Accessibility links

„ნარინჯისფერი კოალიციის“ კოლაფსი


ვიქტორ იუშჩენკო (მარცხნივ) და იულია ტიმოშენკო

ვიქტორ იუშჩენკო (მარცხნივ) და იულია ტიმოშენკო

საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხებიდან რამდენიმე კვირის შემდეგ, იულია ტომოშენკოს პრემიერ-მინისტრის სავარძლის დაკარგვაც დაემუქრა. მისმა ძირითადმა მოკავშირეებმა უკრაინის საკანონმდებლო ორგანშო 2 მარტს განაცხადეს, რომ მმართველი კოალიცია დაიშალა იმ დროს, როდესაც წინ არის მთავრობისადმი ნდობის საკითხზე კენჭისყრა „უმაღლეს რადაში.“ ტიმოშენკოს ეს მარცხი წერტილს უსვამს „ნარინჯისფერ რევოლუციას“ და ხელ-ფეხს უხსნის ვიქტორ იანუკოვიჩს, განამტკიცოს ძალაუფლება.

იულია ტიმოშენკოს ირგვლივ კედლები ზანზარს განაგრძობენ. საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხების შემდეგ, უკრაინის ქედუხრელი პრემიერ-მინისტრი აცხადებდა, რომ პრომოსკოვურ პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩს შეებრძოლებოდა როგორც მმართველი კოალიციის წამყვანი ძალის ლიდერი. თუმცა სამშაბათს ამ ოცნებას ბოლო მოეღო. პარლამენტის სპიკერმა ვლადიმირ ლიტვინმა განაცხადა, რომ კოალიციამ ვერ შეძლო საკმარისი ხმების მოგროვება 450 კაციან პარლამენტში:

„უკრაინის კონსტიტუციისა და პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, ვაცხადებ, რომ კოალიცია პარლამენტში წყვეტს საქმიანობას.“

ეს გახლდათ უკანასკნელი გაბრძოლება „ნარინჯისფერი რევოლუციის“ ლიდერებისა, რომლებიც ქვეყნის სათავეში 5 წლის წინ მოვიდნენ - მას შემდეგ, რაც ვიქტორ იანუკოვიჩის მიერ გაყალბებულმა არჩევნებმა ქუჩაში ათეული ათასობით ადამიანი გამოიყვანა.

ტიმოშენკოს მთავრობას წინ ელის ნდობის ვოტუმი უმაღლეს რადაში, რომელიც ოთხშაბათს იგეგმება. ქვეყნის პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი იმედოვნებს, რომ თავად შექმნის მმართველ კოალიციას. თუმცა იულია ტიმოშენკო ფარ-ხმლის დაყრას არ აპირებს. მან სამშაბათს პირობა დადო, რომ ამიერიდან სათავეში ჩაუდგება დემოკრატიულ ძალებს, რომლებიც დაუპირისპირდებიან იანუკოვიჩის ადმინისტრაციას:

„დღეს პარლამენტში დემოკრატიული კოალიცია არალეგიტიმურად იქნა დაშლილი.“

თუკი ოთხშაბათს იულია ტიმოშენკო საკანონმდებლო ორგანოში ნდობის მოპოვებას ვერ შეძლებს, მაშინ იგი მოქმედ პრემიერ-მინისტრად დარჩება 30 დღის განმავლობაში - იმ დრომდე, ვიდრე იანუკოვიჩის „რეგიონების პარტიის“ ირგვლივ არ ჩამოყალიბდება ახალი საპარლამენტო კოალიცია. არადა, მომავალი კოალიციის ნიშნები უკრაინის უმაღლეს რადაში უკვე გამოიკვეთა და ვიქტორ იანუკოვიჩიც დარწმუნებულია, რომ ტიმოშენკოს გადადგომა მხოლოდ დროის საქმეა:

„მე დარწმუნებული ვარ, რომ მას, ტიმოშენკოს, ნებაყოფლობით მოუწევს წასვლა, მიუხედავად იმისა, თუ როგორ მოხდება ეს - გადადგება თუ მას პარლამენტი გადააყენებს.“

რაც შეეხება უკრაინის მომავალი პრემიერ-მინისტრის ვინაობას, პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა, როგორც ცნობილია, მინისტრთა კაბინეტის გაძღოლა უკვე შესთავაზა ცენტრალური ბანკის ყოფილ მმართველს სერგეი ტიგიპკოსა და პარლამენტის ყოფილ სპიკერს არსენი იაცენიუკს. თუმცა იანუკოვიჩი არ აკონკრეტებს, თუ, საბოლოოდ, რომელ კანდიდატზე შეაჩერებს არჩევანს.
XS
SM
MD
LG