდან აქტიური პროტესტი მოჰყვა, ზოგიერთმა ლიდერმა ამ ფაქტს ანტისახელმწიფოებრივი და ანტიეროვნული ნაბიჯი, ტერიტორიების მცოცავი ოკუპაციის დასაწყისი და ქვეყნის წინაშე ჩადენილი მორიგი ღალატი უწოდა. ამას დაემატა გაზეთ “კვირის პალიტრაში” ვლადიკავკაზიდან გამოგზავნილი ანონიმი ავტორის წერილის გამოქვეყნება, რომელიც იმ საფრთხეზე საუბრობდა, რომელსაც ვლადიკავკაზში მოქმედი ორგანიზაცია „დარიალი“ საქართველოს უმზადებს. წერილის ავტორის თქმით, ორგანიზაციისა და რუსული სპეცსამსახურების მიერ მზადდება პროვოკაცია ყაზბეგის რაიონისა და მთლიანად თრუსოს ხეობის ოკუპაციისთვის.

რადიო თავისუფლება ორგანიზაცია ”დარიალის” საქმიანობით დაინტერესდა. ორგანიზაცია ვლადიკავკაზში, გასული წლის გაზაფხულში, დარეგისტრირდა და იმ ადამიანების შეკრება დაიწყო, რომლებიც 90-იანი წლების კონფლიქტისა და შემდგომ პერიოდში ყაზბეგის რაიონიდან ვლადიკავკაზში გადავიდნენ. ორგანიზაციის ხელმძღვანელია გაირბეკ სალბიევი. რადიო თავისუფლებას წყარომ ვლადიკავკაზიდან სალბიევის გამოსვლის ჩანაწერი მიაწოდა, სადაც იგი ყაზბეგის რაიონს კობის ჩათვლით და მთელ თრუსოს ხეობას ოსურ მიწებს უწოდებს და საქართველოს მიერ ოკუპირებულ ტერიტორიად მიიჩნევს.

ამ ჩანაწერიდან ისიც ცხადი ხდება, რომ გასულ წელს დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა ედუარდ კოკოითიმ ახალი ტერიტორიული პრეტენზია სწორედ ”დარიალის” ხელმძღვანელობასთან კონსულტაციის შემდეგ წამოაყენა, მანამდე კი ეს საკითხი კოკოითიმ რუსეთის პრეზიდენტთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან შეათანხმა.

ლარსის სასაზღვრო გამშვები პუნქტის გარშემო დაწყებულ ხმაურს დღეს პრეზიდენტის პრესსპიკერის მანანა მანჯგალაძის განცხადება მოჰყვა. მისი თქმით, ლარსის გახსნა ნიშნავს, რომ რუსეთიც ხსნის საზღვარს, ანუ რუსეთი საქართველოს ტერიტორიის სულ მცირე ერთ მონაკვეთზე ცნობს საქართველოს საზღვარს. რაც შეეხება რეგიონის უსაფრთხოებას, მანჯგალაძის განცხადებით, ჩაკეტილი საზღვარი გაცილებით მეტ საფრთხეს წარმოადგენს, ვიდრე - გახსნილი, ლეგალური და დაცული საზღვარი. პრესსპიკერის თქმით, ყველა ეს განცხადება არის ფსიქოლოგიური სახის. ეს არის ფსიქოლოგიური ბრძოლა, რომელიც, პირველ რიგში, მოქმედებს მოსახლეობაზე. მოქმედებს ინვესტორებზე და ქვეყნის განვითარებაზე.

ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე მანჯგალაძის განცხადებას საზოგადოებისთვის დამამშვიდებელს უწოდებს და ხელისუფლებას მეტი სიფრთხილისკენ მოუწოდებს. მისი აზრით, ყაზბეგის რაიონში მოსალოდნელი საფრთხე რეალურია.

როგორც რადიო თავისუფლებას ვლადიკავკაზელი წყარო ატყობინებს, ამჟამად ორგანიზაცია ”დარიალი” აქტიურ ქმედებებზეა გადასული და ორგანიზაციის რიგებში ყოველდღე უამრავ ადამიანს აწევრიანებენ. ამ ადამიანებს კი ჰპირდებიან, რომ დააბრუნებენ ყაზბეგის რაიონში, რომელიც სულ მალე დამოუკიდებელი სამხრეთ ოსეთის შემადგენლობაში იქნება.
XS
SM
MD
LG