Accessibility links

მისტრალი - პარიზისა და მოსკოვის ”ნდობის სიმბოლო”


დმიტრი მედვედევი, რუსეთის პრეზიდენტი (მარცხნივ) და ნიკოლა სარკოზი, საფრანგეთის პრეზიდენტი

დმიტრი მედვედევი, რუსეთის პრეზიდენტი (მარცხნივ) და ნიკოლა სარკოზი, საფრანგეთის პრეზიდენტი

საფრანგეთისა და რუსეთის სამხედრო გარიგება 1 მარტიდან ”ექსკლუზიური მოლაპარაკებების” საგანი გახდა და ამჯერად საუბარია ”მისტრალის” ტიპის არა ერთ, არამედ ოთხ სამხედრო ხომალდზე, სამხედრო აღჭურვილობის გარეშე - ამ შინაარსის განცხადებები გააკეთეს საფრანგეთისა და რუსეთის პრეზიდენტებმა 1 მარტს პარიზში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე. თბილისი ჯერაც იმედოვნებს, რომ საფრანგეთი გაითვალისწინებს საფრთხეებს, რომლებიც ხსენებულ სამხედრო გარიგებას შეიძლება მოჰყვეს. თუმცა ორშაბათს პარიზისა და მოსკოვის მიერ დემონსტრირებული განსაკუთრებული ურთიერთობის ფონზე, ძნელი წარმოსადგენია მათი უპრეცედენტო გარიგების ჩაშლა. რატომ დგამს საფრანგეთი ასეთ ნაბიჯს და რას ნიშნავს ეს საქართველოსთვის?

”დიახ, მე ვენდობი პრეზიდენტ მედვედევს”, - რამდენჯერმე გაიმეორა საფრანგეთის პრეზიდენტმა პარიზში გამართულ პრესკონფერენციაზე და გარკვევით თქვა ისიც, რომ ნდობა ყველა საკითხში თანაბარი უნდა იყოს - იქნება ეს ირანის პრობლემის გარშემო თანამშრომლობა თუ ვერტმფრენმზიდ ”მისტრალის” ბევრისთვის სადავო საკითხი. საფრანგეთი არ აპირებს წინასწარვე ეჭვის თვალით შეხედოს რუსეთის გეგმებს და უარი თქვას მეტად სარფიან სამხედრო გარიგებაზე, მით უმეტეს, როცა ვერტმფრენმზიდი “მისტრალი” დაახლოებით ნახევარ მილიარდ ევროდ არის შეფასებული. პრესაში გავრცელებული მოსაზრების მიხედვით, რომელიც საფრანგეთის პრეზიდენტის მიერ 1 მარტს გაკეთებულ განცხადებას ეყრდნობა, 4 ხომალდიდან ორს საფრანგეთის მხარე ააშენებს, ორის აშენების საშუალება კი თავად რუსეთს მიეცემა. აქვე ვთქვათ, რომ თავად საფრანგეთი ამჟამად „მისტრალის“ კლასის ორ ხომალდს ფლობს. სხვადასხვა წყაროს ცნობით, ამ ტიპის სადესანტო ხომალდს შეუძლია გადაიყვანოს 900-მდე ჯარისკაცი, ზიდოს 4 სადესანტო ნავი, 35 ვერტმფრენი და 70 სახმელეთო მანქანა, მათ შორის - 13 ტანკი.

უპრეცედენტო სამხედრო გარიგება, ნაწილობრივ, ასევე განსაკუთრებული ნდობის კონტექსტში შეაფასა რუსეთის პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა, რომელიც გაპრეზიდენტების შემდეგ პირველად სტუმრობდა პარიზს:
”მისტრალთან დაკავშირებული საკითხი ერთ-ერთია იმ საკითხთაგან, რომლებმაც საკმაოდ დიდი რეზონანსი და საკმაოდ დიდი აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. მაგრამ ეს არის ნდობის სიმბოლო ჩვენს ქვეყნებს შორის... და, მეორე მხრივ, ეს არის შესაძლებლობა ჩვენი ქვეყნისთვის - მიიღოს ის ობიექტები, რომლებიც ამჟამად არ გვაქვს და რომელთა შექმნასაც ჩვენ ვისურვებდით სხვა ქვეყნებთან თანამშრომლობით.”

რატომ აირჩია რუსეთმა სათანამშრომლოდ მაინცდამაინც საფრანგეთი, მაშინ როცა ესპანეთი კრემლს, ხუან კარლოს პირველის სახით, ტექნოლოგიურად უფრო მიმზიდველ ხომალდებს სთავაზობს?

მაგალითად, ესპანური გაზეთი ”პაისი” თვლის, რომ უკონკურენტო პირველობა თავად პარიზმა მოიპოვა, რადგანაც მას მადრიდზე დიდი პოლიტიკური გავლენა აქვს. ექსპერტებისთვის ნათელია ისიც, რომ საფრანგეთი პირველობის დათმობას არ აპირებს და არამხოლოდ ესპანეთთან. პარიზი ცდილობს პირველობა გაიმყაროს ევროპაში და ეს პირველობა, უპირველეს ყოვლისა, შეერთებულ შტატებსა და გერმანიას დაუმტკიცოს. შესაბამისად, კრემლიც სწორედ პარიზის ისტორიული ამბიციების სათავისოდ გამოყენებას ცდილობს - ასეთია სტრატეგიისა და განვითარების ინსტიტუტის ხელმძღვანელის ანდრო ბარნოვის დაკვირვება:

”ჩემი შთაბეჭდილება თავიდანვე იყო ის, რომ ”მისტრალი” იყო არა მაინცდამაინც სამხედრო ამოცანისთვის, არამედ იყო სუფთა პოლიტიკური თემა რუსეთისთვის - ნატოს ერთიანობის წინააღმდეგ მიმართული, საფრანგეთის გულის მოსაგებად მიმართული, ამერიკის ევრაზიიდან გაძევებისკენ მიმართული... თორემ, სიმართლე გითხრათ, მე არ მესმის, პირდაპირი სამხედრო დანიშნულებით რაში სჭირდება რუსეთს ”მისტრალი”. რუსეთ-თურქეთის ომი თუ უნდა განახლდეს, არ ვიცი და... სხვა გამოყენებას მე ვერ ვხედავ.”

არაერთი ექსპერტი მოელოდა, რომ რუსეთის მხრიდან ნატოს წინააღმდეგ მიმართულ გათვლებზე დამყარებულ სამხედრო გარიგებას ალიანსის წევრი სახელმწიფოების მწვავე რეაქციები მოჰყვებოდა, მაგრამ ეს ასე არ მოხდა. უკვე თითქმის დავიწყებას მიეცა ამ საკითხის გარშემო რამდენიმე ქვეყნის მიერ დასმული რამდენიმე შეკითხვაც. მათ შორის იყო შეერთებული შტატებიც. ნატოს შტაბბინაში ამ ეტაპზე გაკეთებულ კომენტარებში პრაქტიკულად მუდმივად მეორდება ნატოს გენერალური მდივნის, ანდერს ფოგ რასმუსენის, პოზიცია, რომ თუკი საფრანგეთისა და რუსეთის გარიგება საერთაშორისო კანონმდებლობის შესაბამისი იქნება, ვაჭრობას ხელს ვერავინ და, მათ შორის,ვერც ნატო შეუშლის.

ასეა თუ ისე, პარიზისა და მოსკოვის სამხედრო გარიგებას სათანადო რეაგირება არ მოჰყოლია - ყოველ შემთხვევაში, ისეთი, როგორსაც თბილისი ისურვებდა. გავიხსენოთ, რომ 19 თებერვალს, როდესაც მიხეილ სააკაშვილი სიტყვით გამოდიოდა საერთაშორისო ურთიერთობათა სამეფო ინსტიტუტში, მან თქვა, რომ ”სამხედრო გემის რუსეთისთვის შესაძლო მიყიდვა მოულოდნელი და ძალიან სარისკოა”, რომ პარიზი საფრთხეს უქმნის სტაბილურობას კავკასიის მთელ რეგიონში და რომ ფრანგული ტექნიკის დახმარებით რუსეთს შესაძლებლობა ექნება რამდენიმე საათში დაიპყროს აღმოსავლეთ ევროპის ნებისმიერი ქვეყანა. ითქვა ისიც, რომ დიდია საფრთხე შავ ზღვაში ერთმანეთს პირდაპირ დაუპირისპირდნენ ”მისტრალი” და ნატოს ძირითადი ძალები.

იმ დღეს საქართველოს პრეზიდენტმა მოუწოდა საფრანგეთის პრეზიდენტს არ მიეყიდა სახიფათო საბრძოლო ტექნიკა რუსეთისთვის. ფაქტია, რომ სარკოზიმ სააკაშვილის გაფრთხილება არ გაითვალსწინა. და მაინც, თუკი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ნინო კალანდაძის მიერ 2 მარტს გაკეთებულ განცხადებას მოვუსმენთ, როგორც ჩანს, თბილისს იმედი მთლად ბოლომდე არ დაუკარგავს:

”ჯერ კიდევ იმედს ვიტოვებთ, რომ ფრანგული მხარე ჩვენს სკეპტიკურ დამოკიდებულებას და ჩვენს არგუმენტებს საფრთხის თაობაზე მიიღებს და, შესაბამისად, მიიღებს ამ გადაწყვეტილებას.”

ეს რომ ასე მოხდება, ძნელი წარმოსადგენია, რადგაც პრეზიდენტი სარკოზი, როგორც ეს პირველი მარტის პრესკონფერენციაზეც გამოჩნდა, ”მისტრალთან” დაკავშირებულ საფრთხეებს საერთოდ ვერ ხედავს. საფრანგეთის პრეზიდენტმა მიანიშნა ყველას, რომ, აგვისტოს ომის მიუხედავად, რომლის შეჩერებასა და საქართველოსთვის დამოუკიდებლობის შენარჩუნებაში პარიზმა უბადლო შუამავლის როლი შეასრულა, კრემლს ის მაინც აბსოლუტურ, სრულ ნდობას უცხადებს.
XS
SM
MD
LG