Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კონკურენცია მინიმალური კოორდინაციის ჩვენებით


6 მარტს ”დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს” თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ რუსეთის დედაქალაქი დატოვა და ბრიუსელში გაემგზავრა. მომავალი ორი კვირის განმავლობაში იგი აპირებს შეხვედრები გამართოს ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროპის რამდენიმე დედაქალაქში. „მხოლოდ აქტიური კონტაქტები, საერთაშორისო მხარდაჭერა და დიალოგი არის გზა ერთიანი საქართველოსკენ“ - ამ სიტყვებით ნინო ბურჯანაძემ განმარტა, რომ მისი პოლიტიკური აქტივობის ორბიტაში მხოლოდ რუსეთი არ მოიაზრება.

საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის, ნინო ბურჯანაძის, პოლიტიკური ტურნე უცხოეთში რუსეთიდან დაიწყო და, სავარაუდოდ, სტრატეგიული სამეზობლო ქვეყნებით დასრულდება. წინასწარ გრაფიკში მოსალოდნელი ცვლილებების გამო, ”დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს” გენერალურ მდივანს, ვახტანგ ყოლბაიას, უჭირს იმის კონკრეტულად ჩამოთვლა, თუ სად, როდის და ვის შეხვდება პარტიის თავმჯდომარე. რაც შეეხება მიზანს, ვახტანგ ყოლბაია ამბობს:

”მთავარი მიზანი ამ შეხვედრებისა არის ის, რომ გარემოებები ქვეყნის გარშემო იცვლება. მაგალითად, რუსეთის, ნატოს ქვეყნების განწყობა და ასე შემდეგ. ამიტომ არის შესაძლებლობა, რომ ნინომ თავისი ძველი გავლენით, გამოცდილებით, ავტორიტეტით, რომელიც აქვს ევროპაში, გაარკვიოს რა ხდება და რა არის საჭირო იმისათვის, რომ საქართველო გამოვიდეს იმ ჩიხური მდგომარეობიდან, რომელიც მას საერთაშორისო ურთიერთობებში შეექმნა მეზობელ ქვეყნებში, სტრატეგიულ პარტნიორებში და ასე შემდეგ.”

”დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს” გენერალური მდივნის, ვახტანგ ყოლბაიას შეფასებით, ვიზიტები პარტიული კონიუნქტურით არ შემოიფარგლება და მისი შედეგები პოზიტიურად აისახება მთლიანად ქვეყნის მომავალზე. იგივე პოსტულატი, სხვა სიტყვებით, ნინო ბურჯანაძემ ”დიდი პოლიტიკის კეთების” შინაარსით დატვირთა. ამგვარმა შეფასებამ ნინო ბურჯანაძის პოლიტიკურ ოპონენტებში - მათ შორის, ოპოზიციურ ფლანგზეც - გააჩინა მოსაზრება იმის შესახებ, რომ ”დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს” ლიდერს თავი ისევ პარლამენტის თავმჯდომარე ჰგონია. ანუ ერთი რიგითი პარტიის თავმჯდომარის მანდატი მას საერთაშორისო ასპარეზზე პირველი რიგის მოთამაშის მანდატს არ აძლევს. ეს აქსიომა მოსკოვში რუსეთის პრემიერ-მინისტრ ვლადიმირ პუტინთან მისი შეხვედრისას ნაწილობრივ დაირღვა მაშინ, როდესაც პუტინმა ბურჯანაძე უმაღლეს დონეზე - ოფიციალური ეტიკეტების დაცვით - მიიღო. საქართველოს ხელისუფლების შეცვლის მოსურნე კრემლი ფსონს ბურჯანაძეზე აკეთებს, ბურჯანაძე, თავის მხრივ, მას უხერხულობას პრაქტიკულად არაფრით უქმნის და მოლაპარაკებებს რუს ლიდერებთან ისე აწარმოებს, რომ საქართველოს ოკუპაციას ერთხელაც კი არ ახსენებს. ასეთია რეალობა და ამ რეალობას არც თავად ნინო ბურჯანაძე უარყოფს:

”რა თქმა უნდა, დიალოგის გაგრძელება არის ძალიან მნიშვნელოვანი და მე ვფიქრობ, რომ ეს არ უნდა იყოს მარტო ჩემი ან ჩემი პარტიის პრეროგატივა. ოკუპანტი რუსეთს კი იმიტომ არ ვუწოდე, რომ მე ორიენტირებული ვარ კონკრეტულ შედეგზე და არა პიარზე და არა გულის მოსაქავებელ განცხადებებზე.”

თუმცა მანამდე დაახლოებით იმავე პოზიციაში აღმოჩნდა ზურაბ ნოღაიდელი, რომელმაც მოგვიანებით რუსეთთან მეგობრობის საკითხში, ”კონსერვატორებისა” და ”ხალხის პარტიის” სახით, თანამოაზრეებიც შეიძინა. რა ურთიერთობები განვითარდება კრემლის ფავორიტებს შორის და რას შეცვლის ოპოზიციურ სპექტრში ახლა უკვე ნინო ბურჯანაძის ურთიერთობები მოსკოვთან? - ამ შეკითხვებით პოლიტოლოგ გია ნოდიას მივმართეთ.

”ნოღაიდელიც და ბურჯანაძეც მუშობენ უფრო ფულით და არა იმდენად რაღაც რწმენით, ანუ იმით, რომ რწმენით პრორუსული ადამიანები შეუერთდებიან. შეიძლება ასეთებიც არიან, მაგრამ ასეთის იმედი ნაკლებად აქვთ. შეიძლება ცოტა გაეზარდოს გარშემომყოფი ადამიანების რიცხვი ბურჯანაძეს იმითაც, რომ მანამდე თუ გაურკვეველი იყო საერთოდ ბურჯანაძე სად იყო, რას აკეთებდა, რა პერსპექტივები ჰქონდა, ახლა რაღაც გაირკვა საჯაროდ, რომ ახლა ბურჯანაძე საით მიდის და რას აპირებს.”

რაც შეეხება ნინო ბურჯანაძისა და ზურაბ ნოღაიდელის ურთიერთდამოკიდებულებას, გია ნოდია ფიქრობს, რომ ვინაიდან, რუსეთიდან წყალობის მიღების მოლოდინში,ისინი ერთმანეთის მეტოქეები არიან და, ამას გარდა, ერთმანეთის სიყვარულითა და პატივისცემით არც ადრე ყოფილან გამორჩეულნი, ურთიერთობების საგრძნობი დათბობა მათ შორის მოსალოდნელი არაა. თუმცა, ამის მიუხედავად, გია ნოდიას აზრით, საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე და ყოფილი პრემიერ-მინისტრი მინიმალური კოორდინაციისა და თანხმობის საჯაროდ ჩვენებას მაინც შეეცდებიან.
XS
SM
MD
LG