Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი აციებს ურთიერთობას ყირგიზეთთან


მანასში განთავსებული ამერიკული სამხედრო ბაზა
მანასში განთავსებული ამერიკული სამხედრო ბაზა
ყირგიზეთსა და რუსეთს ერთმანეთთან მრავალწლიანი მჭიდრო ურთიერთობა აკავშირებთ. თუმცა მას შემდეგ, რაც ყირგიზეთმა განაცხადა, რომ დახურავდა მანასში არსებულ ამერიკულ სამხედრო ბაზას, ხოლო რუსეთს კიდევ ერთი სამხედრო ბაზის გახსნის ნებას დართავდა, კრემლის მადლიერებას საზღვარი აღარ ჰქონდა. გასული წლის თებერვალში მოსკოვი ბიშკეკს სესხად 2 მილიარდი დოლარისა და მნიშვნელოვანი გრანტის გამოყოფას დაჰპირდა. მაგრამ მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ ბიშკეკი მოხერხებულად მანევრირებს დასავლეთისა და რუსეთის ინტერესებს შორის, რუსეთ-ყირგიზეთის ურთიერთობამ გაცივება დაიწყო.

"სამსახური სამსახურის წილ!" - ასე ფიქრობდა მოსკოვი, როდესაც სესხად 2 მილიარდი დოლარის გამოყოფას ჰპირდებოდა ყირგიზეთს, რომელმაც, თავის მხრივ, ივალდებულა, რომ გააუქმებდა შეერთებული შტატების სამხედრო ბაზას მანასში, საიდანაც ავღანეთში მყოფი ამერიკული ქვედანაყოფების მომარაგება ხდება. თუმცა მალე გაირკვა, რომ ბიშკეკმა სამხედრო ბაზას მხოლოდ სტატუსი შეუცვალა და უწოდა „სატრანზიტო ცენტრი“, საიდანაც ამერიკული ავიაცია კვლავ ასრულებს რეისებს ავღანეთის მიმართულებით. ბიშკეკის ასეთ ქმედებას მზაკვრულს უწოდებს კრემლის ერთ-ერთი იდეოლოგი, სააგენტო „რეგნუმის“ ხელმძღვანელი, მოდესტ კოლეროვი:

„შეერთებული შტატების სამხედრო ბაზა დიდ როლს არ თამაშობს რუსეთ-ყირგიზეთის ურთიერთობაში. დიდი როლი ითამაშა ყირგიზეთის ხელისუფლების მზაკვრულმა, არაგულწრფელმა სურვილმა, ევაჭრა რუსეთთან - დარჩეს ბაზა თუ არ დარჩეს. ასეთ რამეს პოლიტიკაში არ ივიწყებენ.“

პოლიტიკაში - უფრო ზუსტად, პოლიტიკოსები კრემლიდან - ყირგიზეთს ვერც სხვა რამეს უვიწყებენ. ლაპარაკია რამდენიმე ასეული მილიონი დოლარის დახმარებაზე, რომელიც მოსკოვმა ყირგიზეთს საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებისა და ჰიდროსადგურ კამბარ-ატას რეკონსტრუქციისათვის გამოუყო. ყირგიზეთში რუსეთის საელჩოს პირველი მდივანი ვიტალი სკრინიკი ნონსენსს უწოდებს ყირგიზეთის მთავრობის მოქმედებას, მთავრობისა, რომელმაც რუსეთისაგან მიღებული ფული არამიზნობრივად დახარჯა:

”დიახ, ნონსენსია, აბა რა. შენ მიიღე ფული უპროცენტოდ, რომ გადაგეწყვიტა პედაგოგების, ექიმების, პოლიციის, მოსამართლეების - და, არ ვიცი, კიდევ ვისი -საბიუჯეტო პრობლემები. რუსეთის სახელმწიფო დუმამ ამ სესხის გამოსაყოფად კანონიც კი მიიღო, ყირგიზეთის მთავრობამ კი გადაწყვიტა, რომ ამ ფულით ფული მოეგო.“

