Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თედ ჯონს - მელ ლუისის დაუვიწყარი ორკესტრი


თედ ჯონს - მელ ლუისის ორკესტრი
თედ ჯონს - მელ ლუისის ორკესტრი
გასული საუკუნის 70-იან წლებში თბილისი საზღვარგარეთული ესტრადის ვარსკვლავების გასტროლებით იყო განებივრებული. იმხანად ჩვენს დედაქალაქს ეწვივნენ ფრანგი შანსონიე ჟილბერ ბეკო და და ჟაკ ბრელი, იტალიელი საესტრადო მომღერლები კლაუდიო ვილა და დომენიკო მოდუნიო, პოპულარული ბერძენი მომღერალი იოვანა, ცნობილი პოლონელი კონფერანსიე ეჟი მიხოტეკი და სხვები.

კონცერტებს მართავდნენ სახელგანთქმული ჯაზური კოლექტივებიც - პიანისტისა და კომპოზიტორის ხორსტ იანკოვსკის ჯგუფი დასავლეთ გერმანიიდან, ბენი გუდმენის და თედ ჯონს-მელ ლუისის ბიგ-ბენდები შეერთებული შტატებიდან.
ჯაზი ყოველთვის თბილისელების განსაკუთრებული ყურადღებით სარგებლობდა. ამას, ალბათ, ჟანრის იმპროვიზაციული ხასიათი განაპირობებდა - ქართველების ძირითად ეროვნულ თვისებად ხომ სწორედ იმპროვიზატორობა შეიძლება ჩაითვალოს.

ჰოდა, სამოცდაათიან წლებში ჩვენ უკვე გვყავდა ჯაზის შესანიშნავი შემსრულებლები: მესაყვირე გიორგი გაბისკირია, კომპოზიტორი კონსტანტინე პევზნერი, პიანისტები თენგიზ ჯაიანი, ნიკოლოზ ქაშაქაშვილი, გარი ვლადიმერაშვილი, ბენდ-ლიდერი სოსო ტუღუში, მომღერლები გიული ჩოხელი და ლოლა ხომიანცი - ყველას ვერ ჩამოთვლი.


თბილისში 1972 წელს თედ ჯონს-მელ ლუისის ორკესტრის ჩამოსვლა ჯაზის ქართველი მოყვარულებისთვის ნამდვილ დღესასწაულად იქცა. კონცერტი სპორტის სასახლეში გაიმართა. ბიგ-ბენდი 18 მუსიკოსისგან შედგებოდა. მათ შორის იყვნენ გამოჩენილი ჯაზისტები სნუკი იანგი, ჯერომ რიჩარდსონი, პეპერ ადამსი, ფრენკ ფოსტერი, რონალდ ჰანა და სხვები.

ორკესტრის მესაყვირე სესილ ბრიჯუოტერის მეუღლემ, ახალგაზრდა შავკანიანმა მომღერალმა დიდი ბრიჯუოტერმა, შესანიშნავად შეასრულა ჯაზის რამდენიმე ე.წ. ”სტანდარტი”. ესტრადაზე მაშინ ვიხილეთ ფეხმძიმე ქალი, რაც საკმაოდ უჩვეულო იყო. იმხანად არავინ იცოდა, რომ მომღერალი მალე მსოფლიო პოპულარობას მოიპოვებდა. 2005 წელს დიდი ბრიჯუოტერი ჯაზის პირველ ლედიდ აღიარეს.

1955 წლის ე.წ. ”ბიგ-ბენდების ომის” პერიოდში, ზაფხულის ერთ-ერთ ცხელ ღამეს, დეტროიტში ერთმანეთს შეხვდნენ სტენ კენტონის ორკესტრის დრამერი მელ ლუისი და კაუნტ ბეისის მესაყვირე თედ ჯონსი. სწორედ იმ შეხვედრის დროს ჩამოყალიბდა ახალი კოლექტივი ”Thad Jones –Mel Lewis and The Jazz Orchestra”.

მელ ლუისი ნიუ-იორკის შტატის ქალაქ ბაფალოში 1929 წლის 10 მაისს დაიბადა. მისი ნამდვილი გვარი და სახელი მელვინ სოკოლოვია. ლუისის მამა პროფესიული მედოლე იყო. მელს ჯაზი ბავშვობიდანვე იტაცებდა. უკვე 15 წლის ასაკში დაიწყო მან გამოსვლა პროფესიულ სცენაზე - უკრავდა ბოიდ რევერნის, სტენ კენტონის, ბენი გუდმენის ორკესტრებში, ფრენკ როსოლინის, ბილი ჰოლმანტის, დიზი გილესპის კამერულ კოლექტივებში, ე.წ. ”Combo“-ში.

მელ ლუისის პარტნიორი - მესაყვირე, კორნეტისტი, მეარანჟირე, კომპოზიტორი თედ ჯონსი (Thaddeus Jozeph Jones) დაიბადა მიჩიგანის შტატის ქალაქ პონტიაკში 1923 წლის 28 მარტს. ის ჯაზის მომავალი ვარსკვლავების, პიანისტ ჰენკ ჯონსის და დრამერ ელვინ ჯონსის, შუათანა ძმა იყო. თედი საყვირზე ჯერ მშობლიურ ქალაქში და ოკლაჰომა-სიტიში უკრავდა,1954 წლიდან კი კაუნტ ბეისის ორკესტრში მუშაობდა.


თედ ჯონს-მელ ლუისის ბიგ-ბენდი ე.წ. ნეო-ბოპის ჯაზურ მუსიკას ასრულებდა. ამ მიმდინარეობის ნაწარმოებების შესრულება აბსოლუტურ სმენას და მაღალ ტექნიკას მოითხოვს. ნაწარმოების თავსა და ბოლოში მუსიკოსები უნისონში უკრავენ თემას. შუა ნაწილი ეთმობა სოლისტებს, რომლებიც სვინგთან შედარებით გაცილებით რთულ სოლოებს ასრულებენ. ბოპამდე ჯაზში ყოველი სოლოს შემდეგ მიღებული იყო თავის ოდნავ დახრა და მცირე პაუზით მომდევნო სოლისტისთვის ნიშნის მიცემა. ამისგან განსხვავებით, ბოპერი უეცრად ჩერდება და მომდევნო სოლისტი იძულებულია ასევე უეცრად აიტაცოს სოლო. ამჯერად მეც ბოპერივით გავჩერდები და ბოლო სოლოს თედ ჯონსისა და მელ ლუისის ორკესტრს გადავულოცავ.
XS
SM
MD
LG