Accessibility links

logo-print
ცოტა ხნის წინ “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ” ზაზა ბურჭულაძის ახალი რომანი, “ადიბასი” გამოსცა. წიგნში მოქმედება 2008 წლის აგვისტოში ვითარდება, თბილისში რუსული ჯარია შემოსული, ქალაქი იბომბება, თუმცა ეს არ უშლის აქაურებს ხელს, ჩვეული ცხოვრება გააგრძელონ, ჩამოსხდნენ ხოლმე გლამურულ სახინკლეში, ესტუმრონ ვაკის საცურაო აუზს, გაუთავებლად ისაუბრონ ამაო თემებზე.

ზაზა ბურჭულაძემ, ჩემი აზრით, თავისი საუკეთესო, ყველაზე სრულყოფილი და გამართული ნაწარმოები შექმნა. მწერალი დიდხანს მიდიოდა ამ წიგნამდე. აქამდე გამოსულ ყოველ მის რომანს ეტყობოდა იმის კვალი, რომ მისი უმნიშვნელოვანესი წიგნი ჯერ კიდევ წინ იყო და რომ “მინერალური ჯაზის” გამო ატეხილი ამბავი, ცოტა ნაადრევი გახლდათ. გახსოვთ ალბათ, მაშინ ქართული ჰუმანიტარული აზრის ბევრი წარმომადგენელი, მათ შორის ნოდარ ლადარია, გოგი გვახარია, ლევან ბერძენიშვილი, ზაზა შათირიშვილი, ზურაბ კიკნაძე და მერაბ ღაღანიძეც გამოეხმაურნენ წიგნს და ქვეყანას ახალი ავტორის დაბადება ამცნეს. წიგნის გამოსვლიდან უკვე ექვს წელზე მეტი გავიდა (ზუსტად იმდენივე, რამდენიც ვარდების რევოლუციიდან), ზაზა ბურჭულაძემ კიდევ 4 წიგნი გამოსცა, თუმცა ასეთი მნიშვნელობის, როგორიც ეს ბოლო რომანია, არც ერთი არ იყო.

ვინც საუკუნეთა მიჯნაზე თვალ-ყურს ადევნებდა ქართულ ლიტერატურულ პერიოდიკას, მას კარგად ეხსომება გრეგორ ზამზას ფსევდონიმით დაწერილი გაბმული, დატვირთული ტექსტები ენობრივი ჩახვევებითა და იშვიათი აბზაცებით. ეს ზაზა ბურჭულაძის პირველი მცდელობები იყო.

2002 წელს მან, შეიძლება ითქვას, საკუთარი თავი დაიბრუნა. ანუ გამოვიდა კაფკას პერსონაჟის გავლენიდან, დაძლია ჰეტერონიმების საცდური და პირველად წარსდგა მკითხველის წინაშე როგორც ზაზა ბურჭულაძე. რამდენადაც მახსოვს, პირველი ასეთი რომანი “წერილი დედას” იყო, თუმცა ბაკურ სულაკაურს მის მიერ გამოცემული “სიმპსონები” ახსენდება, როგორც ზაზა ბურჭულაძის პირველი ნამუშევარი:

“რომან “სიმპსონებამდე” მწერალი ზაზა ბურჭულაძე არ არსებობდა. არსებობდა გრეგორ ზამზა, ეს იყო ზაზა ბურჭულაძის ფსევდონიმი. და როცა ჩვენთან მოიტანა “სიმპსონები” და წავიკითხე და გადავწყვიტე, რომ გამოგვეცა, ვურჩიე, თან დაჟინებით, რომ ფსევდონიმი გადაედო გვერდზე და წიგნი გამოსულიყო თავისი ნამდვილი სახელითა და გვარით. ასე რომ, ზაზა ბურჭულაძის სახელით გამოქვეყნებული პირველი რომანი იყო სიმპსონები, თუმცა ეს არ არის მწერლის პირველი ნაწარმოები”.

“ადიბასში” ტიპური თბილისური სიტუაციებია აღწერილი, უფრო სწორად, ავტორი ამ ვითარებათა დეკონსტრუირებას ახდენს. თანაც, ქალაქში რუსის ჯარია შემოსული, ხდება სრულიად დაუჯერებელი ამბები, პოლონეთის პრეზიდენტის ჩემოდნით გატაცებით დაწყებული, მზვერავი თვითმფრინავის ვერის პარკში დაშვებით დამთავრებული. ამის მიუხედავად, თბილისი ისევ ისეთი, ამაოებით სავსე ქალაქია ნარკომანებით, გადავსებული საკონდიტროებით, “ბანდიტების ქვრივები სილიკონის მკერდით, ბიზნესმენების ცოლები წელზე ცელულიტით, ბარბი-გოგონები მზის უზარმაზარი სათვალეებით, რეივის მოყვარული გეები ჭიპში პირსინგით, დედიკოს ბიჭები ახდენილი ოცნებებით...”. თბილისურ იოგაში მხოლოდ ერთი პოზა არსებობს – მხართეძოზე წოლა.

ზაზა ბურჭულაძის ამ რომანს ყველა სხვადასხვანაირად შეხვდა. ბევრისთვის კვლავ მიუღებელია მწერლის გულახდილობები, განსაკუთრებით სექსუალური სცენების აღწერისას, თუმცა არიან ისეთებიც, ვინც სულ სხვა მიზეზების გამო დაიწუნა რომანი: “თვითონ ამ რომანს რაც შეეხება, მე მაინც დაუკმაყოფილებლობის გრძნობა დამიტოვა “ადიბასმა”, იმიტომ, რომ ეს იყო რაღაც ფრაგმენტული მცდელობები, თითქოს თავმოუბმელი. მიუხედავად იმისა, რომ რომანი არაა დიდი მოცულობის, მე მომწყინდა მისი კითხვა. მაგალითად, ეპიზოდი “სექენდ ჰენდის” მაღაზიაში, ბრენდების ჩამონათვალი, ჩემთვის იყო აბსოლუტურად გაუგებარი და მოდით, პირდაპირ ვთქვათ, ხალტურა” – ამბობს ლიტერატორი დათო გაბუნია.

უკანასკნელი წლების მანძილზე ზაზა ბურჭულაძის გარშემო მკითხველთა ვიწრო, თუმცა გათვითცნობიერებული წრე ჩამოყალიბდა. ზოგს “ხსნადი კაფკა” უფრო მოსწონს და მის შემდეგ “ადიბასს” დაღმასვლად აღიქვამს, ზოგი კი პირიქით, “მინერალური ჯაზიდან” მოყოლებული ელოდა მწერლის ახალ, მნიშვნელოვან ნაწარმოებს. მათ რიცხვს მიეკუთვნება დათო გაბუნიაც:

“იმის ფონზე, რასაც ზაზა ბურჭულაძე წერდა ბოლო წლების მანძილზე “ადიბასი” ნამდვილად მიღწევაა. ანუ მე ვგულისხმობ მის ერთგვარ დეკადანსს. „მინერალური ჯაზიდან“ მოყოლებული მე უკვე ნაკლებად მომწონდა მისი წიგნები და ამიტომ “ადიბასი” იყო ნამდვილად გარღვევა ამ მხრივ. მაგრამ, ასევე მიმაჩნია, რომ ისეთი წიგნები, როგორიც იყო “სიმპსონები” და “წერილი დედას”, სადაც ზაზამ ზუსტად მიაგნო ეროგენულ ზონებს, რომლებიც ძალიან კარგად, ზუსტად და საჭიროდ გააღიზიანებდა ქართველ მკითხველს, მან ეს ყველაფერი დათმო, ხოლო “ადიბასში” მე ვხედავ მცდელობას, დაუბრუნდეს იმ წერტილს, სადაც მან ჩემი აზრით შეწყვიტა განვითარება, როგორც მწერალმა”.

ცხადია, ზაზა ბურჭულაძე არაა მწერალი ყველასთვის, თუმცა იგი აღარც ისეთი ჰერმეტულია, როგორც 10 წლის წინ იყო. ბაკურ სულაკაურის აზრით, და ამის შესახებ მეც ვწერდი 2 კვირის წინ, ზაზა ბურჭულაძის ეს რომანი სრულიად ახალი საფეხურია მის შემოქმედებაში: “ბუნებრივია, ეს არის წმინდა ლიტერატურა, თუმცა, ასე ვთქვათ, უფრო ფართო ფენისთვის მისაღები, ვიდრე აქამდე იყო. ვთქვათ, “ადიბასამდე” მისი წიგნები უფრო შეზღუდული წრისთვის იყო მოსაწონი, ვიდრე “ადიბასია”. რატომღაც ასე მგონია. ადიბასი არის ნიშანი იმისა, რომ ზაზამ არა მარტო ახალ საფეხურზე ააბიჯა, როგორც მწერალმა, არამედ მას ახალი შესაძლებლობები გადაეშალა და ახალი ინსტრუმენტები გაუჩნდა”.

შესაბამისად აფასებს სულაკაური მწერლის მომავალსაც: “ქართული ენის ფლობა ზაზას მიერ, გადავიდა სრულიად სხვა სიბრტყეში, და როცა მწერალი იწყებს ენის ფლობას ამგვარად, ის ვეღარ დაწერს ძველებურად”. სამაგიეროდ დათო გაბუნია ამტკიცებს სრულიად საპირისპიროს: “ძალიან მიხარია, რომ ეს რომანი დაწერა ზაზა ბურჭულაძემ, იმიტომ, რომ ისევ ვხედავ იმ საწყისებს, რაც მასში ძალიან მომწონდა. ეს ნაწარმოები იძლევა იმის თქმის საფუძველს, რომ ზაზა ისევ დაუბრუნდება იმას, რომ ის დაწერს ყველასთვის, და არა რამდენიმე ქართული კრიტიკის თუ ჰუმანიტარული აზრის ზეპური მამებისთვის მხოლოდ, როგორც აქამდე წერდა”.

როგორც იტყვიან, “მოვიცადოთ და ვნახოთ”, რა მოჰყვება “ადიბასს” და საითკენ წავა მწერალი, რომელიც თანამედროვე ქართველ პროზაიკოსებს შორის ყველაზე მეტს შრომობს.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG