Accessibility links

logo-print
უკრაინის ახალმა პრეზიდენტმა, ვიქტორ იანუკოვიჩმა ძალაუფლების კონსოლიდაციისაკენ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა მას შემდეგ, რაც პარლამენტმა უნდობლობა გამოუცხადა მისი მეტოქის, პრემიერ-მინისტრ იულია ტიმოშენკოს მთავრობას. დღევნდელი კენჭისყრის შედეგად, იანუკოვიჩს ეძლევა შესაძლებლობა, დაიწყოს მუშაობა თავისი კოალიციის შექმნაზე. რაც შეეხება ტიმოშენკოს, ის პირობას დებს, რომ ოპოზიციის ლიდერის რანგში გაუწევს ოპონირებას ახალ ხელისუფლებას.

ნარინჯისფერი რევოლუციის გმირი - ქალი, რომელიც გასული თვის საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხდა, ახლა პრემიერ-მინისტრის პოსტსაც კარგავს.

უკრაინის პარლამენტში დღეს იულია ტიმოშენკოს მთავრობისადმი უნდობლობის საკითხზე კენჭისყრა გაიმართა. შედეგად, 240-ზე მეტი დეპუტატი მოემხრო უნდობლობის გამოცხადებას სულ 450-ადგილიან პარლამენტში.

მანამდე, ტიმოშენკომ დეპუტატებს აუწყა, რომ ის და მისი კაბინეტის წევრები, უნდობლობის გამოცხადების შემთხვევაში, მაშინვე გადადგებოდნენ. „ჩვენი პოლიტიკური ძალა ოპოზიციაში გადავა და ერთიან დემოკრატიულ გუნდს შექმნის“, განაცხადა ტიმოშენკომ.

პრემიერ-მინისტრის პოსტი ახლა შესაძლოა, მიკოლა აზაროვს ერგოს - ახალი პრეზიდენტის, პრომოსკოვური ორიენტაციის პოლიტიკოსად მიჩნეული ვიქტორ იანუკოვიჩის გუნდის ერთ-ერთ წამყვან წევრს. ყოველ შემთხვევაში, აზაროვი, იანუკოვიჩის განცხადებით, ერთ-ერთია პრემიერ-მინისტრობის სამი კანდიდატიდან, რომლებიც პრეზიდენტისთვის არიან სასურველი.

დღეს აზაროვმა, პარლამენტში გამოსვლისას, მიუთითა ტიმოშენკოს პასუხსიმგებლობაზე უკრაინის, აზაროვის სიტყვით, „კატასტროფული“ ეკონომიკური კრიზისის გამო. აზაროვის თქმით, „კრიზისთან საბრძოლველად სერიოზულ ნაბიჯებზე უარის თქმით, მთავრობა მთელი 2009 წლის მანძილზე ჭამდა და ფლანგავდა ქვეყნის მწირ საკუთარ რესურსებს, ეხვეოდა კოლოსალურ ვალებში ისე, რომ აბსოლუტურად არ ზრუნავდა ხვალინდელ დღეზე“.

მაგრამ ტიმოშენკომ დაიცვა თავისი კაბინეტის მოქმედება, რომელიც, მისი განმარტებით, უკრაინის დამოუკიდებლობის დაცვასა და საფინანსო კოლაფსის თავიდან აცილებას ემსახურებოდა. მან, თავის მხრივ, იანუკოვიჩი გააკრიტიკა „ანტიუკრაინული პოლიტიკის“ განხორციელების გამო - პოლიტიკისა, რომელიც, ტიმოშენკოს შეფასებით, საფრთხეს უქმნის უკრაინის სუვერენობასა და დემოკრატიას.

„თუ იანუკოვიჩს ჰგონია, რომ შეძლებს, წყნარად ითამაშოს გოლფი და ჩოგბურთი, მაშინ როცა მისი გუნდი ჩუმ-ჩუმად გაინაწილებს ქვეყნის სტრატეგიული მნიშვნელობის საკუთრებას, შემიძლია დღესვე ვთქვა, რომ მისი გოლფი და ჩოგბურთი დამთავრებულია“, ასე „დაიმუქრა“ ტიმოშენკო.

ახლა იანუკოვიჩი თავისი მმართველი კოალიციის შექმნით შეეცდება ძალაუფლების კონსოლიდაციას. საამისოდ მას 30 დღე აქვს, რის შემდეგაც, წარუმატებლობის შემთხვევაში, შეუძლია პარლამენტის დათხოვნა და ვადამდელი არჩევნების დანიშვნა.

ბოლოს შეგახსენებთ, რომ ტიმოშენკოს კოალიცია გუშინ დაიშალა, როცა ვერ შეაგროვა პარლამენტართა საკმარისი რაოდენობის ხელმოწერები იმის დასადასტურებლად, რომ ჯერ კიდევ აქვს უმრავლესობა საკანონმდებლო ორგანოში.
XS
SM
MD
LG