Accessibility links

დედის დღე, ”იავნანა” და დიდი ტენორი


პაატა ბურჭულაძე საქველმოქმედო კონცერტზე

პაატა ბურჭულაძე საქველმოქმედო კონცერტზე

3 მარტს პაატა ბურჭულაძის საქველმოქმედო ფონდს 6 წელი შეუსრულდა. ”იავნანამ” ამჯერად რუსთაველის თეატრში უამრავ პოპულარულ ქართველ არტისტს მოუყარა თავი და უმასპინძლა დიდ იტალიელ ტენორს ჯუზეპე ჯაკომინის.

პაატა ბურჭულაძეს არაერთხელ განუცხადებია, რაც უფრო დიდია ხელოვანი, მით უფრო ადვილია დაითანხმო იგი საქველმოქმედო საღამოში მონაწილეობაზეო. და არამარტო იმიტომ, რომ დიდ ხელოვანს აქვს საშუალება დაეხმაროს სოციალურად დაუცველ ადამიანებს და იცის, რომ დიდი ხელოვანისთვის უხერხულიცაა იყოს ხელოვანი, როცა მილიონობით ბავშვი მშიერია...უბრალოდ, დიდ ხელოვანს არ შეიძლება ემპათიის გრძნობა განსაკუთრებით არ ჰქონდეს გამძაფრებული, ე.ი. არ შეიძლება არ უთანაგრძნობდეს იმას, ვისაც უჭირს.

ჯუზეპე ჯაკომინი განუწყვეტლივ იმეორებს, მომღერალს ცოცხალი შესრულებით უნდა მოუსმინო, მისი სული რომ იგრძნოო... ოპერის ზოგიერთი სპეციალისტი მიიჩნევს, რომ ჯუზეპე ჯაკომინი ჩვენი დროის ლამის ერთადერთი ”ტენორე დი ფორცაა”, დრამატული ტენორი, რომლისთვისაც მთავარი არა იმდენად ტექნიკა, რამდენადაც საკუთარი თავის, გრძნობების გამოხატვაა. თუმცა ამის საშუალებას მომღერალს, პირველ რიგში, უაღრესად ორიგინალური ხმა აძლევს - ტენორ ჯაკომინის ხმას ბარიტონის ჟღერადობა აქვს. შეიძლება ამიტომაცაა, რომ ჯაკომინის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან გამარჯვებად ალვარო ითვლება, ვერდის ”ბედის ძალის” გმირი.

ჯუზეპე ჯაკომინი საქველმოქმედო მოღვაწეობასაც ეწევა. მომღერალი, რომელიც მალე 70 წლის იუბილეს აღნიშნავს, არასდროს ამბობს უარს შორეულ ქვეყნებში გასტროლებზე, თუკი საქმე ბავშვების დახმარებას ეხება... ”იავნანა” კი, მოგეხსენებათ, პირველ რიგში იმ ბავშვებს ეხმარება, ვისაც ომმა სახლ-კარი დაუკარგა. 6 წლის მანძილზე პაატა ბურჭულაძის საქველმოქმედო ფონდმა ორმოცამდე საღამო გამართა, 50 სოციალურად დაუცველ ოჯახს შეუძინა ბინა და, რაც მთავარია, 230 ბავშვი დაუბრუნა საკუთარ მშობლებს - იმ მშობლებს, რომლებმაც შვილები ბავშვთა სახლებში ჩააბარეს მხოლოდ იმიტომ, რომ ვერ შეძლეს მათი გამოკვება, ანდა იმიტომ, რომ, საქართველოში დამკვიდრებული სტერეოტიპების გამო, რცხვენოდათ ამ ბავშვების სახლებში გაჩერება (2008 წლის შემოდგომაზე, როცა პაატა ბურჭულაძე რადიო თავისუფლების თბილისის ბიუროს სტუმარი იყო, ”იავნანას” წარმომადგენლებმა გვითხრეს, ჩვენში არიან მშობლები, რომელთაც რცხვენიათ თავიანთი უნარშეზღუდული შვილის, ასე ვთქვათ, ”ხალხში გამოჩენა” და საბავშვო სახლებში აბარებენ... ჩვენ ვცდილობთ მათ გადავაფიქრებინოთ ეს გადაწყვეტილებაო. ”იავნანას” მთელ მსოფლიოში ჰყავს თავისი ეგრეთ წოდებული ”სამეგობრო”, რომელიც არაერთ დიდ მუსიკოსს აერთიანებს. ახლა მათ ჯუზეპე ჯაკომინი მიემატა - მაესტრო, რომელსაც არაერთი თაყვანისმცემელი ჰყავს ოპერის ქართველ მოყვარულებს შორის.. სამწუხაროა მხოლოდ, რომ ჯაკომინი საოპერო სპექტაკლში ვერ ვნახეთ.როგორც ამბობენ, იგი არა მარტო უჩვეულო ხმით, არამედ გასაოცარი არტისტიზმით გამოირჩევა. თუმცა რაც თბილისში იმღერა ორკესტრთან ერთად, რომელსაც საქველმოქმედო საღამოზე ნიკა მემანიშვილი დირიჟორობდა, ისიც შთამბეჭდავი იყო.

პაატა ბურჭულაძის საქველმოქმედო ფონდის მოღვაწეობას, როგორც გაირკვა, თბილისის მერიაც შეუერთდა..ეს იმას ნიშნავს, რომ წყენა თუ აგრესია, რომელიც, ხელისუფლების მიმართ ლოიალური ტელეარხების სიუჟეტებით თუ ვიმსჯელებთ, საქართველოს ხელისუფლებას ჰქონდა დიდი მომღერლის მიმართ მას შემდეგ, რაც პაატა ბურჭულაძემ მოსკოვში იმღერა, წარსულს ჩაბარდა. არ არის გამორიცხული, ხელისუფლების ასეთი შემობრუნება მოახლოებული არჩევნებით იყოს გამოწვეული. თუმცა მთავარი ხომ არა მიზეზი, არამედ შედეგია.
XS
SM
MD
LG