Accessibility links

logo-print
ამ კვირაში მსოფლიომ ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი ხელოვანის 200 წლის იუბილე აღნიშნა. საკონცერტო დარბაზებში, სხვადასხვა ღონისძიებასა თუ რადიო- და ტელეპროგრამებში ჟღერდა მელოდიები, რომელთა მშვენიერებაც, როგორც ჩანს, ყველა კულტურის წარმოადგენლებისთვის გასაგები და მომხიბვლელია. მარტო ჩინეთში ათობით მილიონი ბავშვი სწავლობს ფორტეპიანოზე დაკვრას - ყველაზე საყვარელ კომპოზიტორებს შორის ისინი შოპენს ასახელებენ.

ფრედერიკ შოპენი 200 წლის წინ, 1810 წლის 1 მარტს დაიბადა ვარშავის მახლობლად. მართალია, 20 წლისას მოუწია სამშობლოდან გამგზავრება და 1849 წელს პარიზში გარდაცვალებამდე ერთხელაც ვერ შეძლო ემიგრაციიდან შინ დაბრუნება, მაგრამ ცნობილია, რომ თავს მუდამ პოლონელ პატრიოტად მიიჩნევდა. ცნობილია ისიც, რომ კომპოზიტორის გული, მისივე ნებით, პოლონეთშია დასვენებული - ვარშავაში...

ბუნებრივია, ვარშავა იყო შოპენის დაბადების წლევანდელი, 200 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ზეიმის ეპიცენტრიც. პოლონეთის დედაქალაქში გაიხსნა მუზეუმი შოპენის სახელთან დაკავშირებული ექსპონატების მსოფლიოში უდიდესი კოლექციით. გაიმართა კონცერტები ცნობილი პოლონელი და უცხოელი პიანისტების - პიოტრ ანდერშევსკის, რაფალ ბლეხაჩის, გარიკ ოლსონის, მიურეი პერაიას, დანიელ ბარენბოიმის მონაწილეობით. ამ უკანასკნელმა, ჩვენი დროის ერთ-ერთმა გამორჩეულმა ხელოვანმა, სოუცხოო პიანისტმა და დირიჟორმა ვარშავაში 28 თებერვალს დაუკრა. მანამდე მან ევროპის სხვა ქალაქებში გამართა კონცერტები, მათ შორის პრაღაში.

პრაღაში დანიელ ბარენბოიმის კონცერტის შემდეგ მისთვის რამდენიმე შეკითხვის დასმის შესაძლებლობა გვქონდა. დავინტერესდი, როგორ აფასებს ეს მუსიკოსი არაერთი კოლეგის შეფასებას, რომ შოპენის ნაწარმოებები, მათი მელოდიურობით გამოწვეული დიდი პოპულარობის შედეგად, გარკვეულწილად, ბანალურად იქცა, კლასიკის ჰიტების რიგში მოექცა. როგორია თვით დანიელ ბარნბოიმის დამოკიდებულება შოპენის მუსიკის მიმართ?

„იცით, შოპენი უცნაური ფენომენია, რადგან არსებობს მისი შედევრები, როგორებიცაა სონატები, ფანტაზია, ზოგი ბალადა და ა.შ. და არსებობს ნაწარმოებებიც, რომლებიც მათი ჟანრის გამო სალონურ ნაწარმოებებად შეიძლება განვიხილოთ: ვალსები, მაზურკები... და ამ ნაწარმოებებს ძალიან ხშირად ასრულებდნენ XIX-XX საუკუნეებში - უმეტესწილად ახალგაზრდა ქალები შეძლებული ოჯახებიდან. მშობლებს სურდათ, რომ ქალიშვილებს დაეკრათ და ისინიც ისეთ ნაწარმოებებს ირჩევდნენ, რომელთა შესრულებაშიც ხელს არ შეუშლიდათ ფუშფუშა კაბები და ხელებით მაინც მიწვდებოდნენ ფორტეპიანოს. მხოლოდ ისეთი რანგის მუსიკოსმა, როგორიც იყო არტურ რუბინშტაინი, შეძლო ეჩვენებინა შოპენის მთელი სიდიადე მეოცე საუკუნის შუა პერიოდში“, ამბობს ბარენბოიმი, რომლის აზრითაც, უნდა გადავსინჯოთ ჩვენი დამოკიდებულება შოპენის მიმართ. ეს კი, მისი აზრით ძალიან ძნელია, რადგან შოპენს თითქმის ყველაფერი ფორტეპიანოსთვის აქვს დაწერილი და მუსიკოსების დიდი ნაწილი, ვინც პიანისტი არ არის, მას, ფაქტობრივად, არ იცნობს. თავის მხრივ პიანისტები, თუ ზოგადი განათლებით არ გამოირჩევიან, პოლონელი კომპოზიტორის ნაწარმოებებს მარტო პიანისტის პერსპექტივიდან აღიქვამენ.

„ამიტომ არის ძალიან ძნელი, სწორად შეაფასო შოპენის მნიშვნელობა - ისტორიული მნიშვნელობაც,“ ამბობს დანიელ ბარენბოიმი. „შოპენი არასოდეს ყოფილა ჩვეულებრივი ისტებლიშმენტის ნაწილი - ის მარტო ფორტეპიანოსთვის წერდა. ამასთან, ის ერთ-ერთი საკვანძო ფიგურაა XIX საუკუნეში, რადგან გვესმის მთელი მუსიკა, რომელიც მასზე გავლენას ახდენდა: ბახი კონტრაპუნქტის გამო, მოცარტი - მელოდიის სიმსუბუქით, ბელინი... ამავე დროს შოპენი გვაჩვენებს გზას ვაგნერის მიმართულებით: ერთ-ერთი ნაწარმოები, რომელიც კონცერტზე დავუკარი, ლამის ვაგნერის შეიძლება იყოს მთელი თავისი ქრომატიზმით. ასე რომ, ეს ძალიან, ძალიან მდიდარი სამყაროა“, გვითხრა დანიელ ბარენბოიმმა.

გამოჩენილი ისრაელელი პიანისტი და დირიჟორი ცნობილია პოლიტიკაში თავისი გათვითცნობიერებულობითაც და მეტად საინტერესო პროექტით, რომელსაც საფუძველი ჩაუყარა თავის პალესტინელ მეგობართან ერთად. ეს მეგობარი იყო 2003 წელს გარდაცვლილი ედუარდ საიდი - გამოჩენილი ინტელექტუალი, ფილოსოფოსი და პოლიტოლოგი. მან და დანიელ ბარენბოიმმა 1999 წელს დააარსეს ორკესტრი სახელწოდებით, რომელსაც გოეთეს დაესესხნენ: „დასავლურ-აღმოსავლური დივანი“ - ორკესტრი, რომელშიც ახალგაზრდა პალესტინელი, ისრაელელი, ეგვიპტელი, სირიელი, ლიბანელი, სხვა არაბული ქვეყნების წარმომადგენელი მუსიკოსები ერთად უკრავენ მოცარტს, ბეთჰოვენს, ჩაიკოვსკის, შიონბერგს.

ორკესტრი უნიკალურია თავისი შემადგენლობითა და შესაძლებლობით, რომელიც ახალგაზრდებს ეძლევა, ისწავლონ მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მუსიკოსისაგან, ესაუბრონ მას და ერთმანეთს მათთვის საინტერესო ნებისმიერ თემაზე - პოლიტიკაზეც. თუმცა, ბარენბოიმი ილუზიებისაგან შორსაა.

შეკითხვას, მიაჩნია თუ არა ისრაელ-არაბული ახალგაზრდული ორკესტრი წარმატებულ მოდელად სამშვიდობო პროცესის ხელშესაწყობად, ბარენბოიმი მკაფიო უარით უპასუხებს: „იცით, ხშირად კომპლიმენტს გვეუბნებიან და დივანს „მშვიდობის ორკესტრად“ მოიხსენიებენ ხოლმე, მაგრამ რასაკვირველია, ასე არ არის! მშვიდობას ორკესტრი არ სჭირდება. მშვიდობას სჭირდება სამართლიანობა და კიდევ ბევრი რამ. „დასავლურ-აღმოსავლური დივანი“ რასაც აკეთებს, არის ის, რომ სთავაზობს ფორუმს ახალგაზრდებს, რომელთაც ძალიან მნიშვნელოვანი რამ აქვთ საერთო: მუსიკა. მათ შეუძლიათ შეიკრიბონ, ჰქონდეთ დიალოგი, მოისმინონ სხვადასხვა მოსაზრება. იცით, ის რაც დივანში ხდება, არ ხდება არსად სხვაგან: პალესტინელი და ისრაელელი, ან სირიელი და ისრაელელი ერთმანეთს არ ეთანხმებიან, მწვავე უთანხმოებაც აქვთ, მაგრამ ერთმანეთს უსმენენ! და ცდილობენ გაიგონ მეორე მხარის, მისი არგუმენტების ლოგიკა. ეს ცნობისმოყვარეობას იწვევს და ეს არის, რაც გვჭირდება. ჩვენ შორსა ვართ მშვიდობისაკენ მიმავალი გზიდან!“

შეფასება არც თუ ოპტიმისტურია. მაგრამ მუსიკაა მშვენიერი - უნივერსალური ენა, რომელიც "დასავლურ-აღმოსავლური დივანის" ყველა წევრს ესმის. ერთი ეს არის, რომ შოპენს არ უკრავენ. მისი ნაწარმოებები დანიელ ბარნბოიმმა სოლო კონცერტზე შეასრულა ვარშავაში გამართულ კონცერტზე, რომელიც კომპოზიტორის 200 წლის იუბილეს მიეძღვნა.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG