Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კოლუმბიის უნივერსიტეტში 1989 წლის შემდგომ ევროპაზე იმსჯელეს


გასულ შაბათ-კვირას ნიუ-იორკის ცნობილ კოლუმბიის უნივერსიტეტში დასავლეთის ქვეყნების წამყვანი ანალიტიკოსები შეიკრიბნენ და აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპისთვის 1989 წლის მნიშვნელობაზე იმსჯელეს - რა შედეგები გამოიღო ამ უმნიშვნელოვანესმა პერიოდმა და რა ვერ მოხერხდა კომუნიზმის დაცემის შემდეგ. მსჯელობა სხვადასხვა თემაზე წარიმართა - მათ შორის, პოსტ-კომუნისტური სინამდვილის რაობაზე, დისიდენტური კულტურის გამოძახილზე, რეგიონში დემოკრატიის განვითარებასა და კომუნისტური წარსულის ასახვაზე.

ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში კომუნისტური რეჟიმების დამხობიდან 20 წელიწადზე მეტი დრო გავიდა, მაგრამ იმ ანალიტიკოსებისთვის, რომლებიც გასულ შაბათ-კვირას ნიუ-იორკის კოლუმბიის უნივერსიტეტში ამ ისტორიულ თარიღზე სასაუბროდ შეიკრიბნენ, დღესდღეობით პასუხებზე მეტი შეკითხვები არსებობს.

შეხვედრის ერთ-ერთი მონაწილე იყო ყოფილი პოლიტიკოსი, ამჟამად კი ვენაში განთავსებული ცენტრალური ევროპის კვლევითი ცენტრის პროფესორი, ერჰარდ ბუსეკი. მისი აზრით, საბჭოთა ბლოკის ქვეყნების კომუნისტურ პარტიებს ერთმანეთისგან ოდნავ განსხვავებული ხარისხის პოლიტიკური კულტურა ჰქონდათ - ყველაზე რეტროგრადები კი ისინი იყვნენ, ვინც ჩეხოსლოვაკიის ლიდერები გახდნენ 1968 წლის „პრაღის გაზაფხულის“ - ლიბერალიზაციით გამორჩეული პერიოდის - საბჭოთა ტანკებით ჩახშობის შემდეგ.

ბუსეკის თქმით, 1968 წლის შემდეგ ჩეხოსლოვაკიაში პარტიის უფრო ლიბერალური წევრები დააპატიმრეს; რეპრესიული მექანიზმები ბევრად უფრო გაამკაცრეს. ანალიტიკოსის თქმით, ამ თვალსაზრისით, თვით საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიაც - ლეონიდ ბრეჟნევით სათავეში - უფრო პროგრესულად გამოიყურებოდა, ვიდრე ჩეხოსლოვაკიის ხელმძღვანელობა.

“ისინი ერთობლივად მუშაობდნენ და ბევრად მეტი ძალა ჰქონდათ. ბევრმა, ვინც შემდგომში ცნობილი ჩეხი ინტელექტუალი გახდა, მაშინ პარტია უთანხმოებების გამო დატოვა ან 1968 წლის შემდგომ იქიდან გარიცხეს”, – განაცხადა ავსტრიელმა ანალიტიკოსმა.

ბუქარესტში მდებარე რუმინული კულტურის ინსტიტუტის ვიცე-პრეზიდენტის, მირჩა მიჰაიესის, თქმით, სხვა ქვეყნების - ჩეხოსლოვაკიის, პოლონეთის ან ბულგარეთისგან განსხვავებით, რუმინეთში დისიდენტებს საზოგადოებაში გამორჩეული გავლენა არ ჰქონიათ.

ხოლო მათ, ვინც მაინც გაბედავდა რუმინეთის კომუნისტი მმართველის, ნიკოლაე ჩაუშესკუს, კრიტიკას, ქვეყნის ცნობილი უშიშროების სამსახური - სეკურიდადე - ანეიტრალებდა მათი მოკვლის ან გადასახლების გზით:

“სეკურიდადეს მიერ გატარებული რეპრესიები, სხვა კომუნისტურ ქვეყნებთან შედარებით, უფრო ძალადობრივი იყო. რუმინეთში რეალური დისიდენტური ტრადიცია არ არსებობდა”, -ამბობს მიჰაიესი და დასძენს: „რეჟიმი დისიდენტებს, როგორც წესი, გადასახლებაში გზავნიდა. ჩემი აზრით, დისიდენტების როლის გაძლიერებას რადიო „თავისუფალი ევროპის“ მსგავსი ორგანიზაციები უწყობდნენ ხელს.”

რუმინეთი აღმოსავლეთ ევროპის ერთადერთი ქვეყანა იყო, რომელმაც თავისი კომუნისტი ლიდერი სიკვდილით დასაჯა. 1989 წლის რევოლუციის ძალადობრივმა მოვლენებმა, მიჰაიესის თქმით, ქვეყნის შიდაპოლიტიკურ ცხოვრებაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა და დიდი ხნით შეაფერხა სამოქალაქო საზოგადოების განვითარება.

