Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა. 2 მარტი 2010


ქართული გაზეთები კვლავაც ცდილობენ ოპოზიციაში მიმდინარე პროცესებში გარკვევას. ”რეზონანსის” სათაურია: ”ჭექა-ქუხილამდელი” სტატუს კვო აღდგა. ალასანია ”ალიანსს” დაუბრუნდა, პრაიმერისტები ისევ პრაიმერზე ფიქრობენ”. გაზეთში არაერთი ინტერვიუ ქვეყნდება ოპოზიციაში არსებული მდგომარეობის შესახებ. სალომე ზურაბიშვილი ”რეზონანსის” კორესპონდენტს ეუბნება: ”მე არ მაინტერესებს, ვინ ვისთვის მუშაობს, რა კონსპირაციებია და ვინ ვის მიერაა მართული. მე მაინტერესებს შემდეგი: ჩემთვის მთავარია, რომ ნოღაიდელის მოსკოვში წასვლამ და მერე მასთან ამ პარტიების გაერთიანებამ შედეგად მოგვიტანა განხეთქილება, უნდობლობა და გულისამრევი სიტუაცია, რაც მხოლოდ სააკაშვილის ინტერესებს ემსახურება. რა მნიშვნელობა აქვს, ნოღაიდელი მიშას შვილია, ნათესავია თუ ცალკე მოქმედებს. ფაქტია, რომ მიშას საქმეს აკეთებს.” პოლიტოლოგი რამაზ კლიმიაშვილი ”რეზონანსისთვის” მიცემულ ინტერვიუში ირაკლი ალასანიას ნაბიჯს შეფასებას აძლევს: ”ალასანიას ნაბიჯი იმაზე მეტყველებს, რომ გამოცდილმა პოლიტიკოსმა ასეთი შეცდომა არ უნდა დაუშვას. გამოდის, რომ იგი არ არის გამოცდილი პოლიტიკოსი, ის გამოცდილი დიპლომატია”, - ამბობს კლიმიაშვილი. ”რეზონანსშივე”, გუგული მაღრაძის ინტერვიუში, წაიკითხავთ, რომ ალასანიას მისვლა პრაიმერის მხარდამჭერ ოპოზიციასთან ”გონივრული” იყო, რადგან ყველა გზა უნდა მოისინჯოს. გუგული მაღრაძე აგრეთვე ამბობს, რომ ხელისუფლებას ყოველთვის აქვს 30%-ის შანსი და ოპოზიციამ დანარჩენ 70%-ზე უნდა იმუშაოს. ”და თუ ამაზე ორი რეიტინგული კანდიდატი იმუშავებს, შანსი არ ექნებათ. შედეგი დამოკიდებულია იმაზე, რას იზამს ლევან გაჩეჩილაძე.”
”ჭექა-ქუხილის” პოლიტგაერთიანება ვერ შედგა” - ეს ”24 საათის” პირველი გვერდის სათაურია: ”ირაკლი ალასანიას პოლიტიკური მი-მოქცევა ერთგვარი ლაკმუსი აღმოჩნდა - ნოღაიდელიანი ნაწილი გაწითლდა”, - წერს ავტორი. სტატიის დასასრულს წაიკითხავთ, რომ ალასანიას ”ალიანსში” დაბრუნებისთვის გადამწყვეტი როლი საზოგადოებამ შეასრულა, თუმცა ღვაწლი არც ”რესპუბლიკელებსა” და ”ახალ მემარჯვენეებს” უნდა დაუკარგოს კაცმა”. ”ამ სამდღიანი ოპოზიციური ოდისეის მთავარი შედეგი კი ისაა, რომ ”ჭექა-ქუხილის” პოლიტგაერთიანება ვერ შედგა. კრემლს კი ცივი წყლის დალევა მოუწევს - ქართულ საზოგადოებაში მას დასაყრდენი არა აქვს”, - ასკვნის ”24 საათის” ავტორი.
”საქართველოს რესპუბლიკა” წერს: ”დიდი მონდომების მიუხედავად, არასაპარლამენტო პოზიციის ერთობის საკითხს კიდევ მეტი კითხვის ნიშანი შეემატა. ერთობა ვერ შედგა და, სავარაუდოდ, ვერც შედგება. ყველაფერი იქითკენ მიდიოდა, რომ მთელი ოპოზიციური სპექტრი ირაკლი ალასანიას გარშემო გაერთიანდებოდა, სადაც ზურაბ ნოღაიდელისა და ლევან გაჩეჩილაძის თბილი ადგილიც იქნებოდა, თუმცა მემარჯვენეებისა და რესპუბლიკელების პრინციპულმა უარმა ეს იდეა ჩანასახშივე მოსპო.”
”ალიას” კორესპონდენტი შეეცადა ალასანიას თანაპარტიელ ვიქტორ დოლიძისგან შეეტყო ოპოზიციაში მიმდინარე პროცესების შესახებ. ჟურნალისტი ”ჭადრაკის სასახლეში” გამართული შეხვედრის შესახებაც ეკითხება დოლიძეს. ის პასუხობს: ”ჩვენ იქ მივედით საზოგადოებრივი დარბაზის, კერძოდ, დავით მაღრაძის მიწვევით. ჩვენ საზოგადოებასთან შეხვედრას მომავალშიც გავაგრძელებთ და ხელის ჩამორთმევა, სხვა თუ არაფერი, ზრდილობაა, რომ გამოწვდილ ხელს ხელი უნდა ჩამოართვა”, - ამბობს ვიქტორ დოლიძე. ”ალიაშივე” წაიკითხავთ ინტერვიუს ”ქართული აკადემიის” თავმჯდომარე ნუკრი ქანთარიასთან, რომელიც 4 მარტს ირაკლი ალასანიასთან დაგეგმილი შეხვედრის შესახებ ამბობს: ”ძირითადად, ალბათ, ის უნდა გავარკვიოთ, ეს არჩევნები უნდა იყოს პოლიტიკური ბრძოლა თუ ფარსი, ანუ ვარჯიში პოლიტიკური პარტიებისთვის”.

”ახალი თაობა” პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძესთან ინტერვიუს აქვეყნებს. შესავალში ავტორი წერს: ”უკვე არავის ეპარება ეჭვი, რომ მათი [პრაიმერისტების] ლიდერი სწორედ რომ ლევან გაჩეჩილაძე იქნება”. საყვარელიძე ამბობს: „როგორც ჩანს, ამოტივტივდა ლევან გაჩეჩილაძის კანდიდატურა და, ალბათ, ამ კანდიდატურის შეყვანა გინდ სოციოლოგიური გამოკითხვის სიაში და გინდა პრაიმერის ვერსიაში მოულოდნელი გახდა ალასანიასთვის და, ალბათ, ამას იგი არ დათანხმდა, მაგრამ ეს კანდიდატურა მაინც ამოტივტივდება მისთვის უკვე ფინიშზე და არა მგონია, ალასანიასთვის მომგებიანი იყოს ასეთი კონკურენტი”, - ამბობს რამაზ საყვარელიძე, რომელიც თვლის, რომ ნოღაიდელი არაფრის ცენტრი არ იყო, ”სანამ ოპოზიციამ არ დაიწყო ამის ძახილი”.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG