Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თორნიკე შარაშენიძე - პოლიტოლოგი


31 იანვარი, კვირა
31 იანვრის 23 საათზე 31 იანვრის 20:30-ზე გამორთული მობილური ჩავრთე. მოსული იყო ერთი მესიჯი, აშკარად შეცდომით (მიგზავნიდნენ ვინმე ლეკას სახლის ტელეფონს ბახტრიონზე). კიდევ მოვიდა „მაგთის“ მესიჯი, რომ რეკავდა მარინა ვაშაყმაძე რადიო თავისუფლებიდან. ალბათ ხვალ დილის გადაცემაში უნდოდა ჩემი მიწვევა-მეთქი, ბოროტად ჩამეცინა. მარინას მიმართ გაბოროტებას არასოდეს განვიცდიდი, მაგრამ ზოგადად ვიყავი გაბოროტებული იმ ფაქტის გამო, რომ არა მხოლოდ ჩემს შვილს არდადეგები დაუმთავრდა, არამედ მის სკოლაში, როგორც იქნა, დაზიანებული გათბობა გააკეთეს. ანუ, ისევ დილით ადრე ადგომა მიწევდა მომდევნო დღიდან - ორშაბათიდან. თანაც, მეტად მძიმე კვირა მელოდა. ჯიპაში ჯერ კიდევ არ დამემთავრებინა სალექციო კურსი (დიდი სახელმწიფოების დიპლომატიაში) პირველ კურსთან და პარალელურად მეორე კურსთან მეწყებოდა სალექციო კურსი (ამათთან დაზვერვის თეორიასა და პრაქტიკაში). ამას ისიც დაემატა, რომ ჩვენი სტატისტიკის ლექტორი დათო ლეჟავა (რომელსაც ჩემს პარალელურად უნდა ეკითხა ლექციები მეორე კურსთან) ამერიკაში, საერთაშორისო სავალუტო ფონდში მიემგზავრება სამუშაოდ და მისი ღირსეული შემცვლელია მოსაძებნი. ეს ძებნა, სულ მცირე, ამ ერთ კვირას მაინც წაიღებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ კვირაში მეორე კურსთან სულ მე უნდა ვიკითხო ლექციები. ჰოდა, გავბოროტდი.
თავისუფლების დღიურები - თორნიკე შარაშენიძე
please wait

No media source currently available

0:00 0:07:48 0:00

1 თებერვალი, ორშაბათი
ვაა, მარინა რეკავს ისევ. გამოდის, ტყუილად ჩამეცინა გუშინ - აშკარაა, რომ დილის გადაცემაში არ მეძახდა. რაო? თავისუფლების დღიურები ვწერო ამ ისედაც გიჟურ კვირაში? „ჰო, ჰო, ჩემო საყვარელო, ჩემთვის სრული შოკი იყო, როცა აღმოვაჩინე, რომ შენ დღიურები არ დაგიწერია“, - აგრძელებს ის. ბადალი არ ჰყავს ქათინაურებში!
კარგი, მარინა, როგორც რუსები იტყვიან, гулять так гулять. თანაც, ჩემი ცოლი დიდი ხანია ბუზღუნებს იმაზე, რომ თავისუფლების დღიურებს მაინცდამაინც მე არ მაწერინებენ - მე, რომელმაც იგი ოდესღაც ჩემი მოთხრობებით დავკერე.
ისევ ტელეფონი რეკავს. „ირანის საელჩოდან გირეკავთ, მოსაწვევი უნდა გამოგიგზავნოთ.“ აჰა, მგონი ამ დღეებში მათი რევოლუციის წლისთავია და მიღება აქვთ. ალბათ, ვერ წავალ (ლექციები). იმედია, სწორად გამიგებენ. ისე, ნეტავ რამდენად არის „გაგება“ ირანის რევოლუციის მონაპოვარი?
ჩემს შორიახლოს ჩემი კოლეგა, იურიდიული პროგრამის ხელმძღვანელი ირინა ბაქრაძე ლეპტოპზე უკაკუნებს და რაღაცაზე ნერვიულობს. სულ ნერვიულობს, ძირითადად სამსახურის საქმეებზე. ირინ, დამშვიდდი, მაგარი სეილებია ქალაქში. მაგრად უყვარს შოპინგი. მეც მიყვარს კაცის კვალობაზე. თან ამბობენ, სტრესისგან კურნავსო. ორი დღის წინ რაღაცა კი ვიყიდე, ეტყობა გული სტრესულ კვირას მიგრძნობდა.
ხვალ დაზვერვაში მაქვს ლექცია. პირველი ლექციაა, ამიტომ სახალისო და მსუბუქი რამეები უნდა ჩავრთო. საკითხავი ისაა, რამდენად დიდი დოზით. ვათვალიერებ ჩემს „შპარგალკას“. აჰა, აქ მიწერია, რომ პირველ ლექციაზე მატა ჰარის ამბავიც უნდა მოვყვე. კიდეც რა მოვყვე სახალისო? ვათვალიერებ ახალ ამბებს ინტერნეტით. რუსები იუწყებიან, რომ ირანის გარშემო ამერიკა ანტისარაკეტო სისტემების განლაგებას იწყებს. აი, ეს კი ნამდვილად არის რევოლუციის მონაპოვარი.

2 თებერვალი, სამშაბათი
დილით ადრე ჯალაბობას ჩამოვარიგებ. ეს შემდეგს ნიშნავს: ჯერ ჩავისვამ ცოლ-შვილს, მერე გავუვლი მამაჩემს. ცოლ-შვილს სკოლაში ვტოვებ (ერთი ასწავლის, მეორე კი, წესით, სწავლობს), მამაჩემს კი იქ, სადაც, პრაქტიკულად, მთელი შეგნებული ცხოვრება დადის - ტელევიზიაში. მამაჩემის მიახლოებით ასაკს და მისი შეგნებული ცხოვრების ხანგრძლივობას თუ წარმოიდგენთ, მიხვდებით, რომ საუბარი პირველ არხზე მაქვს. ეს ჩემი პირველი სამსახურიც იყო. 90-იანებში მამაჩემის ხათრით ვიდეოინჟინრად ამიყვანეს და საკმაოდ მალე გამომაგდეს სამსახურებრივი გულგრილობისთვის. დღემდე ვერ გამიგია, ჩემი არაგულგრილობა რას არგებდა ტელევიზიას მაშინ, როცა იმ პერიოდში მთელ საქართველოში შუქი არ იყო და ტელევიზორს ძნელად თუ უყურებდა ვინმე. ხოლო თუ უყურებდა, „იბერვიზიაზე“ ან ოერტეზე რთავდა ხოლმე და „პროსტო მარიაზე“ ღელავდა. ტელევიზიის შემდეგ კიდევ ორი სამსახურიდან გამომაძევეს. აქედან ერთ-ერთი ჩემი სკოლა, 53-ე, იყო, სადაც მათემატიკას ვასწავლიდი.
საღამომდე დრო ისე გადის, ვერ ვიგებ. სტუდენტები მოდიან და შფოთავენ - სადიპლომოების წინასწარი დაცვა ახლოვდება. მე ვამშვიდებ. ჩემი პირველი სადიპლომო მახსენდება. სწორედ მაშინ „იბერვიზიაზე“, გვიან ღამით, ფეხბურთს ვუყურე („ბარსელონა“-„რეალის“ დაუვიწყარი ჯახი იყო) და მეორე დილით დიპლომის დაცვაზე გვიან მივედი. ფეხბურთის გარდა, ეს იმანაც განაპირობა, რომ მაღლივ კორპუსში ვიყავი მისასვლელი და ტრანსპორტს, მგონი, ერთი საათი ველოდე. ჩემი დიპლომის ხელმძღვანელიც იქამდე სულ ორჯერ ვნახე ძლივძლივობით. მას აქეთ ნამდვილად წინ წავიდა ცხოვრება. რაა სანერვიულო? სტუდენტებს ჭკუას ვარიგებ. მერე ლექციაც იწყება. მატა ჰარიზე და დაზვერვის თეორიულ ელემენტებზე ლაპარაკს სანამ დავიწყებ, ერთი ისეთი თემა ტივტივდება... ვახტანგ მაისაია! ერთი წლის წინ სწორედ ამ ჯგუფს ასწავლიდა. ყველას ამ თემაზე უნდა ლაპარაკი.

3 თებერვალი, ოთხშაბათი
დღევანდელი ლექციის თემა ცივი ომს ეხება. საბჭოთა კავშირი და ამერიკა ახლო აღმოსავლეთში. ამ საკითხზე ლექციას, მგონი, მეხუთედ ვკითხულობ, მაგრამ, ამის მიუხედავად, წინა დღეებში მაინც კიდევ გადავიკითხე რაღაცები. საერთოდ, არა მხოლოდ სწრაფად ვლაპარაკობ, არამედ კონკრეტიკა და ლაკონიურობაც მიყვარს და ამიტომ ლექციების დროს სათქმელს სწრაფად ვწურავ. ამიტომაც ძალიან ბევრის მოყოლა და, შესაბამისად, წინასწარ ძალიან ბევრი მუშაობა მიწევს. ეს - მიუხედავად იმისა, რომ პირველი ნახევარი საათი სტუდენტებთან ერთად დისკუსია მაქვს.
სახლში ჩემი შვილი ახალ სიმღერებს ტვირთავს „როლინგ სტოუნზის“ ფან-კლუბის საიტზე, რომელიც თვითონ შექმნა. შვილო, დავიღალე, დივიდიზე რამე ისეთი ჩამირთე რა, - ვევედრები, - „სიმპსონები“ ან „ფუტურამა“. ეზარება. მაშინ ცოლს ვთხოვ, კივი გამითალოს. ის სულმოუთქმელად ელოდება, დღიურებს როდის დავწერ. ამიტომ თქმას ვერ ვასწრებ, კივი გათლილია.
რას ვაკეთებდი ლექციამდე? მგონი, რასაც წინა დღეს. არ მომაყოლოთ. ცოლი მეუბნება, რომ დღიურებს მისი მოსწავლე მაკოც მოუთმენლად ელის. კარგი, ოღონდ დღეს ამით უნდა მოვრჩე.

4 თებერვალი, ხუთშაბათი
მთელი შუადღე ჰაინრიხ ბიოლის ფონდში. ორი ქართველი (მე და ივლიანე ხაინდრავა), ორი სომეხი, ერთი რუმინელი, ერთი ესტონელი, ოთხი გერმანელი. ორი აზერბაიჯანელიც უნდა ყოფილიყო, მაგრამ რატომღაც არ ჩამოვიდნენ მიუხედავად იმისა, რომ სამხრეთ კავკასიის მომავალზე ვმსჯელობთ. ეს მსჯელობა ჯერ კიდევ ბერლინში დავიწყეთ გასული წლის ნოემბერში და, წესით, ახლა უნდა დავასრულოთ. მაგრამ ცოტა ხნის შემდეგ ამაში ეჭვი მეპარება - სესია იწყება და დაახლოებით საათნახევარი მეთოდოლოგიაზე ვმსჯელობთ. ვერა და ვერ გადავდივართ საქმეზე. ოდესღაც მეგონა, რომ ეს ქართველების ცუდი თვისება იყო, მაგრამ ბოლო დროს ვრწმუნდები, რომ მთლად ასე არაა - ყველა ერში მოიძებნება ისეთი, ვინც საქმეზე ვერაფრით გადადის და წვრილმანებზე ღელავს და დროს კარგავს. მე, როგორც ყოველთვის, გაღიზიანება შუბლზე მაწერია. ჩემი გერმანელი მეგობრებიც დაღლილები ჩანან ამ გაუთავებელი წყლის ნაყვით, მაგრამ ჩემს დანახვაზე ხალისდებიან და თვალებით მანიშნებენ, გავმაგრდე. მით უმეტეს, რომ დისკუსია (რომელიც, ბოლოს და ბოლოს, მაინც დაიწყება) მე უნდა გავხსნა. ეს გერმანელები - ირისი და სვენი - ძალიან მიყვარს. ორივეს იუმორის კარგი გრძნობა აქვს, რისი წყალობითაც ნოემბერში ბერლინიდან სტამბულში ფრენა არც გაგვიგია. ყველა ერს ჰყავს კარგი ხალხი და ყველა ერს ჰყავს ცუდი ხალხი. თუმცა, ალბათ მეტ-ნაკლებად. მაგალითად, არ მჯერა, რომ ბევრი ნორმალური დადიოდეს ისეთ ქალაქში, სადაც ლენინის ძეგლი დგას. ბევრი ნორმალური რომ დადიოდეს, ეს ბევრი ამ ძეგლის მოშორებას მოითხოვდა.
ბოლოს და ბოლოს დისკუსია იწყება. ბევრს ვლაპარაკობთ იმ ქვეყანაზე, სადაც ლენინის ძეგლები დგას. მერე - ისევ ირანი და რაკეტები... საღამოს დაზვერვაში მაქვს ლექცია, მაგრამ ეგ არაფერი. დღეს სტუმარ ლექტორად თენგო ფხალაძე მომყავს. ამ ჯგუფთან - მეორეკურსელებთან - ვალი მაქვს; ოდესღაც დიპლომატიური სამსახური ეკითხებოდათ, მაგრამ ამ საგნის ლექტორი, გიგა ბურდული, მოულოდნელად გარდაიცვალა. მისი საგანი რომ ამოვარდა, მაისაია მოვიწვიე და რუსეთზე წავაკითხე სალექციო კურსი. მოკლედ, ჯგუფს უნდა, მეტი იცოდეს დიპლომატიური სამსახურის თავისებურებაზე, თენგო კი, რომელსაც შედარებით გვიან დავუახლოვდი, ამ საქმის ოსტატია (ცხადია, ჯვარი წერია ბ-ნ გიგა ბურდულის ამბავში). ძმა ხარ, თენგო, ძმა!

5 თებერვალი, პარასკევი
ბიოლის ფონდში ღონისძიება მთავრდება. დღეს დისკუსიები გაცილებით უფრო ცოცხლად წარიმართა, მაგრამ, სამაგიეროდ, სულ ბოლოსკენ გაუთავებელი მსჯელობა წავიდა იმაზე, სად უნდა შევიკრობოთ შემდეგი ღონისძიებისათვის, სადაც კიდევ აფხაზებს, ოსებსა და ყარაბაღელებს უნდა შევხვდეთ. გარეთ გვარიანად ცივა. სამსახურში პარასკევისეული იდილიური განწყობაა. ირინაც ისე ხმამაღლა აღარ უკაკუნებს ლეპტოპზე.
„იშოპინგე?“ - ვეკითხები.
„კი“, - მეუბნება, - „დაიცა, ეგ არ დაწერო რა თავისუფლების დღიურებში, ბაკურ, უთხარი რა, რამე!“
„მე რა ვქნა, ეგ მისი სუვერენული უფლებაა“, - კვაშილავა, სხვა ყველაფერთან ერთად, შედარებითი პოლიტიკის ლექტორია და იოლად მანიპულირებს ისეთი ცნებებით, რომლებიც დემოკრატიასა და ადამიანის უფლებებს უკავშირდება. ყოველდღიურ რუტინას რომ ვრჩები, ანდრო ბარნოვს ვურეკავ, რომელივ იმ კვირიდან რუსეთზე სალექციო კურსს იწყებს. ანდრო ჩემი ახალი და განუყრელი მეგობარია. განუყრელი იმიტომაც, რომ სადაც უნდა ვიმოგზაუროთ ერთად - საქართველოში თუ უცხოეთში - სულ გვერდიგვერდ ოთახებში გვასახლებენ, თანაც ანდრო ყოველთვის უფრო მარჯვნივაა ხოლმე. ამას ისე მივეჩვიეთ, რომ ერთმანეთს აღარც ვეკითხებით ოთახის ნომერს. მე ოთახიდან გამოვდივარ, მარჯვენა კარზე ვაკაკუნებ და შევძახებ - ჰა, ჩავიდეთ დაბლა, ცოტა გავიაროთ. ისიც ანალოგიურად იქცევა თუ ოთახიდან გამოსვლა დამასწრო. კიდევ ერთი რაღაც გვაქვს საერთო - ისიც მუშაობდა მასწავლებლად 53-ე სკოლაში, თუმცა, ჩემგან განსხვავებით, არ გამოუძევებიათ.
როგორც ვახსენე, ეს ჩემი განუყრელი მეგობარი რუსეთზე იწყებს ლექციების კითხვას. დღეს სტუდენტებს ვეუბნებოდი, ჩვენს ლექტორებს ან ძალიან კარგი უნდა დაემართოთ (გიორგი ტუღუში ომბუდსმენი გახდა, დათო ლეჟავა საერთაშორისო სავალუტო ფონდში წავიდა სამუშაოდ, კიდევ ორი მინისტრის მოადგილე გვყავს ლექტორებად და არაა გამორიცხული, მინისტრები გახდნენ), ან ძალიან ცუდი (ერთი გარდაიცვალა, ერთი ჯაშუშობის ბრალდებით დაიჭირეს). ანდრო ახალგაზრდაა და წესიერი, ამიტომ რაღაც კარგი ელის...

6 თებერვალი, შაბათი
სანამ შედარებით მეტი მეძინა, კარგად მოუთოვია. ამ საღამოს ნამდვილ ამერიკულ ბარბეკიუზე მივდივარ. უფრო სწორად, ამერიკულად ვწვავთ ქართულ ხორცს. ამ უკანასკნელს მე ავარჩევ, „გრილი“ კი ადგილზე დამხვდება. ღვინოც, ანალოგიურად, ამერიკულიც იქნება და ქართულიც. ამინდიც ბარბეკიუს შესაფერისია. თანაც, მგონი, დავიმსახურე. თუმცა, იქამდე რადიო თავისუფლებაში უნდა მივიდე. კიდევ უფრო იქამდე ჩემი შვილიც უნდა წამოვიყვანო ბებია-ბაბუისგან, სადაც გუშინ დავტოვე. მერე ერთი შეხვედრაც მაქვს... მოკლედ, იმედია, ამ კვირას კარგად გადავაგორებ და ბარბეკიუმდეც მივაღწევ.
XS
SM
MD
LG