Accessibility links

logo-print

ბალკანეთის ორ სახელმწიფოს სურს ბოსნიის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის ექსტრადიცია


ეიუპ განიჩი

ეიუპ განიჩი

ბრიტანეთის სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს, ვის გადასცეს ლონდონის აეროპორტში დაკავებული ეიუპ განიჩი, ბოსნიის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი. განიჩი ორ ქვეყანას სურს - სერბიასა და ბოსნია-ჰერცეგოვინას. ის, მართალია, სერბიის თხოვნითაა დაკავებული, მაგრამ სარაევოში მიაჩნიათ, რომ მისი ადგილი ბოსნიაშია.

წმინდა სამართლებრივი თვალსაზრისით, დავა სერბიასა და ბოსნია-ჰერცეგოვინას შორის განიჩის თაობაზე უპრეცედენტოა და, ამდენად, ინგლისელ იურისტებს გადაწყვეტილების მიღება არ გაუადვილდებათ. განიჩი ბოსნიელი მაჰმადიანია. სერბიის მიერ ის იძებნებოდა ბოსნიის ომის დაწყებისას, 1992 წელს, სარაევოში იუგოსლავიის არმიის დაჭრილი ჯარისკაცების დახოცვასთან დაკავშირებით. ის სარაევოს ტექნოლოგიური სასწავლებლის ხელმძღვანელია და ინგლისის ბეკინგემის უნივერსიტეტთან პარტნიორობა აკავშირებს, რის გამოც მოგზაურობს ხოლმე ბრიტანეთში. „სკოტლანდ იარდის“ განცხადებით, განიჩი დროებით დააკავეს სერბიის თხოვნით, რადგან ბელგრადი მას დაეძებდა მკვლელობის ორგანიზებისა და ჟენევის კონვენციის დარღვევის გამო. სერბიის იუსტიციის მინისტრი სნეჟანა მალოდიჩი ამბობს, რომ სერბია ახლა დროებითი დაკავების მოთხოვნას შეცვლის ექსტრადიციის მოთხოვნით:

„იუსტიციის სამინისტრო მალე მოამზადებს ყველა საჭირო დოკუმენტს ექსტრადიციის მოთხოვნისთვის. მოველით, რომ ეს მოხდება ამ კვირაში. სიცხადისთვის ვიტყვი, რომ ეიუპ განიჩი იძებნებოდა, სერბიის თხოვნით, სამ დანაშაულთან დაკავშირებით. მათგან ყველაზე ცნობილია თავდასხმა სამხედრო კოლონაზე სარაევოში, დობროვოლსკაიას ქუჩაზე.“

განიჩი უარყოფს პასუხისმგებლობას ამ თავდასხმისთვის. ის თანამშრომლობდა ბოსნიაში გამოძიებასთან 92 წლის ინციდენტის გამო. სერბია ამ საქმეს პარალელურად იკვლევდა.

სარაევოში ფიქრობენ (ამის შესახებ ბოსნიის პრკურატურის წარმომადგენელმა ბორის გრუბესიჩმა განაცხადა), რომ ბოსნიაში ბოსნიელების მიერ ჩადენილი საომარი დანაშაული მისი უწყების საკვლევი საქმეა და ამიტომ განიჩი სარაევოს ზედამხედველობის ქვეშ უნდა დარჩეს. ბოსნიამ, თავის მხრივ, მოთხოვნა გაუგზანა ბრიტანეთს და აპირებს სერბიას მოსთხოვოს განიჩის საქმის გადაცემა, რაც, ბოსნიის იუსტიციის მინისტრის, ბარისას, თქმით, ეფუძნება ყოფილი იუგოსლავიის ორი ქვეყნის შეთანხმებას, გაირჩეს საომარი, ასევე კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების საქმეები იმ ქვეყანაში, რომლის მოქალაქეცაა ეჭვმიტანილი. ბოსნიამ ბრიტანეთს ოფიციალურად მოსთხოვა განიჩის გადაცემა. სასამართლო ამ საქმის გარშემო 29 მარტისთვისაა დანიშნული.

გაგაცნობთ აზრს, რომელიც ჩვენს რადიოსთან საუბარში გამოთქვა ბელგრადის უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის პროფესორმა ვოინ დიმიტრიევიჩმა. ის ფიქრობს, რომ საკითხის გადაწყვეტას, ვის გადასცენ განიჩი, დიდი დრო დასჭირდება:

„ლაპარაკია ექსტრადიციის პროცედურაზე, რომელიც უნდა განხორციელდეს ჟენევის კონვენციის და, ამავე დროს, ექსტრადიციის შესახებ ბრიტანეთის კანონის მიხედვით. ეს პროცედურა შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს. და ესეც აძლევს შესაძლებლობას ადვოკატებს, საჩივრის დახმარებით, საქმე უზენაეს სასამართლოში განიხილონ.“

განიჩის გამო ინციდენტმა გაამწვავა ურთიერთობა სერბიასა და ბოსნია-ჰერცეგოვინას შორის. ზოგიერთ ბოსნიელს მიაჩნია, რომ ბოსნიელ სერბთა ყოფილი ლიდერის, რადოვან კარაჯიჩის სასამართლოს განახლების გამოა, რომ სერბია ახლა ასე აქტიურობს განიჩის საქმეში. ბოსნიის სამწევრიანი მმართველობის მაჰმადიანმა წევრმა, ჰარის სილაჯიჩმა, განაცხადა, რომ მათ, ვინც განიჩის წინააღმდეგ მოქმედებს, უნდა იცოდეს, რომ ბოსნიელები ყველანაირად იბრძოლებენ თავიანთი მოქალაქის დასაცავად იმ აგრესიისგან, რომელიც ბოსნიისკენაა მიმართული.
XS
SM
MD
LG