Accessibility links

logo-print
საბჭოთა კავშირში რამდენიმე ოფიციალური დღესასწაული არსებობდა: საბჭოთა არმიის დღე, ქალთა დღე 8 მარტი, პირველი მაისი, შვიდი ნოემბერი, კონსტიტუციის დღე და ახალი წელი (მღებავის და მეეზოვის დღე სათვალავში არ ითვლება). იმხანად შესანიშნავი მსახიობი არკადი რაიკინი გენიალურად ასახიერებდა შინამოსამსახურეს, რომელსაც სახლის კეთილი პატრონები ასაჩუქრებენ ოქტომბრის რევოლუციის, საბჭოთა კონსტიტუციის, ნათლისღების და აღდგომის დღესასწაულებთან დაკავშირებით.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ახლადწარმოშობილი სახელმწიფოების ხელმძღვანელები დიდხანს იყვნენ დაბნეულ მდგომარეობაში, არ იცოდნენ როგორ მოქცეულიყვნენ ახალი სადღესასწაულო დღეების დაარსების საკითხში: ერთის მხრივ, ვთქვათ, პირველი მაისი მშრომელთა სოლიდარობის დღეა, მეორე მხრივ კი, ნამდვილი გაზაფხულის დადგომის დღესასწაულია, რვა მარტი - ქალთა საერთაშორისო დღეა, მაგრამ ამავდროულად თარიღი, რომელიც როზა ლუქსემბურგის სახელთან და ჩიკაგოელი მეძავების გაფიცვასთან არის დაკავშირებული, ოცდასამი თებერვალი საბჭოთა არმიის დღეა, მაგრამ ბოლშევისტურ იმპერიაში ის აგრეთვე მამაკაცთა დღედ აღიქმებოდა. გარდა ამისა, მოსახლეობის გარკვეული ნაწილი ძველ იდეალებს არ ღალატობდა და ყოფილი საბჭოთა იმპერიის ზოგიერთი მოქალაქე ლენინის, ზოგი კი სტალინის მომხრედ რჩებოდა.

ბოლოს და ბოლოს, ფაქტობრივად ყველა პოსტკომუნისტურმა ქვეყანამ მიიღო ”ბრძნული” გადაწყვეტილება: ახალი სახელწოდებით შეინარჩუნა რამდენიმე ძველი დღესასწაული და დემოკრატიის სიმბოლოების სახით ახალი დაუმატა. სხვათა შორის, ასეთნაირადვე მოიქცა თავის დროზე ქრისტიანული ეკლესიაც - ძველ წარმართულ დღესასწაულებს ახალი ქრისიტიანული მიუსადაგა. ამით განსაკუთრებით გამოირჩეოდნენ სლავები, რის შესანიშნავ მაგალითს დღეს ე.წ. ”ივან კუპალას” დღესასწაული წარმოადგენს.

საქართველო მართლმადიდებლური ქვეყანაა და ჩვენში ყველა ქრისტიანული დღესასწაული აყვანილია სახელმწიფო დღესასწაულის რანგში. არადა, არ დაგვავიწყდეს, რომ ქართული სახელმწიფო საერო და მრავალეროვანია, მასში საკმაოდ ფართოდ არის წარმოდგენილი სხვა რელიგიური კონფესიებიც. შექმნილი მდგომარეობა გარკვეულ უხერხულობას უქმნის ამ კონფესიების მიმდევრებს: ვთქვათ, ყურბან-ბაირამი ან პასექი ხომ სამუშაო დღეებია. პარადოქსული სიტუაცია შეიქმნა 8 მარტის ირგვლივაც - ქალთა საერთაშორისო დღეს დაემატა ”დედის დღე”, თანაც თარიღებს შორის სხვაობა სულ ხუთ დღეს შეადგენს, ხოლო ორივე დღესასწაულის ესთეტიკა კი სრულიად იდენტურია. თუმცა რა გასაკვირია, - პოლიტიკური კონიუქტურის გამო, ქვეყანა ფაქტობრივად წელიწადში ორჯერ(!) ზეიმობს დამოუკიდებლობის დღეს...

გულდასაწყვეტია, რომ ჩვენ ვბაძავთ რუსეთის, რბილად რომ ვთქვათ, ცუდ მაგალითს. მართლაც, რუსეთში საბჭოური 7 ნოემბრის ნაცვლად ზეიმობენ ე.წ. ”სახალხო ერთობის დღეს”, რომელიც პოლონელ-ლიტველი დამპყრობლებისგან 1612 (!) წელს მოსკოვის განთავისუფლებას ეძღვნება. ამასთან დაკავშირებით უნებლიედ იბადება კითხვა: ეგებ იაპონელებსაც ეზეიმათ ცუსიმას სრუტეში, ფინელებს კი საბჭოეთთან ომში რუსეთზე გამარჯვება?! რუსეთში დღესაც ჟღერს საბჭოთა კავშირის ჰიმნი შეცვლილი ტექსტით. და კიდევ: ქედს ვიხრი გერმანელებთან სამამულო ომის ვეტერანების წინაშე, მათი გმირობა სამუდამოდ დარჩება ისტორიაში, მაგრამ ალბათ სრულიად ზედმეტია გამარჯვებიდან 65 წლის შემდეგ მოსკოვში 9 მაისს სამხედრო აღლუმის ჩატარება. მსოფლიო დაიღალა იარაღის ჟღარუნისგან.

P.S. პირადად მე ძალიან მიყვარს 8 მარტი - ეს ხომ ჩემი დაბადების დღეა. ყოველთვის ვარწმუნებდი ნაცნობ-უცნობებს იმაში, რომ ქალებისთვის საჩუქრად დავიბადე. არავის სჯერა...

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG