Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის გაცრუებული ოლიმპიური იმედები


ზამთრის ოლიმპიური თამაშების დახურვის ცერემონია
ზამთრის ოლიმპიური თამაშების დახურვის ცერემონია
ვანკუვერის ოლიმპიური თამაშები დასრულდა - რუსეთში კი კვლავაც მეტად აქტუალურ თემად რჩება. ზამთრის თამაშებში ამ ქვეყნის ყველაზე სუსტი შედეგის შემდეგ რიგითი რუსები გაოცებას და იმედგაცრუებას გამოთქვამენ, ხოლო სახელმწიფოს ლიდერი ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელთა გადადგომას მოითხოვს.

ისინი ვეღარ მეფობენ ფიგურულ სრიალში. ჰოკეისტების საამაყო გუნდი, რომელსაც ოლიმპიურ ოქროს უწინასწარმეტყველებდნენ, საპრიზო ადგილზეც კი ვერ გავიდა. რუსეთის წარმომადგენელი ოლიმპიელები ვანკუვერიდან სამშობლოში სამად სამი ოქროს მედლით დაბრუნდნენ! და ეს ყველაფერი ხდება სულ ოთხი წლით ადრე სოჭში ოლიმპიური ტურნირის მასპინძლობამდე.

გამოსავალი პრეზიდენტ დმიტრი მედვედევს ესახება ცვლილებაში, რომელიც ათლეტების მომზადების პროცესში, მეთოდებში უნდა მოხდეს და კიდევ - საკადრო ცვლილებებში... „ის, ვისაც პასუხისმგებლობა ეკისრება ოლიმპიადისთვის მომზადებაზე, ეს პასუხისმგებლობა უნდა იკისროს კიდეც“ განაცხადა მედვედევმა ორშაბათს და გამოთქვა აზრი, რომ „პასუხისმგებელმა პირებმა ... უნდა მიიღონ ვაჟკაცური გადაწყვეტილება და შესაბამისი განცხადებები დაწერონ. და თუ მათ ასეთ მზადყოფნას ვერ შევამჩნევთ, ჩვენ დავეხმარებით ამის გაკეთებაში“. მედვედევს არავის ვინაობა არ დაუსახელებია.

აი, როგორი იყო რუსეთის სპორტის მინისტრის, ვიტალი მუტკოს რეაქცია, რომლის გამოხატვაც სამშაბათს მოუწია მოსკოვის აეროპორტში, ვანუვერიდან ახალ ჩასულს: „თუ ეს განცხადება მე მეხება ... მინდა კიდევ კიდევ ერთხელ ვთქვა, რომ სავსებით წყნარად წავალ. მაგრამ ამით სპორტი მოიგებს თუ არა, არ ვიცი. ჩემი აზრით, გავაკეთეთ ყველაფერი, რაც შესაძლებელი იყო.“

უნდა ითქვას, რომ ვანკუვერის ოლიმპიური ტურნირის დროს არაერთხელ გაისმა მისი, ისევე როგორც რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარე ლეონიდ ტიაგაჩოვის გადადგომის მოთხოვნა, თუ გუნდის შედეგები არ გაუმჯობესდებოდა.

გუნდის შედეგები არ გაუმჯობესებულა. რუს ათლეტებს 15 მედალი ერგოთ, რამაც გუნდი რეიტინგში მეექვსე ადგილზე გაიყვანა. ეს მაშინ, როცა რუსეთი და მისი წინამორბედი საბჭოთა კავშირი, ჩვეულებრივ, ერთ-ერთ პირველ ადგილზე გადიოდნენ. 1956-დან 1988 წლამდე პერიოდში, რომელიც ზამთრის ცხრა ოლიმპიურ ტურნირს მოიცავდა, საბჭოთა კავშირმა შვიდჯერ აიღო ყველაზე მეტი მედალი, მარტო ორჯერ გავიდა მეორე ადგილზე. რაც შეეხება პოსტ-საბჭოთა პერიოდს, რუსეთის გუნდს არასოდეს რგებია, მოპოვებული მედლების რაოდენობით, მეხუთე ადგილზე უარესი პოზიცია.

სწორედ ეს, შთამბეჭდავი ისტორია მიაჩნია წლევანდელ არასახარბიელო შედეგზე რუსების მწვავე რეაქციის მიზეზად მოსკოველ ფსიქოლოგ ოლგა მახოვსკაიას: „ჩვენ ყოველთვის ვლიდერობდით სპორტის ზამთრის სახეობებში. ეს ტრადიციაა, რომელიც უცებ, თვალსა და ხელს შუა გვენგრევა. ეს ერთი. მეორეც - გამარჯვებულის იდენტობის დაკარგვა მტკივნეულია, რადგან ყოველთვის ვიცოდით, რომ, რაც უნდა მძიმე დრო იყოს, შეგვიძლია ძალების მოკრება და გარკვეულ სფეროებში ბადალი არა გვყავს. ახლა ვიგებთ, რომ არც ასეა საქმეა. რუსეთის ბევრი მკვიდრი ამას პირად, ლამის ბავშვურ წყენად აღიქვამს“.

ექსპერტების განმარტებით, წინა ოლიმპიური თამაშების დროს რუსეთის წარმატებას სპორტის ჯერ კიდევ საბჭოთა სისტემაგამოვლილი ათლეტების მიღწევები განაპირობებდა. მაშინ, როცა ახლანდელი ოლიმპიური გუნდის წევრების უმრავლესობამ კატაკლიზმებით სავსე 90-ან წლებში გაიარა სპორტული მომზადების ძირითად ეტაპები.

სპორტის მესვეურთა კრიტიკისას, პრეზიდენტმა მედვედევმა კრიტიკულად შეაფასა ძველი, საბჭოთა სისტემისადმი დამოკიდებულებაც: „ჩვენ დიდხანს ვიხეირეთ საბჭოთა სპორტის შესაძლებლობებით. რაღაც მომენტში ისინი დამთავრდა. ჩვენ წინა, საბჭოთა სკოლა უკვე დავკარგეთ (არ არის საჭირო მისი იდეალიზება, მაგრამ ის უბრალოდ, აღარ არსებობს), საკუთარი სკოლა კი ჯერ არ შეგვიქმნია - მიუხედავად იმისა, რომ რაოდენობა ფულისა, რომელიც სპორტს ხმარდება (და ეს სავსებით აშკარა ფაქტია), უპრეცედენტოდ დიდია“.

დიდი იყო იმედებიც, რომლებიც ვანკუვერის ოლიმპიურ ტურნირში რუსეთის გუნდის მონაწილეობას უკავშირდებოდა: ზოგი სავსებით რეალისტურად მიიჩნევდა 30 მედლის მოპოვებას. დიდი წინასწარი ზარ-ზეიმის ფონზე, პატრიარქმა კირილემ მოსკოვის მაცხოვრის ტაძარში დალოცა ოლიმპიელები, პრემიერ-მინისტრ ვლადიმირ პუტინის მთავრობა მათ შთამბეჭდავ ფულად პრემიებს დაჰპირდა, მედლების მოპოვების შემთხვევაში.

მედალი მაინც გაცილებით ნაკლები მოგროვდა, ვიდრე ელოდნენ. განსაკუთრებით დიდი იყო იმედგაცრუება, როცა ფიგურულ სრაილში პირველობა - მამაკაცებს შორის -სუპერვარსკვლავ იევგენი პლუშჩენკოს არ ერგო და კიდევ: როცა ტურნირს რუსი ჰოკეისტების გუნდი გამოეთიშა. გავრცელებული ინფორმაციით, ტომსკის ოლქის ადგილობრივ საკანონმდებლო ორგანოში წუთიერი დუმილით იგლოვეს ჰოკეისტების წარუმატებლობა...
XS
SM
MD
LG