ლაპარაკია იმაზე, რომ რუსეთიდან მიღებული სესხით ყირგიზეთის მთავრობამ შექმნა ინვესტიციების, ინოვაციებისა და განვითარების ფონდი, რომლის ხელმძღვანელადაც ყირგიზეთის პრეზიდენტის, ყურმანბეკ ბაკიევის, შვილი, მაქსიმი, დაინიშნა. ამბობენ, რომ რუსეთის ხელისუფლების აღშფოთება პრემიერ-მინისტრმა ვლადიმირ პუტინმა იალტაში გამართულ შეხვედრაზე თავის ყირგიზ კოლეგას, დანიარ უსენოვს, გაუზიარა და ისიც უთხრა, რომ ყირგიზეთს სესხად დაპირებული 2 მილიარდი დოლარის მიღების იმედი აღარ უნდა ჰქონდეს.

თუმცა ბიშკეკს ფულის საშოვნელად შორს წასვლა არ დასჭირვებია. უკვე ხსენებულმა მაქსიმ ბაკიევმა, მოქმედი პრეზიდენტის ვაჟიშვილმა, ყირგიზი ბიზნესმენების დიდ ჯგუფთან ერთად ჩინეთს მიაშურა ინვესტიციების მოსაზიდად. მოდესტ კოლეროვი, კრემლის ინტერრეგიონალური დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი, აცხადებს, რომ ყირგიზეთის ქმედებამ რუსეთის ხელისუფლების აღშფოთება გამოიწვია:

„მაქსიმ ბაკიევი არ დაელოდა რუსეთთან მოლაპარაკების შედეგებს და ჩინეთში ყოფნის დროს პეკინს შესთავაზა ყირგიზეთის ტერიტორიაზე იმ უმსხვილესი პროექტების განხორციელება, რისთვისაც რუსეთი აპირებდა თანხების გამოყოფას. ეს არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ჩაითვალოს პასუხისმგებლურ და ოდნავადაც კი სერიოზულ ქმედებად.“

ჩინელი სპეციალისტები უკვე იმყოფებოდნენ ყირგიზეთში და დაათვალიერეს კამბარ-ატას ჰიდროელექტროსადგური. კონკურენციის საგნად იქცა ასევე დასტანში განლაგებული იარაღის მწარმოებელი ქარხანა და ყირგიზგაზი, რომლის ყიდვასაც რუსეთის გაზის გიგანტი, „გაზპრომი“, ცდილობს.

რუსეთ-ყირგიზეთს შორის ურთიერთობის გაცივებას დაერთო ასევე რუსებზე მომხდარი თავდასხმა ბიშკეკში, კერძოდ, პოლიტიკის ექსპერტ ალექსანდრ კნიაზევის სასტიკი ცემა. ეს ის კნიაზევია, რომელმაც იანვარში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ პრეზიდენტის ვაჟს, მაქსიმ ბაკიევს, რუსეთში ყველა საბანკო ანგარიში და ქონება დაუყადაღეს.

მიუხედავად იმისა, რომ კნიაზევი ბიშკეკში ამჟამადაც მშვიდად ცხოვრობს, მისი ცემის ფაქტს კრემლის პროპაგანდამ ბაკიევის რეჟიმის მხრიდან შურისგება უწოდა.

ზოგიერთი ანალიტიკოსი ვარაუდობს, რომ რუსეთ-ყირგიზეთის ურთიერთობის დაძაბვას, შესაძლოა, ხელს უწყობდეს უზბეკეთი, რომელიც ცდილობს ხელი შეუშალოს ზოგიერთი პროექტის - მაგალითად, ჰიდროელექტროსადგურების - მშენებლობას ყირგიზეთის ტერიტორიაზე, - აცხადებს ყირგიზი ანალიტიკოსი მარს სარიევი:

„ვფიქრობ, რომ ბიშკეკსა და ტაშკენტს ძალიან უჭირთ კონსენსუსის მიღწევა, რადგან ურთიერთობა რუსეთსა და უზბეკეთს შორის სულ უფრო მეტი დათბობისაკენ მიდის, რის გამოც უზბეკეთი, პრობლემის გაღრმავებით, ყირგიზეთზე ზეწოლას განაგრძობს.“
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG