Accessibility links

logo-print
დაახლოებით 400 ათას ლარს ედავებოდა სახელმწიფო დამოუკიდებელ ტელეკომპანიას 2009 წლის 9 ოქტომბრის ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ. ამ თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, საგადასახადო ინსპექცია ტელევიზიის ქონების აუქციონის წესით გაყიდვას აპირებდა. ერთადერთი კომპრომისი საქართველოს ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მხრიდან ვალების რესტრუქტურიზაციას ითვალისწინებდა, თუმცა ტელევიზიას ამ თანხის გადახდის შესაძლებლობაც არ ჰქონდა. როგორც ტელეარხ-25-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი, მერაბ მერკვილაძე, ამბობს, ფინანსური ამნისტიის შესახებ პრეზიდენტის ინიციატივა მხოლოდ მისასალმებელი ფაქტია, მაგრამ არა მოულოდნელი. მერაბ მერკვილაძის თქმით, “რეგიონალური ტელევიზიების ფინანსურ ამნისტიაზე საქართველოს პარლამენტში ქრისტიან-დემოკრატებმა დაიწყეს საუბარი. ამ შეხვედრაზე მეც ვიყავი, ესწრებოდნენ სხვა ტელევიზიების წარმომადგენლები და სახალხო დამცველიც. ამდენად, პრეზიდენტის საპარლამენტო გამოსვლისას ამის მოლოდინი მქონდა.”

მერაბ მერკვილაძისა და ტელეარხის ჟურნალისტებისთვის მოულოდნელი პრეზიდენტის შეფასებები იყო. პრეზიდენტმა პარლამენტში განაცხადა, რომ ეს ტელევიზია ხელისუფლებისადმი მკვეთრად კრიტიკული, გაუტანელი პოზიციით გამოირჩევა, მერაბ მერკვილაძის აზრით კი, ტელეარხი 25 ხალხის ნდობით და პატივისცემით სარგებლობს.

ვალები კი დამოუკიდებელ ტელევიზიას ასლან აბაშიძის მმართველობის დროიდან მოსდევს – იმ დროიდან, როცა ტელეარხს აჭარის ყოფილი მეთაური და უშიშროების სამინისტროს თანამშრომლები მართავდნენ და დამფუძნებლებს წილები ძალით გააჩუქებინეს. იმავე დამფუძნებლებმა ტელევიზიის მმართველობის უფლება აჭარის რევოლუციის შემდეგ სასამართლოს გადაწყვეტილებით დაიბრუნეს, თუმცა ვალების რესტრუქტურიზაცია არც შემდეგ მომხდარა.

პრეზიდენტის ინიციატივის შემდეგ ტელევიზია ახალ პროექტებს იწყებს, შესაძლოა ოფისიც შეიცვალოს და, ბოლოს და ბოლოს საკუთარი შენობაც შეიძინოს.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG