Accessibility links

როგორც ამერიკულ-კანადური სამეცნიერო ჯგუფის მიერ ჩატარებულმა გამოკვლევებმა აჩვენა, ქორწინებაში მყოფი ადამიანების სამი მეოთხედი უკიდურესად ბედნიერია. მაგრამ როგორც კი ცოლ-ქმრობაში ეჭვიანობის ფაქტორი ჩნდება, კმაყოფილება დაახლოებით ნახევრდება. სხვაგვარი ვითარებაა პარტნიორების შემთხვევაში, რომლებიც არ იმყოფებიან საქორწინო კავშირში. მათ შორის კმაყოფილების ხარისხიც უფრო დაბალია და ეჭვიანობის უარყოფითი შედეგებიც უფრო ნაკლებად დრამატული.

„ქორწინებას გარკვეულ ჯილდოს ვუკავშირებთ, მაგრამ ის რისკებთანაც არის დაკავშირებული“, ამბობს ენტონი პაიკი აიოვის უნივერსიტეტიდან. ენტონი პაიკმა და მისმა კოლეგამ მარიანა გაცევამ ცოლ-ქმრულ ან არასაქორწინო ურთიერთობაში მყოფი 681 ჰეტეროსექსუალი მამაკაცი და ქალი შეისწავლეს. საცდელ პირებს ეკითხებოდნენ მათი პარტნიორული ურთიერთობით კმაყოფილებისა და ეჭვიანობის ფაქტორის შესახებ. დაუქორწინებელ წყვილთაგან დაახლოებით ნახევარი იტყობინებოდა ეჭვიანობის შესახებ, დაქორწინებულთაგან კი - მხოლოდ 18 პროცენტი. მაგრამ დაქორწინებულთა ამ 18 პროცენტში ეჭვიანობა ბევრად უფრო დიდ ბზარებს აჩენდა, ვიდრე დაუქორწინებელ წყვილთა ნახევარში.

„ახლო პარტნიორებს შორის ეჭვიანობის ფენომენის გაგებას ძალზე დიდი მნიშვნელობა აქვს“, ხსნის პაიკი გამოკვლევის დასკვნაში. „ეჭვიანობა ძალიან მძლავრი გრძნობაა. ზოგიერთ შემთხვევაში ეჭვიანობა ან სასიყვარულო სამკუთხედი შეიძლება პარტნიორთა შორის მკვლელობის ან სხვა ძალადობის მოტივად იქცეს.“
XS
SM
MD
LG