Accessibility links

საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშის დროს რეგიონალური ტელევიზიების საგადასახადო ამნისტიის შესახებ გააკეთა განცხადება. ზუგდიდის სივრცეში ორი ტელეკომპანია არსებობს - ტელერადიოკომპანია ”ოდიში” და ტელეკომპანია ”სამეგრელო”, თუმცა ეთერში ამჟამად მხოლოდ ”ოდიში” გადის. მისი გენერალური დირექტორი დავით გრიგოლია რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, რომ ”ოდიშს” არანაირი დავალიანება არ აქვს. მიუხედავად ამისა, პრეზიდენტის ინიციატივა რეგიონალური ტელევიზიების საგადასახადო ამნისტიის შესახებ კარგ გადაწყვეტილებად მიაჩნია. ”ფინანსური დავალიანება რეგიონალური ტელევიზიებიდან ჰქონდა ბათუმს, ქუთაისს და ოზურგეთს. ჩვენ არანაირი დავალიანება არ გვქონია”, - ამბობს გრიგოლია.

რაც შეეხება ტელეკომპანია ”სამეგრელოს”, ის ტექნიკური პრობლემების გამო 2008 წლიდან არ მაუწყებლობს. როგორც ”სამეგრელოს” დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე, ჟურნალისტი დარეჯან კვარაცხელია გვიხსნის, ტელეკომპანიის 64%-ის მეწილე არის სახელმწიფო, ხოლო 36% მან სამი წლის წინ მიჰყიდა კერძო კომპანიას, რომლის ვინაობას არ აკონკრეტებს. ” ‘სამეგრელოს’ დავალიანება 18 ათას ლარს აღემატება და ძალიან კარგია, თუ ჩამოიწერება. ძალიან უჭირს ამ ტელეკომპანიას და ახლა ვამზადებ საპრივატიზაციოდ დოკუმენტებს, რის შემდეგაც მის გაყიდვას მფლობელი გადაწყვეტს”, - ამბობს ჟურნალისტი.

ცნობისთვის: ტელერადიოკომპანია ”ოდიშის” მფლობელი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის დედა, ემა გრიგოლიაა, ხოლო გენერალური დირექტორი - მისი ძმისშვილი, დავით გრიგოლია. რაც შეეხება ტელეკომპანია ”სამეგრელოს”, როგორც დარეჯან კვარაცხელიამ აღნიშნა, საკონტროლო პაკეტის მფლობელი სახელმწიფოა.
XS
SM
MD
LG