Accessibility links

logo-print

ბურჯანაძე მოსკოვში ვიზიტს განაგრძობს


რუსეთის პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ პუტინი (მარჯვნივ) და ნინო ბურჯანაძე, დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს ლიდერი

რუსეთის პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ პუტინი (მარჯვნივ) და ნინო ბურჯანაძე, დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს ლიდერი

დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოს ლიდერი ნინო ბურჯანაძე განაგრძობს ვიზიტს მოსკოვში. დღეს იგი რუსეთის ფედერაციის საბჭოს სპიკერს სერგეი მირონოვს ხვდება.

ხუთშაბათს საღამოს ბურჯანაძე პრემიერ-მინისტრმა პუტინმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა ლავროვმა მიიღეს. დღეს ბურჯანაძემ ქართულ ტელეკომპანიებს უთხრა, რომ მისი ამოცანაა არა ხმამაღალი განცხადებები, არამედ ნაბიჯების გადადგმა იმ პრობლემების მოსაგვარებლად, რომლებიც საქართველოს და მის ხალხს აწუხებს. ბურჯანაძემ ქვეყნის ტერიტორიის 20%-ის დაკარგვას პრეზიდენტ სააკაშვილის დანაშაული უწოდა.

”შეცდომაა ის, როდესაც ანტირუსული ისტერიით, რეალურად რუსულ საქმეს აკეთებ და კეტავ ყველა გზას იმისათვის, რომ მოლაპარაკებების გზით მოაგვარო პრობლემები, რომელიც შენს ქვეყანას აწუხებს”, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დღეს განაცხადა, რომ მოსკოვში გუშინდელი შეხვედრისას სერგეი ლავროვმა და ”ცნობილმა ქართველმა პოლიტიკურმა მოღვაწემ” ნინო ბურჯანაძემ ორი ქვეყნის ამჟამინდელი რთული ურთიერთობის სხვადასხვა ასპექტზე ისაუბრეს.

სამინისტროს ცნობით, შეხვედრისას ითქვა, რომ კრიზისის და დიპლომატიური კავშირის არარსებობის მიუხედავად, ჩიხიდან გამოსავალი უნდა მოიძებნოს, რადგან რუსეთ-საქართველოს ნორმალური ურთიერთობა აუცილებელია ახალ პირობებში ამიერკავკასიის მშვიდობიანი განვითარებისთვის. რუსულმა მხარემ აღნიშნა, რომ ურთიერთობის აღდგენის შესაძლებლობას უკავშირებს საქართველოში იმ პოლიტიკოსებს, რომლებიც რეგიონში ამჟამინდელ სიტუაციას რეალისტურად აფასებენ - ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ პრესისთვის დღეს გავრცელებულ ინფორმაციაში.

ნინო ბურჯანაძის მოსკოვში მისი ვიზიტი საქართველოს მმართველმა პარტიამ და ოპოზიციის ნაწილმა ღალატად, ნაწილმა კი პოლიტიკურ სვლად შეაფასეს.
XS
SM
MD
LG