Accessibility links

logo-print
”პირადად მე ძლიერი რუსეთის მომხრე ვარ” - ასეთი სათაურით აქვეყნებს პირველი მარტის ჟურნალი ”კომერსანტ ვლასტი” საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, ინტერვიუს. „სამხედრო კონფლიქტიდან ორი წლის შემდეგ, მოსკოვი და თბილისი ცივი ომის მდგომარეობაში იმყოფებიან. რუსეთის ხელისუფლება საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს დამნაშავედ და მიუღებლად მიიჩნევს, ის კი მათ ოკუპანტებად თვლის, - წერს ”კომერსანტ ვლასტი”.

მისი კორესპონდენტის ვლადიმირ სოლოვიევის კითხვაზე „2013 წლამდე (თქვენი პრეზიდენტობის ვადის ამოწურვამდე), გამოდის, რომ არაფერი შეიცვლება?“ - მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა: "ვინ უთხრა მოსკოვს, რომ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება მხოლოდ 2013 წლამდე იარსებებს? დიახ, მე პრეზიდენტის პოსტზე კენჭს აღარ ვიყრი, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ იდეოლოგია, რომელსაც მე წარმოვადგენ, მომავალშიც არ იქნება პრიორიტეტული საქართველოს მოსახლეობისთვის. არ იქნება სააკაშვილი, იქნება ვიღაც სხვა. მაგრამ კურსი იქნება ისევ იგივე”, - განუცხადა სააკაშვილმა ”კომერსანტ ვლასტის”.

მისი თქმით, საქართველოს მოსახლეობა კონსოლიდირებულია ლიბერალური ეკონომიკის, დემოკრატიისა და თავისუფალი, ღია საზოგადოების კურსის გარშემო და უკვე ამის შეცვლა აღაფერს შეუძლია.

საქართველოს პრეზიდენტი ”კომერსანტ ვლასტისთვის” მიცემულ ინტერვიუში რუსეთის მეთაურების თემასაც ეხმიანება და ამბობს, რომ კრემლში ჩვენ საქმე გვაქვს ”ქირურგებთან და ფარმაცევტებთან”, რომლებიც მისი სხეულის ნაწილებს ემუქრებოდნენ და აღნიშნავს, რომ, ევროპის ბევრი ლიდერისგან განსხვავებით, პუტინის არ ეშინია. პრობლემას წარმოადგენს ის, რომ პუტინს არ შეუძლია ასეთ ხალხთან ურთიერთობა. ”მე ბევრჯერ ვუთხარი პუტინს: თუ თქვენ პატივს სცემთ ჩვენს დამოუკიდებლობას, ვერ იპოვით საქართველოზე უფრო პრორუსულ ქვეყანას”, - დასძენს მიხეილ სააკაშვილი.

საქართველოს პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ ოკუპაცია ადრე თუ გვიან დასრულდება. მას ამის თქმის საფუძველს რუსეთის პრობლემები აძლევს. ”პირადად მე ძლიერი რუსეთის მომხრე ვარ, მაგრამ ჩვენ ძალიან გვინდა ის იყოს დემოკრატიული და ლიბერალურიო”, – აღნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი ”კომერსანტ ვლასტისთვის” მიცემულ ვრცელ ინტერვიუში.

რუსეთის პრესის ყურადღების ცენტრში მოექცა გონიოში სანაპირო დაცვის სარადარო სისტემის ამოქმედება, რომელიც აშშ-ის დახმარებით ააშენეს.

”იზვესტია რუ” ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ სადგურის გახსნაში მონაწილეობდა აშშ-ის ელჩი საქართველოში და ამერიკული ფრეგატის დელეგაცია. „იზვესტია“ იმასაც აღნიშნავს, რომ რადარის მშენებლობას ნახევარი მილიონი აშშ დილარი დასჭირდა. ის მეოთხეა იმ სარადარო სადგურთა შორის, რომელიც საქართველოში ამერიკის ფინანსური დახმარებით შეიქმნა. გონიოში ამოქმედებული რადარის მეშვეობით საქართველო ეფექტურ კონტროლს განახორციელებს შავი ზღვის ტერიტორიულ წყლებში და აღკვეთს კონტრაბანდის მცდელობებს.

იგივე გამოცემა ყურადღებას უთმობს რუსეთ-საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ზემო ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის ამოქმედებას. რუსეთის სასაზღვრო სამსახურის ჩინოვნიკმა ჩრდილოეთ ოსეთში სერგეი დოროფეევმა ”იზვესტიას” განუცხადა, რომ გამშვები პუნქტი აღჭურვილია სათანადო ინფრასტრუქტურითა და ტექნიკით.

მისივე ინფორმაციით, ასეთი აღჭურვილობით შესაძლებელია დღეში 7 ათასი ადამიანის მომსახურება, ანუ საზღვარზე 50 ავტობუსისა და 500 ავტომობილის გატარება. „იზვესტია“ აღნიშნავს, რომ ჯერჯერობით ძნელია იმაზე საუბარი, რამდენად ინტენსიური იქნება საავტომობილო ნაკადი. მესაზღვრეები მის გაზრდას მაისის თვიდან ელოდებიან.

რუსეთის კიდევ ერთი ინტერნეტგამოცემა აქვეყნებს რუსეთში ჩატარებული სოციოლოგიური კვლევის შედეგებს, რომლის მიხედვითაც, რუსეთის მოქალაქეთა ნახევარზე ოდნავ ნაკლები ფიქრობს, რომ მთავრობას აქვს გააზრებული საგარეო პოლიტიკური კურსი, ხოლო ქვეყნის მოსახლეობის მესამედის აზრით, საგარეო პოლიტიკა წარმოებს რეფლექსურად.

ხაზგასმულია ისიც, რომ ბოლო წლის მანძილზე აშშ-ის, უკრაინისა და საქართველოს მიმართ რუსეთის მოქალაქეების განწყობა უფრო დადებითისკენ შეიცვალა. ახლა საქართველოს მიმართ სიმპათიებს გამოთქვამს რესპონდენტთა 31 პროცენტი. 2008 წლის შემოდგომაზე კი ეს მაჩვენებელი 20 პროცენტზე ნაკლები იყო.
XS
SM
MD
LG