Accessibility links

logo-print
ევროკავშირის დელეგაცია, რომელსაც მორიგე თავმჯდომარე ქვეყნის, ესპანეთის, საგარეო საქმეთა მინისტრი მიგელ ანხელ მორატინოსი ხელმძღვანელობს, კავკასიური ტურნეს ფარგლებში, საქართველოს 3 მარტს ეწვია. ევროკავშირი კვლავაც მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და მუდამ მხარში უდგას საქართველოს ევროპასთან კიდევ უფრო დაახლოების გზაზე, - თქვა მორატინოსმა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ პრესკონფერენციაზე, სადაც ის და დელეგაციის სხვა წევრები ლარსის ახლად გახსნილი სასაზღვრო გამშვები პუნქტის მონახულების შემდეგ მივიდნენ.

ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტი ევროკავშირის დელეგაციამ მოინახულა ნიშნად იმ ძალისხმევისა, რომელსაც ის რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის დარეგულირებისკენ მიმართავს. დაახლოებით ასეთი იყო განმარტება, რომელიც ლარსიდან დაბრუნებულმა მიგელ ანხელ მორატინოსმა საქართველოს საგარეო უწყებაში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. თუმცა ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრს, რომელიც თავის დროზე ერთ-ერთი პირველი ჩამოვიდა ომგამოვლილ საქართველოში, კარგად ესმის, რომ 2008 წლის აგვისტოში დანგრეული ურთიერთობების აღდგენა იოლი საქმე ნამდვილად არ იქნება:

”ვიცი, ეს ძნელი იქნება და ვიცი, რომ დიდ დროს მოითხოვს... ვიცი, რამხელა ძალისხმევა უკავშირდება ჟენევის მოლაპარაკებებს... მაგრამ მნიშვნელოვანი მოთამაშე - ევროკავშირი - მუშაობს თქვენთან ერთად, ზრუნავს საქართველოს მომავალზე, რომელიც ევროკავშირთან იქნება დაკავშირებული. და ეს არის ყველაზე მთავარი გზავნილი, რომელიც ჩამოვიტანე მთელი ევროკავშირის სახელით. ”

ევროკავშირისა და საქართველოს დაახლოების გზაზე მიგელ ანხელ მორატინოსი მნიშვნელოვნად მიიჩნევს ხელშეკრულებების მთელ წყებას, საიდანაც რამდენიმეს უახლოეს მომავალში უნდა მოეწეროს ხელი. ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარე ქვეყნის წარმომადგენელს კონკრეტული ვადები არ დაუსახელებია. სამაგიეროდ, ვადების დაზუსტებას მისი ქართველი კოლეგა გრიგოლ ვაშაძე შეეცადა:

”გამარტივებული სავიზო რეჟიმისა და რეადმისიის ხელშეკრულებები უკვე მზად არის და, ალბათ, არაუგვიანეს გაზაფხულის ბოლოს ჩვენ მას ხელს მოვაწერთ. დაწყებულია პროცესი საქართველოს მოქალაქეების თავისუფალ, დარეგულირებულ შრომით მიგრაციასთან დაკავშირებით. საავიაციო ხელშეკრულება, ფაქტობრივად, შეთანხმებულია, 99%-ით... რაღაც ბოლო შტრიხები დარჩა და უკვე მომავალ კვირას პარაფირება მოხდება ამ ხელშეკრულების... და ასოცირების ხელშეკრულებასა და გაღრმავებულ თავისუფალ სავაჭრო რეჟიმზე მოლაპარაკებები დაიწყება მას შემდეგ, რაც კომისია მიიღებს მანდატს. მანდატის მიღება, ძალიან დიდი ალბათობით, მოხდება გაზაფხულის ბოლოსთვის.”

გრიგოლ ვაშაძის თქმით, ევროკავშირის დელეგაციასთან შეხვედრის მთავარ თემებს 3 მარტს წარმოადგენდა: საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები, მათი არაღიარების სტრატეგია, ევროკავშირის სამეთვალყურეო მისიის მუშაობა და საქართველოს სახელმწიფო სტრატეგია ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებით.

ხსენებული სტრატეგია, ძირითადად, დადებითად შეაფასა თავად მიგელ ანხელ მორატინოსმა და ხაზი გაუსვა შესაძლებლობას, რომ დოკუმენტის განხილვა ევროკავშირის საგანგებო კონფერენციის ფარგლებში შედგეს. რაც შეეხება ევროკავშირის სამეთვალყურეო მისიას, ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მისიის მუშაობას მაღალ შეფასებას აძლევს და მიიჩნევს, რომ მისიამ საქართველოს მგრძნობიარე რეგიონებში მუშაობა უნდა გააგრძელოს და, შესაბამისად, ევროპელ მეთვალყურეებს მუშაობის მანდატი უნდა გაუგრძელდეთ.

საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ პრესკონფერენციაზე დაისვა შეკითხვა ესპანეთის სურვილთან დაკავშირებით, მიჰყიდოს რუსეთს სამხედრო ხომალდი „ხუან კარლოს პირველი“, რომელიც ერთგვარ კონკურენციასაც კი ცდილობს ფრანგულ ”მისტრალთან”. ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ამგვარ ვაჭრობაში სახიფათოსა და შემაშფოთებელს ვერაფერს ხედავს:

”სამხედრო თანამშრომლობას არეგულირებს ევროკავშირის ქცევის კოდექსი. ევროკავშირის ქვეყნებს აქვთ სამხედრო თავდაცვითი იარაღის ექსპორტის უფლება. ჩვენ არავის წინააღმდეგ არ ვმოქმედებთ და ვმუშაობთ უკეთესი ურთიერთგაგების მისაღწევად ყველა ქვეყანას შორის და, რა თქმა უნდა, რუსეთსა და საქართველოს შორისაც.”

ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ ერთობლივ პრესკონფერენციაზე გაკეთებულ ამ კომენტარს მისი ქართველი კოლეგაც ისმენდა, თუმცა გრიგოლ ვაშაძემ დამატებითი კომენტარისგან თავი შეიკავა.
XS
SM
MD
LG