Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოპოზიციის თვალით დანახული დედის დღე


უკვე 19 წელია, რაც საქართველოში 3 მარტი მხოლოდ გაზაფხულის მესამე დღე კი არა, დედის დღეც არის. განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩეოდნენ წელს ოპოზიციის წარმომადგენლები - ერთი ნაწილი ომში შვილმკვდარ დედებს ხვდებოდა, მეორე ნაწილი ქართლის დედასთან იკრიბებოდა, მესამე ნაწილი შრომის კოდექსში შესატან ცვლილებებზე საუბრობდა. და თბილისში ძალიან ბევრი ყვავილი იყიდებოდა.

მიუხედავად იმისა, რომ 3 მარტს დილიდან თბილისის ქუჩები ყვითლად და იასამნისფრად მოირთო, ანუ ნარცისებით და ყოჩივარდებით აივსო, ქართული ოპოზიციის დიდმა ნაწილმა დედის დღის მხოლოდ მინდვრის ყვავილებით მილოცვა არ იკმარა. თუმცა ყვავილებიც იყო. ოპოზიციის მხრიდან დედის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ძირითადი დრო არსებულ შრომის კოდექსში გასათვალისწინებელ ცვლილებებს დაეთმო, უფრო კონკრეტულად კი, შრომის კოდექსის მეოთხე თავს, რომელიც ორსულობასა და დედათა და ბავშვთა შემდგომ რეაბილიტაციას ეხება.

ქვეყანაში დედის სოციალური უფლებების სავალალო მდგომარეობა საფრთხის ქვეშ აყენებს როგორც შობადობას, ასევე მომავალი თაობის აღზრდასა და ქართული ოჯახის გაძლიერებას, აცხადებს ეროვნულ- დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, გურამ ჩახვაძე, მედიასთან საუბრისას. მისი თქმით, არსებული შრომის კოდექსით, არც ორსულ ქალებს და არც მცირეწლოვანი შვილების დედებს არა აქვთ არც დასაქმებისა და არც სამუშაო ადგილის შენარჩუნების არავითარი გარანტია. ეროვნულ- დემოკრატიული პარტია საზოგადოებასა და ხელისუფლებას შრომის კოდექსში შესატან ცვლილებებს აცნობს:
”დედის დღეს ვხვდებით უუფლებო დედებით. კანონმდებლობა და შრომის კოდექსი მოითხოვს ცვლილებებს, რომელიც დაიცავს და განამტკიცებს დედის უფლებებს. დამსაქმებელს უნდა აეკრძალოს ორსული ან მცირეწლოვანი შვილების მყოლი დედების სამუშაოდან დათხოვნა, დედას უნდა ჰქონდეს უფლება მცირეწლოვანი შვილის მოსავლელად ისარგებლოს ხანგრძლივი შვებულებით, რომელსაც აანაზღაურებს სახელმწიფო”, - აცხადებს ჩახვაძე.

ეს არის დისკრიმინაციული კანონი, რომელიც აბსოლუტურად არღვევს დედების უფლებებს, აცხადებს რადიო თავისუფლებასთან საუბარში ”ალიანსი საქართველოსთვის” თანათავმჯდომარე სოზარ სუბარი. ”ალიანსი საქართველოს” წარმომადგენლებმა დედის დღე, ანუ 3 მარტი, აირჩიეს იმ თარიღად, როდესაც საზოგადოებამ მათი საარჩევნო პროგრამის სწორედ ის ნაწილი უნდა გაიცნოს, რომელიც შრომის კოდექსში ცვლილებებს ეხება და რომელიც დედათა და ორსულთა უფლებებს დაიცავს. მათი თქმით, გამარჯვების შემთხვევაში, ეს ცვლილებები აუცილებლად განხორციელდება:

”ჩვენ ვთავაზობთ საზოგადოებას, რომ უზრუნველვყოფთ მშობიარობის ასპროცენტიან დაფინანსებას, ყოველ ახალშობილზე ერთჯერადი დახმარების სახით გაიცემა 500 ლარი, ანაზღაურებადი დეკრეტული შვებულების ვადა გაიზრდება ერთ წლამდე, მათ გარანტირებულად შეუნარჩუნდებათ სამუშაო ადგილები”, - ამბობს სოზარ სუბარი.

გიორგი თარგამაძე, ქრისტიან-დემოკრატების მიტინგი ქართლის დედის ძეგლთან
ქრისტიან-დემოკრატებმა დედის დღე საზოგადოებას თბილისის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი წერტილიდან, ანუ ქართლის დედის გარშემო შეკრებილებმა მიულოცეს. ყველაზე კარგად დედებმა იციან, თუ რას ნიშნავს ომი და ის სიმწარე, რასაც შვილის დაკარგვა ჰქვია, ამიტომ სწორედ ამ ადგილიდან უნდა გავაგონოთ ხალხს ხმა, რომ ქართველ დედებს აღარ უნდათ ომი და სისხლისღვრა, ამბობს გიორგი თარგამაძე:

ომში შვილმკვდარი დედები 3 მარტს, ”ეროვნული ფორუმის” ინიციატივით, კინოს სახლში შეიკრიბნენ. ჩვენ ერთი ტკივილი, ერთი დარდი გვაერთიანებს, ჩვენ მშვიდობისთვის გავწირეთ შვილები, ამბობენ ისინი:

ძალიან მძიმეა ეს დღე ჩვენთვის, შვილმკვდარი დედებისათვის. მე მათ ჯანმრთელობას ვუსურვებ, რომ საკუთარი შვილების საფლავებს მიხედონ.

შვილები დავკარგეთ, მაგრამ სხვა გზა არ გვაქვს. როგორც საზოგადოებას სჭირდება, ჩვენც ისე უნდა მოვიქცეთ. ჩვენ მხოლოდ მშვიდობა და ერთიანობა გვინდა.
XS
SM
MD
LG