Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

”სახალხო დემოკრატები” - საზოგადოების წინაშე


ნიკა ივანიშვილი, ”სახალხო დემოკრატების” ლიდერი (ცენტრში)
ნიკა ივანიშვილი, ”სახალხო დემოკრატების” ლიდერი (ცენტრში)
4 მარტს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე სამი თვით ადრე, თბილისში კიდევ ერთი ახალი - სახალხო-დემოკრატიული - პარტია დაფუძნდა. ახალმა პოლიტიკურმა ძალამ ყურადღება ცოტა ხნის წინ მიიქცია, როდესაც მის ლიდერად და მერობის კანდიდატად ნიკა ივანიშვილი დასახელდა. ”შერატონ მეტეხი პალასში” გამართულ პარტიის პრეზენტაციაზე საზოგადოების წინაშე ახალი პოლიტიკური გუნდის წევრებად წარდგნენ ისეთი - არაპოლიტიკურად, მაგრამ მაინც - ცნობილი ფიგურები, როგორებიც არიან შოთა ხაბარელი და ზაზა კოლელიშვილი.

ნიკა ივანიშვილი, თბილისის მერობის კანდიდატი
ნიკა ივანიშვილის სახელი, რომელსაც ფართო საზოგადოება აქამდე არ იცნობდა, ცნობილი გახდა ცოტა ხნის წინ - მას შემდეგ, რაც თბილისის მერის პოსტზე, პარტია ”სახალხო დემოკრატების” ინიციატივით, მისი კანდიდატურა დასახელდა. ახალი პარტიის პრეზენტაცია 4 მარტს თბილისში გაიმართა და ”შერატონში” შეკრებილმა საზოგადოებამ ნიკა ივანიშვილისა და მისი გუნდის წევრებისგან პოლიტიკაში მოსვლის მიზეზებიც მოისმინა და სურვილებიც:

”მე არ ვიქნები ისეთი ქალაქის მერი, სადაც შენობებს ააშენებენ ისე, რომ თქვენ არ შეგეკითხებიან; არც ისეთი ქალაქის მერი, სადაც გაკაფავენ ვერის ხეობას, თუნდაც სასიკეთო საქმეებისათვის, მაგრამ თქვენ არაფერს შეგეკითხებიან.”

„სახალხო დემოკრატების“ გუნდშია ცობილი სპორტსმენი შოთა ხაბარელიდა ასევე ცნობილი მსახიობი ზაზა კოლელიშვილი, რომელიც საკმაოდ აქტიურობდა ბოლო დროს საქართველოში გამართული აქციების დროს.

ზაზა კოლელიშვილი, რეჟისორი და მსახიობი
”ჩვენ იდეა ფიქსი არ გვქონია, რომ 207-ე ან 218-ე პარტიად ჩამოვყალიბებულიყავით. გვინდა რაც ხალხს აწუხებს, იმ პრობლემების გარშემო გავერთიანდეთ და თუ ეს არ გამოგვივა, დავიშლებით - არ არის პრობლემა - ისე, როგორც ეს ნორმალურ ხალხს სჩვევია.”

პარტიის ძირითად პრინციპებსა და პოლიტიკურ მიმართულებაზე მისი სახელიც მეტყველებს, აცხადებს რადიო თავისუფლებასთან საუბარში ნიკა ივანიშვილი:

” სახალხო დემოკრატები - იმიტომ რომ ქვეყანაში სახალხო მმართველობა არ ყოფილა, ხალხისგან არჩეულ ადამიანებს ეს ქვეყანა არ უმართიათ არც 1918-21 წლებში, არც 90-იან წლებში და შემდეგ...“

ცნობილია, რომ პარტია იქნება ოპოზიციური. ცნობილია ისიც, რომ სახალხო დემოკრატები ბრძოლის არარევოლუციურ გზას აირჩევენ.

ასევე ცნობილია პარტიის ერთ-ერთი პრიორიტეტიც - უკანონო პატიმრების და პოლიტპატიმრების უფლებების დაცვა. ამ საერთო ინტერესს „სახალხო დემოკრატებსა“ და წინააღმდეგობის მოძრაობა „შემოგვიერთდის“ შორის რამდენიმე დღის წინ თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებაც მოჰყვა. „შემოგვიერთდის“ სახელით თიკო ნიბლიაშვილი ამბობს, რომ, მიუხედავად ასაკობრივი ზღვარისა, ისინი ერთობლივ ბრძოლას შეუდგებიან.

ნიკა ივანიშვილი ამბობს, რომ დღემდე მათთან რაიმე სახის კონსულტაციები სხვა ოპოზიციური პარტიების მხრიდან არ გამართულა, რადგან მათ აქამდე სერიოზულ პოლიტიკურ ძალად არ აღიქვამდნენ, თუმცა პარტიის ოფიციალურად დაფუძნების შემდეგ, ივანიშვილის პროგნოზით, თანამშრომლობის ინტერესი გაიზრდება. თავად ივანიშვილი ოპოზიციური ძალების გაერთიანებას სკეპტიკურად უყურებს, მაგრამ არაფერს გამორიცხავს. დაბოლოს ვიტყვით, რომ ამჟამად თბილისის მერობის კანდიდატი და ახალი პოლიტიკური პარტიის ლიდერი ფიზკულტურულ-სპორტული კლუბის, „დინამოს“, თავმჯდომარეა. ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG