Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰოლბრუკი აქებს ავღანეთში ქართული სამხედრო კონტინგენტის გაგზავნას და ჯარისკაცების მომზადების დონეს


აშშ-ის საგანგებო წარმომადგენელმა ავღანეთსა და პაკისტანში, რიჩარდ ჰოლბრუკმა გუშინ ვაშინგტონში გამართა ბრიფინგი, რომელზეც ავღანეთში, პაკისტანში, შუა აზიაში, საქართველოსა და გერმანიაში თავის ბოლოდროინდელ ტურნეზე ისაუბრა. საქართველოსთან დაკავშირებით ჰოლბრუკმა, უწინარეს ყოვლისა, აღნიშნა, რომ თბილისთან მოინახულა ქართული ბატალიონი, რომელიც მომავალ თვეში უნდა განთავსდეს ავღანეთში. ჰოლბრუკის განცხადებით, ამერიკელი საზღვაო ქვეითები, რომლებიც წვთნას ხელმძღვანელობენ და რომლებისთვისაც ეს საქმე პროფესიაა, ამბობენ, რომ ქართველი სამხედროები არიან „საუკეთესოებს შორის, რომლებიც ოდესმე უნახავთ“. ჰოლბრუკი შეეხო იმ გარემოებასაც, რომ საქართველო ავღანეთში, ერთ სულ მოსახლეზე, ყველაზე მრავალრიცხოვანი კონტინგენტით, 950-მდე სამხედრო მოსამსახურით იქნება წარმოდგენილი. „ვინც თქვენს შორის საქართველოს იცნობს, იცის, რომ ეს არის მთიანი ქვეყანა ლანდშაფტის მახასიათებლებით, რომლებიც ზოგან ავღანეთისას ჰგავს. მათ ბრძოლის უზარმაზარი ტრადიციები აქვთ (...) მას შემდეგ, რაც ქართველი სამხედროები (ავღანეთში) ბარგს ამოალაგებენ და აკლიმატიზაციას გაივლიან, ისინი ინეტგრირებულ იქნებიან ამერიკელი საზღვაო ქვეითების ოპერაციებში ჰელმანდში“, განაცხადა ჰოლბრუკმა. როგორც ამ, მაღალი რანგის ამერიკელმა დიპლომატმა აღნიშნა, მან შეერთებული შტატების მთავრობის სახელით დიდი მადლობა გადაუხადა საქართველოს ავღანეთის მისიაში ამ წვლილისთვის. ამასთან, დასძინა ჰოლბრუკმა, თბილისში ვიზიტისას საუბარი არ შეხებია სხვა საკითხებს - არც ამერიკა-რუსეთის ურთიერთობას და არც ნატოსთან საქართველოს ურთიერთობის პერსპექტივას.
XS
SM
MD
LG