Accessibility links

logo-print

ნინო ბურჯანაძე: პუტინთან შეხვედრა „ძალიან საინტერესო“ იყო


ნინო ბურჯანაძე „ძალიან საინტერესოს“ უწოდებს რუსეთის პრემიერ-მინისტრ ვლადიმირ პუტინთან დღევანდელ შეხვედრას. როგორც „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს” ლიდერმა რადიო „თავისუფლებასთან“ სტელეფონო საუბარში განაცხადა, ის და პუტინი რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის „პრაქტიკულად, ყველა ასპექტს“ შეეხნენ. გარდა ამისა, ბურჯანაძეს, მისივე თქმით, მოსკოვში გამართულ შეხვედრებზე განუცხადეს, რომ არ არსებობს „დახურული თემები, რომელთა განხილვაც არ შეიძლება“ - ეს კი საქართველოს პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს ძალიან მნიშვნელოვნად მიაჩნია. „არავინ არ ამბობდა იმას - და მე არ მქონია ისეთი გულუბრყვილო მიზანი, რომ ახლავე, უცებ მივაღწევდით რაიმე დადებით შედეგებს. ასეთი შედეგების მიღწევა მოცემულ ეტაპზე, უმალ - შეუძლებელია. მაგრამ გაგება იმისა, სინამდვილეში რას ფიქრობს რუსეთის ისტებლიშმენტი, როგორ ხედავენ იქ რუსეთ-საქართველოს პრობლემატიკას და თუ არის თუნდაც მინიმალური მზადყოფნა საიმისოდ, რომ ეს ურთიერთობა ოდესმე ნორმალური იყოს - ეს იყო ჩემი ვიზიტის მთავარი ამოცანა“, განაცხადა ბურჯანაძემ რადიო „თავისუფლებასთან“ ინტერვიუში. ის გუშინ გაემგზავრა მოსკოვში და უარი თქვა, წინასწარ გაემხილა, თუ ვისთან აპირებდა შეხვედრას.
XS
SM
MD
LG