Accessibility links

logo-print
3 მარტს, გამთენიისას, მოსკოვში გაემგზავრა საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, ” დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს” ლიდერი, ნინო ბურჯანაძე. ოფიციალურ შეხვედრებს რუსეთის დედაქალაქში იგი 4 მარტიდან შეუდგება, თუმცა კონკრეტულად ვისთან და რა ფორმატში, ჯერჯერობით ცნობილი არ არის.
საქართველოს პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, ნინო ბურჯანაძემ, თბილისის აეროპორტში განაცხადა, რომ რუსეთის დედაქალაქში მისი გამგზავრება იმ დიდი პოლიტიკის ნაწილია, რომლითაც, სხვა პოლიტიკოსებისგან განსხვავებით, სწორედ იგია დაკავებული:

”მივდივარ იმისათვის, რომ დავიცვა ჩემი ქვეყნის და ჩემი ხალხის ინტერესები, იმიტომ, რომ ქვეყანა, სადაც მე მივემგზავრები, არის ჩვენი მეზობელი სახელმწიფო, ერთ-ერთი ძალიან დიდი და ძლიერი სახელმწიფო და, ბუნებრივია, რომ მნიშვნელოვანია ამ სახელმწიფოს პოზიცია საქართველოს ერთიანობისათვის, საქართველოს დემოკრატიული და სუვერენული განვითარებისათვის. მე დაკავებული ვარ დიდი პოლიტიკით. მაშინ, როცა ზოგი მერის არჩევნებითაა დაკავებული და ხელისუფლება კიდევ დაკავებულია ოპოზიციის წინააღმდეგ შავი პიარით, მე დიდ პოლიტიკას ვაკეთებ.”

იმ პოლიტიკურ ძალებს შორის, რომლებიც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისათვის მზადებით არიან დაკავებულნი, არიან ისეთები, ვინც ბურჯანაძის ნაბიჯს ცალსახად პოზიტიურად აფასებს და ისეთებიც, ვინც ამ ეტაპზე რუსეთთან ურთიერთობას სკეპტიკურად უყურებს. კონსერვატორები, მაგალითად, რომლებიც ეგრეთ წოდებული ნოღაიდელის ჯგუფის პარტიების რიგში განიხილებიან, ნინო ბურჯანაძის ნაბიჯს ”მნიშვნელოვანს”, ”გაბედულსა” და ”სერიოზულს” უწოდებენ.

”ეს ვიზიტი ემსახურება რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში პოზიტიური დიპლომატიური მომენტების გაჩენას, ჩვენ ამას მივესალმებით, რა თქმა უნდა. მთლიანობაში, მე ვფიქრობ, ოპოზიცია და საზოგადოება აცნობიერებს ნელ-ნელა, რომ საქართველოს სჭირდება გაცილებით უფრო დაბალანსებული და, რაც მთავარია, დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკა”, - ასე ფიქრობს კონსერვატორი კახა კუკავა.

დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკა ოპოზიციის რიგებიდან არ იმართება და, ამას გარდა, რუსეთთან ურთიერთობებში ამოსავალი ამ ეტაპზე დეოკუპაციისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის თემა უნდა იყოს. ეს არის არგუმენტები, რომლითაც დანარჩენი ოპოზიცია უპირისპირდება მათ, ვინც მიიჩნევს, რომ კრემლთან თანამშრომლობა ამ ეტაპზე აღნიშნულ საკითხებზე მსჯელობის გარეშეც შეიძლება.

ნინო ბურჯანაძის განცხადებას დიდი პოლიტიკის კეთების შესახებ მაშინ, როდესაც სხვა პარტიები ადგილობრივი არჩევნებით არიან დაკავებულნი, რესპუბლიკელი თინა ხიდაშელი გამოეხმაურა:

”საგარეო ურთიერთობებზე ზრუნვის მანდატს გაძლევს არჩევნების შედეგები. ყოველ შემთხვევაში, შედეგის მიღწევის მანდატს გაძლევს არჩევნების შედეგები. ამიტომ ჯერ პირველი ნაბიჯი უნდა გავიაროთ ყველა პოლიტიკურმა ძალამ და ამის შემდეგ უნდა დავიწყოთ საერთაშორისო ურთიერთობებში რაიმე მნიშვნელოვანი სიტყვის თქმის პრეტენზიის ტარება. როგორც ჩანს, ეს აღრევაა და ქალბატონ ნინოს თავი ისევ პარლამენტის თავმჯდომარე ჰგონია.”

