Accessibility links

logo-print

ფატიმა მარგიევას სასამართლო პროცესი გადაიდო


ფატიმა მარგიევას სასამართლო პროცესი

ფატიმა მარგიევას სასამართლო პროცესი

დღეს ცხინვალში, ვაგზლის მოედანზე, ფატიმა მარგიევას გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა. აქცია რამდენიმე დღის წინ დაიგეგმა. ამის შესახებ, ცხინვალელმა ჟურნალისტმა თემურ ცხოვრებოვმა საქმის კურსში დე ფაქტო რესპუბლიკის ხელისუფლებაც ჩააყენა.

აქციის ჩატარება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა, რადგან მარგიევას სასამართლო პროცესის შემდეგ, აქციის ორგანიზატორი თემურ ცხოვრებოვი რამდენიმე საათით დაიკარგა - მის ტელეფონზე სრულიად სხვა ადამიანი პასუხობდა. ცხოვრებოვის მეგობრებმა განგაში ატეხეს და მისი ძებნა დაიწყეს. მათი აზრით, ცხოვრებოვი უშიშროების სამსახურში ჰყავდათ და მას აქციის ჩატარების გადაფიქრებას სთხოვდნენ.

ფატიმა მარგიევა
მოგვიანებით, სახლში დაბრუნებულმა ცხოვრებოვმა მხოლოდ ის თქვა, რომ ტელეფონი გაუფუჭდა და არ დაუკონკრეტებია 5 საათის განმავლობაში სად იმყოფებოდა. ეს ინფორმაცია რადიო თავისუფლებას ცხოვრებოვის მეგობრებმა მიაწოდეს და ივარაუდეს, რომ აქცია აღარ ჩატარდებოდა, მაგრამ დღეს მცირერიცხოვანი აქცია ცხინვალში მაინც გაიმართა.

აქციას ოსი უფლებადამცველი ბესარიონ ასეევიც ესწრებოდა, რომელმაც აღნიშნა, რომ ხელისუფლებამ ვაგზლის მოედანზე ჯერ გამნაღმველები მიიყვანა და იქვე მილიციელებიც დააყენა ექსცესების თავიდან ასაცილებლად.

ფატიმა მარგიევას საქმეზე ცხინვალში 4 მარტს დაწყებული სასამართლო პროცესი ერთი კვირით გადაიდო. განსასჯელმა ადგილობრივი ადვოკატის აცილება მოითხოვა და რუსი იურისტის დაქირავების სურვილი გამოთქვა. სასამართლომ მისი შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

მარგიევა 18 თებერვალს იარაღის უკანონოდ შენახვის ბრალდებით დააკავეს.

დაკავებული თავს პოლიტპატიმრად მიიჩნევს. ცხინვალის უნივერსიტეტის პედაგოგი და გაზეთ ”პოზიციის” რედაქტორი კოკოითის ღია კრიტიკით გამოდიოდა და მას რუსული ფინანსური დახმარების მითვისებაში ადანაშაულებდა.

ცხინვალში და ვლადიკავკაზში უფლებადამცველებმა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მარგიევას გათავისუფლების მოთხოვნით სპეციალური კომიტეტები შექმნეს და ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს. მათ რუსეთის პრეზიდენტს და რუსულ უფლებადამცველ ორგანიზაციებს დახმარებისთვის მიმართვები გაუგზავნეს. ტექსტებში დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი ედუარდ კოკოითი დიქტატორად და ტირანად არის მოხსენიებული.

მარგიევამ სასამართლო პროცესზე კოკოითის ხელისუფლების მიერ დანიშნული ადვოკატის ალბინა გაზაევას კომპეტენტურობა ეჭვქვეშ დააყენა და მას ყალბდიპლომიანი იურისტი უწოდა. ოსური საინფორმაციო სააგენტო ოსინფორმი იუწყება, რომ გაზაევა მარგიევას პატივისა და ღირსების შელახვისთვის უჩივლებს. მარგიევა კი რუსეთიდან ადვოკატის ჩამოსვლას დაელოდება. ბესარიონ ასეევმა განაცხადა, რომ მოწვეული ადვოკატის აკრედიტაციის პროცედურას დიდი დრო სჭირდება, ამიტომ მისი აზრით, მარგიევას სასამართლო ვერც 11 მარტს დასრულდება.

ფატიმა მარგიევას გათავისუფლების მოთხოვნით ცხინვალსა და ვლადიკავკაზში შექმნილი კომიტეტები ხელმოწერების შეგროვებას აგრძელებენ, რომელსაც რუსეთის პრეზიდენტს და რუსულ უფლებადამცველ ორგანიზაციებს გაუგზავნიან. მათი აზრით, პოლიტიკური პატიმრის გასათავისუფლებლად კოკოითზე ზეწოლა მხოლოდ მედვედევს შეუძლია. მარგიევას გათავისუფლების მოთხოვნით შექმნილ კომიტეტებს საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციებისთვის ჯერ არ მიუმართავთ.
XS
SM
MD
LG