Accessibility links

ქართული, ოსური და რუსული მხარეები 47 დაკარგულს ეძებენ


წითელი ჯვრის მისია და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მშობლები ერგნეთის გამშვებ პუნქტთან

წითელი ჯვრის მისია და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მშობლები ერგნეთის გამშვებ პუნქტთან

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების საკითხში აქტიურდება.

თებერვლის ბოლოს ამ ორგანიზაციამ ჟენევაში ქართული, რუსული და ოსური მხარეების შეხვედრა გამართა. ამ შეხვედრაზე ოსურმა მხარემ შვიდი დაკარგული მოქალაქის მოძიების საკითხი დააყენა, ქართულმა მხარემ კი დე ფაქტო რესპუბლიკის ტერიტორიიდან იქ დამარხული ქართველი სამხედრო მოსამსახურეების ცხედრების გადმოსვენება მოითხოვა.

ცხინვალში დაბრუნებულმა დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის მოადგილემ მერაბ ჩიგოევმა ადგილობრივი ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ეს საკითხი ჟენევის დისკუსიის ფარგლებშიც არაერთხელ დასმულა, მაგრამ მისი პოლიტიზების გამო საქმე წინ ვერ მიდიოდა.

ჩიგოევი მიიჩნევს, რომ საქმეში წითელი ჯვრის კომიტეტის ჩართვა უფრო შედეგიანი იქნება, ჟენევის მოლაპარაკებები კი უკვე ჩიხშია შესული. მისი თქმით, როგორც ქართულმა, ისე ოსურმა მხარემ პირობა დადო, რომ ძალისხმევას არ დაიშურებენ დაკარგულების მოძიებისა და დაღუპულთა გადასვენების საქმეში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური ცენტრის ხელმძღვანელი შოთა უტიაშვილი მიიჩნევს, რომ დაკარგულთა მოძიების პროცესი ადგილიდან დაიძრა.

ქართული მხარე 37 დაკარგულ ადამიანს ეძებს. ცნობილია, რომ აქედან ცხრა ადამიანი თამარაშენის სასაფლაოზეა დასაფლავებული. დაკარგულთა შორის არიან როგორც ჯარისკაცები და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, ასევე მშვიდობიანი მოქალაქეები.

„ომის შემდეგ 37 ადამიანი ითვლება დაკარგულად. მათ შორის, 25 სამოქალაქო პირი, ცხრა ჯარისკაცი და სამი პოლიციელი. ვიცით, რომ ცხრა ადამიანი თამარაშენის სასაფლაოზეა დაკრძალული. აქედან სამის ვინაობა ვიცით, ექვსი კი უცნობია. დიდი ხანია ვითხოვთ ამ ადამიანების გადმოსვენებას, მაგრამ ჩვენთვის გაუგებარი მიზეზის გამო აქამდე ეს არ ხდებოდა. ჩვენ გარანტია არ გვაქვს, რომ ეს აუცილებლად ახლა მოხდება, მაგრამ პროცესი დაიძრა და ვნახოთ, რა მოხდება შემდეგ შეხვედრაზე“, – განაცხადა რადიო თავისუფლებასთან საუბარში შოთა უტიაშვილმა.

მხარეებს სამუშაოების ჩასატარებლად მაქსიმუმ ორი თვე აქვთ, ამის შემდეგ კიდევ ერთხელ შეიკრიბებიან და კონკრეტულ საქმეებზე იმსჯელებენ. გარდა ამისა, დაკარგულთა მოძიების პროცესში ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის თომას ჰამარბერგის მიერ შერჩეული ექსპერტებიც ჩაერთვებიან.

ქართული, ოსური და რუსული მხარეები, ჯამში, 47 დაკარგულ ადამიანს ეძებენ.
XS
SM
MD
LG