თინა ხიდაშელი იმედოვნებს, რომ პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ისეთსავე უხერხულ მდგომარეობაში არ აღმოჩნდება, როგორშიც აღმოჩნდა საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი რუს კოლეგასთან აუდიენციის დროს. რაც შეეხება თავად ნინო ბურჯანაძეს, ”დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს” ლიდერმა მოსკოვში ვიზიტის დაწყების წინ არ დააზუსტა, კერძოდ, ვისთან ურთიერთობას განიხილავს იგი დიდი პოლიტიკის ნაწილად და, შესაბამისად, ვის მოიაზრებს იგი თავის პარტნიორებად რუსეთის პოლიტიკურ ელიტაში. რაც შეეხება ზოგად რიტორიკას, ნინო ბურჯანაძემ თავისი პოლიტიკური გზავნილები, სპეციალური განცხადების საფუძველზე, წერილობით გაავრცელა. ამ განცხადების თანახმად, საქართველოს ხელისუფლებას არა აქვს ქვეყნის გამთლიანების რეალური გეგმა და ცდილობს დაკარგული ტერიტორიების დაბრუნების უპერსპექტივობასთან მოსახლეობაც შეაგუოს. რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის დარეგულირების პერსპექტივების ძიებაში ყველა რესურსის გამოყენების მცდელობას გამოხატავს, ნინო ბურჯანაძის განმარტებით, მისი მოსკოვში გამგზავრება. რაც შეეხება მიზანს, განცხადების თანახმად, იგი შემდეგია:

”იმის გათვალისწინებით, რომ დღეს რუსეთსა და ევროპის წამყვან სახელმწიფოებს შორის მიმდინარეობს სრულიად ახალი ურთიერთობების ჩამოყალიბება, ასევე, რუსულ-ამერიკულ ურთიერთობებში აქტუალურია ეგრეთ წოდებული ”გადატვირთვის” თემა, მიგვაჩნია, რომ საჭიროა არაორდინარული საერთაშორისო აქტივობების დაუყოვნებელი განხორციელება. გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს ძირითადი პრობლემების მოგვარება მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი გზითაა შესაძლებელი, ვფიქრობთ, რომ რუსეთთან პოლიტიკური დიალოგი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ერთიანობისათვის.”

ნინო ბურჯანაძე, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ნოღაიდელის შემდეგ, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, რიგით მეორე პოლიტიკოსია, რომელმაც რუსეთთან, კერძოდ, კრემლთან პოლიტიკური დიალოგის აუცილებლობაზე მსჯელობა სიტყვიდან საქმედ აქცია. ერთ-ერთი პირველიც, ვინც ბურჯანაძის ნაბიჯი პოზიტიურად შეაფასა, ზურაბ ნოღაიდელია. მოსკოვთან ურთიერთობა არავის ექსკლუზივი არ არის, ამბობს ექს-პრემიერ-მინისტრი:

” არც მქონდა იმის განცდა, რომ ექსკლუზივი მქონოდა, არც იმის განცდა, რომ მე უნდა ვყოფილიყავი ერთადერთი ფავორიტი, როგორც თქვენ ამბობთ, კრემლის. მოსკოვთან ურთიერთობები უნდა ჰქონდეს ყველას.”

მათ შორის, დღვანდელ მთავრობასაც, აზუსტებს ზურაბ ნოღაიდელი. დღევანდელ ხელისუფლებაში კი, დეპუტატ გოკა გაბაშვილის კომენტარის თანახმად, ისედაც ელოდნენ, რომ ნინო ბურჯანაძე ზურაბ ნოღაიდელის გზას დაადგებოდა.
XS
SM
MD
LG