შეხვედრის არაერთმა მონაწილემ აღნიშნა, რომ აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის ბევრ ქვეყანაში მოსახლეობა ახლა უფრო ოპტიმისტურადაა განწყობილი, ვიდრე ათი წლის წინ. თუმცა ამ განწყობას თავისი სპეციფიკური მახასიათებლები აქვს. კოლუმბიის უნივერსიტეტის რუსეთისა და აღმოსავლეთ ევროპის შემსწავლელი ჰარიმანის ცენტრის დირექტორმა ტიმოტი ფრაიმ შეხვედრის მონაწილეებს უთხრა, რომ დასავლეთ და აღმოსავლეთ ევროპის მოსახლეობაში ბედნიერების და ცხოვრებით კმაყოფილების განცდა განსხვავებული ფორმით არსებობს: დასავლეთის ქვეყნებში მცხოვრები ხალხი უკმაყოფილებას ხშირად შუა ხნის ასაკში გამოთქვამს, მაგრამ ასაკის მატებასთან ერთად მათი ცხოვრებით კმაყოფილების ხარისხიც იზრდება. აღმოსავლეთში კი ვითარება პირიქითაა - შუა ხნის ასაკიდან მოხუცებულობამდე ბედნიერების და კმაყოფილების განცდა სულ უფრო კლებულობს. ტიმოტი ფრაის თქმით, ამ ტენდენციას, შესაძლოა, რამდენიმე ფაქტორი იწვევდეს:

„ამის ერთიანი ახსნა არ მაქვს. ერთ-ერთი ფაქტორი, ალბათ, ის არის, რომ ასაკოვანი ხალხის უნარები [შრომის] ბაზარზე ბევრად ნაკლებად ფასობს, ვიდრე ახალგაზრდების. რეგიონის ბევრ ქვეყანაში საპენსიო სისტემის კოლაფსმაც, ცხადია, იქონია გავლენა ყოველივე ამაზე.“

ფრაის თქმით, გამოკვლევამ ცხადყო, რომ ხანდაზმული ადამიანები, რომელთა უნარები შრომის ბაზარზე ფასობს, თავს ბევრად ბედნიერად გრძნობენ, ვიდრე მათივე თაობის ის წარმომადგენლები, რომლებსაც ასეთი უნარები არა აქვთ. ამდენად, ბედნიერების განცდის ხარისხი მხოლოდ ასაკს არ უკავშირდება - მას დიდწილად განსაზღვრავს ის, თუ რამდენად საჭიროდ გრძნობს თავს ინდივიდი და რამდენად სავსე და დამაკმაყოფილებელია მისი ყოველდღიური ცხოვრება.

გამოკვლევამ კიდევ ერთი საინტერესო გარემოება გამოავლინა: აღმოსავლეთ ევროპის მოსახლეობის 80 პროცენტი კერძო საკუთრების პრინციპს ეთანხმება, მაგრამ ამავე ხალხის 70 პროცენტი უკმაყოფილებას გამოთქვამს იმით, თუ როგორ არის ეს საკუთრება განაწილებული.

ადრეული 1990-იანი წლების პრივატიზაციის პროცესის თანმდევმა კორუფციამ, გამჭვირვალობის ნაკლებობამ და ორგანიზებულმა დანაშაულმა აღმოსავლეთ ევროპის მცხოვრებთა უმრავლესობას გაუჩინა განცდა, რომ ისინი გაძარცვეს.

გამოკვლევის თანახმად, ხალხი ბევრად კმაყოფილი იქებოდა, საკუთრება კვლავ სახელმწიფოს ხელში რომ დარჩენილიყო და შემდეგ მისი განაწილება სამართლიანი და გამჭვირვალე ფორმით მომხდარიყო.

რატგერსის უნივერსიტეტის პროფესორმა ბენჯამინ ბარბერმა შეხვედრაზე კომუნიზმის დაცემით გამოწვეულ გაუთვალისწინებელ შედეგებზე ისაუბრა:

„ნოსტალგიური კომუნიზმის მომხრე არ ვარ, მაგრამ ვთვლი, რომ იმ პირობებში, რომელშიც არ არსებობს თეორია, პარადიგმა, რომელიც სამართლიანობაზე და კაპიტალიზმის პრობლემებსა თუ უსამართლობაზე ფიქრის საშუალებას მოგვცემდა, ჩვენ ვერ შევძლებთ ახალ პათოლოგიებთან გამკლავებას“, - ამბობს ბარბერი და განაგრძობს: „ეს პათოლოგიები აღარ წარმოადგენს გეგმიური ეკონომიკის ან ტოტალიტარული სახელმწიფოს ნაყოფს - ეს კაპიტალიზმის და ლიბერალიზმის პათოლოგიებია და ისინი პოლონეთის, უნგრეთის, ჩეხეთისა და სლოვაკიის მოსახლეობის ცხოვრებაში პრობლემებად იქცა. “

ბარბერის თქმით, ბოლო 20 წლის გამოცდილება აჩვენებს, რომ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების მოსახლეობაზე კომუნიზმის გამოძახილი კვლავ მნიშნველოვან გავლენას ახდენს. გადაწყვეტილებები, რომლებსაც ამ ქვეყნებში იღებენ, და პოლიტიკა, რომელსაც ატარებენ, დიდწილად, სწორედ კომუნისტურ წარსულზე რეაქციას წარმოადგენს.
  • 16x9 Image

    სალომე ასათიანი

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან. მუშაობს კულტურისა და პოლიტიკის თემებზე. არის ავტორი პოდკასტისა "ასათიანის კუთხე“, რომელიც ეხება ლიტერატურას, კინოს, მუსიკას, კულტურის ისტორიას, ფსიქოანალიზს, ფემინიზმის საკითხებს და იდეების ისტორიას.

XS
SM
MD
LG