Accessibility links

logo-print

ისლამის კრიტიკით ცნობილმა პოლიტიკოსმა არჩევნებში გაიმარჯვა


გეერტ ვილდერსი, თავისუფლების პარტიის“ ლიდერი

გეერტ ვილდერსი, თავისუფლების პარტიის“ ლიდერი

ჰოლანდიაში გამართულ ადგილობრივ არჩევნებში მნიშვნელოვანი წარმატება მოიპოვა ისლამის კრიტიკით ცნობილი პოლიტიკოსის, გეერტ ვილდერსის, პარტიამ, რაც მოწმობს, რომ მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებში ეს პარტია ერთ-ერთი სერიოზული მოთამაშე იქნება.

ჰოლანდიის მუნიციპალური არჩევნების წინასწარი შედეგების თანახმად, პარტიამ, რომელიც იმიგრაციისა და ისლამის საკითხებთან მიმართებით მკაცრი და კრიტიკული პოზიციებით არის ცნობილი, მნიშვნელოვანი წარმატება მოიპოვა. ბევრის აზრით, ეს მოწმობს, რომ პარტია ივნისში დანიშნულ საპარლამენტო არჩევნებშიც ბევრ ხმას მიიღებს.

წინასწარი შედეგების თანახმად, გეერტ ვილდერსის „თავისუფლების პარტიამ“ ყველაზე მეტი ხმა მოიპოვა ალმერეში - დედაქალაქ ამსტერდამიდან აღმოსავლეთით მდებარე ქალაქში, ჰააგაში კი ის მეორე ადგილზე გავიდა, ლეიბორისტული პარტიის შემდეგ. აღსანიშნავია, რომ „თავისუფლების პარტიამ“ არჩევნებში მონაწილეობა მხოლოდ ამ ორ ქალაქში მიიღო.

„რაც ჰააგაში და ალმერეშია შესაძლებელი, მთელი ქვეყნის მასშტაბითაც შეიძლება მოხდესო“, - უთხრა ვილდერსმა მომხრეებს ხუთშაბათს: „9 ივნისს ჩვენ ჰოლანდიის უდიდეს პარტიად ვიქცევითო“, - განაცხადა მან.

საბოლოო შედეგები პარასკევამდე არ გამოქვეყნდება.

ჰოლანდიაში საპარლამენტო არჩევნები ვადაზე ადრე, ივნისში, მას შემდეგ დაინიშნა, რაც გასულ თვეში ქვეყნის მემარცხენე-ცენტრისტული მთავრობა დაიშალა. ლეიბორისტულმა პარტიამ კოალიცია დატოვა ავღანეთში მიმდინარე სამხედრო კამპანიაში ჰოლანდიის ჯარის მონაწილეობის ვადის გაგრძელების ირგვლივ შექმნილი უთანხმოების გამო.

ერთ-ერთი ბოლო გამოკითხვის თანახმად, შესაძლებელია 9 ივნისის არჩევნებში გეერტ ვილდერსის პარტიამ გაიმარჯვოს და ქვეყნის 150-წევრიან პარლამენტში ყველაზე მეტი მანდატი მოიპოვოს.

აქამდე ეს პარტია ჰოლანდიის პარლამენტში 9 მანდატს ფლობს, ევროპარლამენტში კი ამ პარტიის 4 წარმომადგენელია დეპუტატი. მემარცხენე ორიენტაციის პარტიები უკვე აცხადებენ, რომ ვილდერსთან არ ითანამშრომლებენ.

ვილდერსის პარტია 2006 წელს შეიქმნა და დეკლარირებულ მიზნად „ჰოლანდიის ისლამიზაციის შეჩერება“ განისაზღვრა.
ჰოლანდიელმა პოლიტოლოგმა ანდრე კროუელმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ვილდერსმა, იმიგრაციასთან დაკავშირებული შიშებისა და უკმაყოფილების გამოყენებასთან ერთად, ელექტორატში შედარებით ახლახან გაჩენილი განცდით - ეკომონიკური ვითარებით უკმაყოფილებითაც - ისარგებლა:

„ის იმ დიდ უკმაყოფილებას იყენებს, რომელიც ჰოლანდიელებში მულტიკულტურული საზოგადოების განვითარებასთან მიმართებით არსებობს - განსაკუთრებით ისეთ დიდ ქალაქებში, როგორებიცაა ჰააგა, ალმერე და სხვები. იქ ძალიან დიდი პრობლემებია როგორც უმუშევრობის, ისე კრიმინალის თვალსაზრისით. ვილდერსი ქალაქებში არსებული ამ პრობლემების მიზეზს იქ ბევრი მუსულმანის ყოფნაში ხედავს.“

ვილდერსი სწორედ მუსულმანების და ისლამის მისამართით გაკეთებული კრიტიკული განცხადებებით არის, უწინარესად, ცნობილი. ჰოლანდიის შიგნით მისმა პოპულარობამ მნიშვნელოვნად შეარყია ამ ქვეყნის, როგორც შემწყნარებლობისა და მულტიკულტურალიზმის ბასტიონის, იმიჯი. თუმცა, ცხადია, მას ბევრი ოპონენტიც ჰყავს, რომლებიც ფიქრობენ, რომ თავისი ნაბიჯებით ვილდერსი უხეშ სტერეოტიპებს აძლიერებს და ეთნიკურ თუ რელიგიურ ჯგუფებს შორის სიძულვილის გაღვივებას უწყობს ხელს.

მუსულმანები ჰოლანდიის მოსახლეობის დაახლოებით 6 პროცენტს შეადგენენ. ვილდერსის აზრით, ისინი ჰოლანდიელთა ცხოვრების წესს და ღირებულებებს უქმნიან საფრთხეს.

2008 წელს, ვილდერსის ავტორობით, ისლამის მწვავე კრიტიკის შემცველი 17 წუთიანი ფილმი - „ფიტნა“ - გამოვიდა. ამ ფილმს, რომელიც ინტერნეტით გავრცელდა, დიდი საერთაშორისო გამოხმაურება და აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა. ის დაგმეს ირანის, ინდონეზიისა და პაკისტანის მთავრობების წარმომადგენლებმა.

ფილმი, რომლის სახელწოდებაც არაბულად „ბრძოლას“ ნიშნავს, ერთმანეთს უნაცვლებს ყურანის ნაწყვეტებს და კადრებს, რომლებზეც ასახულია ისლამისტი ტერორისტების თავდახმები, სასულიერო პირების მიერ ჯიჰადისკენ მოწოდებები და ადამიანებისთვის თავის მოკვეთის სურათები.

ერთი წლის წინ ვილდერსი ლონდონის ჰითროუს აეროპორტიდან უკან გააბრუნეს - ბრიტანეთის მთავრობის წარმომადგენლები შიშობდნენ, რომ მისი ვიზიტი ძალადობას გამოიწვევდა. ვილდერსმა ეს გაასაჩივრა და, სასამართლოს ნებართვის მოპოვების შემდეგ, ბრიტანეთში ჩასვლა მოახერხა.

ამჟამად ვილდერსს ჰოლანდიაში ელოდება კიდევ ერთი სასამართლო პროცესი. მას რასობრივი სიძულვილის გაღვივებაში ადანაშაულებენ იმის გამო, რომ ყურანი და ისლამი ნაცისტურ იდეოლოგიას და ადოლფ ჰიტლერის წიგნს, „მაინ კამფს“, გაუტოლა. ვილდერსი თავს „გამოხატვის თავისუფლებაზე თავდასხმის“ მსხვერპლად მიიჩნევს.

ალმერესა და ჰააგაში მიღწეული წარმატება, სავარაუდოდ, 9 ივნისს დანიშნულ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზეც გავრცელდება.

კროუელი: „ვილდერსმა არჩევნებში მონაწილეობა მხოლოდ ორ ქალაქში მიიღო, სადაც თავიდანვე იცოდა, რომ ბევრ ხმას მოაგროვებდა. მისი მიზანი ივნისის არჩევნებში მონაწილეობაა. მას, უბრალოდ, ამ არჩევნებში გამარჯვებულის სახელის მოპოვება სურდა. ჩემი აზრით, მომავალ საპარლამენტო არჩევნებში ის დიდ წარმატებას მოიპოვებს. მისი პარტია, ალბათ, ერთ-ერთი უდიდესი გახდება.“
XS
SM
MD
LG