Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არის თუ არა ოპოზიციის საქმე - მოაგვაროს ურთიერთობები რუსეთთან


ნინო ბურჯანაძის მოსკოვში ვიზიტს საკმაოდ მწვავე შეფასებები მოჰყვა და არამხოლოდ ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან. „დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს“ ლიდერის მიერ გახმაურებულ მიზანს - მოაგვაროს ურთიერთობები რუსეთთან, არაერთი სახის კითხვის ნიშანი უკავშირდება. არის თუ არა ნოღაიდელისა და ბურჯანაძის მიერ მოსკოვისკენ გაჭრილი გზები იდენტური, კიდევ ვინ გაუყვება მოსკოვის გზას და არის თუ არა ოპოზიციის საქმე - მოაგვაროს ურთიერთობები რუსეთთან?

ჩემი ამოცანა არ იყო აქ ხმამაღალი განცხადებების გაკეთება და გულზე მჯიღის ცემა
მათ, ვინც მოსკოვში ჩასვლა შეცდომად ჩაუთვალა, ნინო ბურჯანაძე 5 მარტს მოსკოვიდანვე პასუხობს და ამბობს, რომ შეცდომა მას სულ სხვაგან ეგულება... მათ შორის - პრეზიდენტ სააკაშვილის ”ანტირუსულ ისტერიაში”, რომელმაც მოსკოვთან ყველანაირი მოლაპარაკების გზა გადაკეტა. სწორედ დიალოგის ახალი გზის გაჭრას ასახელებს „დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს“ ლიდერი რუსეთის პრემიერ-მინისტრ ვლადიმირ პუტინთან 4 მარტს გამართული შეხვედრის მთავარ მიზნად. თუმცა, სწორედ ამ შეხვედრის შემდეგ, აქტუალური გახდა შეკითხვა - რატომ არ გამოიყენა ბურჯანაძემ პუტინთან საუბრისას ტერმინი ”ოკუპირებული ტერიტორიები”. ბურჯანაძე ამბობს, რომ ის მოსკოვში საჩხუბრად არ ჩასულა:

”ჩემი ამოცანა არ იყო აქ ხმამაღალი განცხადებების გაკეთება და გულზე მჯიღის ცემა. ჩემი ამოცანა იყო, არის და მომავალშიც იქნება, რომ ყველაფერი გავაკეთო იმისათვის, რომ ნაბიჯები გადაიდგას კონკრეტული პრობლემების მოსაგვარებლად.”

ის, რასაც ნინო ბურჯანაძე ხალხის პრობლემების მოგვარებას უწოდებს, ხელისუფლების წარმომადგენელთა აზრით, პოლიტიკური წარმატებებისთვის საქართველოს ინტერესებზე უარის თქმა და პუტინისთვის მონური მორჩილების დადასტურების მცდელობაა. ხელისუფლების წარმომადგენლები ვერ ხედავენ განსხვავებას ზურაბ ნოღაიდელისა და ნინო ბურჯანაძის მიერ მოსკოვისკენ გაჭრილ გზებს შორის. თუმცა, მაგალითად, თავად ბურჯანაძე ამბობს, რომ ის არ აპირებს, ნოღაიდელის მსგავსად, ხელი მოაწეროს თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას რუსეთის მმართველ პარტიასთან, ”ედინაია როსიასთან”. გარდა ამისა, გარკვეულ განსხვავებას სტუმრებისადმი მასპინძელთა მიდგომებს შორისაც ხედავს ექსპერტთა კლუბის თავმჯდომარე სოსო ცისკარიშვილი:

”თითქოს სტალინის შთამომავლის ფუნქცია მიანიჭეს ნოღაიდელს, როცა, მთელ რუსულ პოლიტბიუროსთან ერთად, საუბრობდნენ პომპეზურ ვითარებაში. ხოლო როცა პირისპირ არის შეხვედრა, თანაც დახურულ ფორმატში, ინფორმატიული უნდა იყოს ასეთი შეხვედრა ორივე მხარისთვის.”

როდესაც ოპოზიცია ეძებს დასაყრდენს ქვეყნის გარეთ, ამას უკვე სულ სხვა რამე ჰქვია: კოლაბორაციონიზმი, ყველა ენაზე
სოსო ცისკარიშვილი დეტალებში გარკვევამდე თავს იკავებს იმის პროგნოზირებისგან, თუ რა შედეგით შეიძლება დასრულდეს მსგავსი შეხვედრები. სამაგიეროდ, პოლიტოლოგ სოსო ცინცაძისთვის უკვე ნათელია, რომ ამ ყველაფრიდან ქვეყნისთვის სასიკეთო შედეგის მიღება პრაქტიკულად გამორიცხულია, რადგანაც, სულ მცირე, ქვეყნებს შორის ურთიერთობათა დარეგულირება ოპოზიციის საქმე არ არის:

”როდესაც ოპოზიცია ეძებს დასაყრდენს ქვეყნის გარეთ, ამას უკვე სულ სხვა რამე ჰქვია - კოლაბორაციონიზმი, ყველა ენაზე. რა არის კოლაბორაციონიზმი? ეს არის შენს ოკუპანტთან თანამშრომლობა... არ მგონია, ისეთი გულუბრყვილონი იყვნენ ჩვენი პოლიტიკოსები, რომ ვინმე ფიქრობდეს - აი, მოსკოვთან ჩავალ, ვეტყვი, რომ მე შენთან მეგობრობა მინდა, ეს რა ქნა სააკაშვილმა, მოდით, ჩვენ აღვადგინოთ ეს, და გული აუჩუყდება ჩეკისტ პუტინს და იტყვის: ვა, რა კარგები ყოფილხართ! მოდით რა, დავიწყოთ ფიქრი, როგორ აღვადგინოთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა... ეს ხომ გამორიცხულია, ზღაპარია.”

მოსკოვის პოზიცია ქართველი ოპოზიციონერების სტუმრობის შედეგად თვალის დახამხამებაში რომ არ შეიცვლება, ამაზე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე 5 მარტს გამოქვეყნებული განცხადებაც მეტყველებს. განცხადება ნინო ბურჯანაძისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის შეხვედრის შემდეგ არის გამოქვეყნებული და მასში ვკითხულობთ, რომ რუსეთის მხარე ”ურთიერთობათა აღდგენის შესაძლებლობას აკავშირებს იმ პოლიტიკურ მოღვაწეებთან საქართველოში, რომლებიც რეალისტურად უყურებენ ამჟამინდელ სიტუაციას რეგიონში.” ცხადია, რომ კრემლის მიერ აღქმული რეალობა საქართველოს ინტერესებს არ შეესაბამება. კრემლი კი, ამ განცხადების მიხედვით, მხოლოდ იმ პოლიტიკოსებთან აპირებს თანამშრომლობაზე ფიქრს, რომლებიც მოვლენებს მისი თვალით ხედავენ.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, კრემლის ლიდერებთან შეხვედრას სხვა პოლიტიკური ძალებიც ლამობენ. მაგალითად სახელდება ლეიბორისტული პარტია და ირაკლი ალასანიას პოლიტიკური გუნდი.

”არაფერი მაგდაგვარი არ ხდება, არანაირი მოწვევა არ მიუღია ალასანიას და მოსკოვში არანაირ ვიზიტზე არ არის საუბარი ...”, - უთხრა რადიო თავისუფლებას ალასანიას პარტიის ”ჩვენი საქართველო-თავისუფალი დემოკრატების” ერთ-ერთმა ლიდერმა, ვიქტორ დოლიძემ. ასევე ითქვა, რომ პარტია აუცილებლად მიიჩნევს რუსეთთან დიალოგს, ურთიერთობების დარეგულირების მიზნით, მაგრამ - ”ხელისუფლების დიალოგს, რომელიც დაეფუძნება ქვეყნის დეოკუპაციას.”

”ალასანია გეგმავს ამ ყველაფერს, მაგრამ გეგმავს მას შემდეგ, რაც ის მოვა ხელისუფლებაში. დღეს ეს არამიზანშეწონილი და არასწორად გადადგმული ნაბიჯია, ჩვენი შეფასებით”, - თქვა ვიქტორ დოლიძემ რადიო თავისუფლებასთან საუბრისას.

ომი ჯერ კიდევ არ იყო დამთავრებული, რომ ჩვენ ვიყავით მზად, დაგვეწყო დიალოგი რუსეთთან, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხზე
თუკი ალასანიას პოლიტიკური ძალა მოსკოვთან ურთიერთობების დარეგულირების მცდელობას ოპოზიციის საქმედ არ მიიჩნევს და მოსკოვთან ლაპარაკს ის მხოლოდ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ აპირებს, ლეიბორისტები შანსს მანამდეც სიამოვნებით გამოიყენებდნენ, თუმცა ერთი პირობით. ლეიბორისტების მთავარი თემა მკვეთრად განსხვავდება მოსკოვში უკვე წასული პოლიტიკოსების ღიად სასაუბრო თემებისგან.

”ჩვენ ჯერ კიდევ 2008 წელს პირველები ვიყავით, როდესაც განვაცხადეთ... ომი ჯერ კიდევ არ იყო დამთავრებული, რომ ჩვენ ვიყავით მზად, დაგვეწყო დიალოგი რუსეთთან, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხზე. თუ ეს საკითხი არ იქნა განხილული, ჩვენ სხვა საკითხზე შეხვედრას არავისთან არ ვაპირებთ”, - განუმარტა რადიო თავისუფლებას ლეიბორისტული პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, იოსებ შატბერაშვილმა.

ლეიბორისტები უარყოფენ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მათ კრემლის ლიდერებს შეხვედრის მოთხოვნით სპეციალური წერილი გაუგზავნეს.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG