Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართველი პოლიტიკოსების მოსკოვური ვიზიტები: რას ფიქრობს ის, ვინც ჩუმადაა


ოპოზიციის ლიდერების მოსკოვური ვიზიტების შესახებ ან მშრალი ინფორმაცია ვრცელდება, ან უარყოფითი ემოციით სავსე და, ზოგჯერ, ლანძღვა–გინების შემცველი შეფასებები. თუმცა, ჯერ არავის უცდია, ზურაბ ნოღაიდელისა და ნინო ბურჯანაძის შეხვედრები ვლადიმირ პუტინთან საზოგადოებრივი ინტერესების ჭრილში განეხილა.

საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები უყოყმანოდ აცხადებენ, რომ ის პოლიტიკოსები, რომლებიც მოსკოვში მიდიან და მოლაპარაკების მაგიდასთან უსხდებიან რუსეთის პრემიერს, საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს ღალატობენ. ოფიციალურ თუ არაოფიციალურ საჯარო სივრცეში – ყველგან მკვეთრად უარყოფითად ფასდება ოკუპანტებთან დალაპარაკების თუ მოლაპარაკების მცდელობა ოპოზიციონერი ლიდერების მხრიდან.

თუმცა, არასაჯარო სივრცეში შეფასებები ასეთი ერთმნიშვნელოვანი არ არის. სხვა შემთხვევაში, ვერც ნოღაიდელი და ვერც ბურჯანაძე, რომლებიც თავისი პოლიტიკური კარიერის გაგრძელებას საქართველოში აპირებენ, ვერ გაბედავდნენ პუტინთან შეხვედრას. რადგან რა დახმარებაც უნდა მიიღონ მათ რუსეთიდან, საბოლოოდ, არჩევნებში ხმებს მაინც საქართველოს მოქალაქეებისგან ელოდებიან.

ჩვენს საზოგადოებას ერთი არსებითი ამოცანა დღეისათვის სწორედ საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობის კუთხით აქვს გადასაჭრელი. უნდა ჩამოვყალიბდეთ ღირებულებით ჩარჩოზე – რა არის ჩვენთვის მისაღები ან მიუღებელი ქართველი პოლიტიკოსების მხრიდან, თუნდაც, რუსეთთან ურთიერთობის ჭრილში. თუ იარსებებს რამდენიმე პუნქტი მაინც, რომლებიც საზოგადოების დიდი ნაწილისთვის სადავო არ იქნება, მაშინ პოლიტიკოსების გადაწყვეტილებებიც მკაფიოდ და ცალსახად შეფასდება.

მაგრამ საქართველოში ამ თემაზე საჯარო დისკუსია მიღებული არ არის. ვინც რუსეთის ხელისუფლებას გაეკარება – მოღალატედ ცხადდება და მორჩა! არადა, ადამიანებს უნდა ჰქონდეთ საშუალება, თავისი არგუმენტები, რომლებსაც პირადი საუბრებისას იშველიებენ, საჯარო სივრცეში გამოთქვან და ოპონენტების არგუმენტებსაც უპასუხონ. უნდა შეიქმნას გარემო, რომელშიც ნინო ბურჯანაძეც ვეღარ აარიდებს თავს მარტივ შეკითხვას: „არის თუ არა რუსეთი ოკუპანტი ქვეყანა?“, რადგან ეცოდინება, რომ საქართველოში მისი ეს საქციელი საყოველთაოდ მიღებული (და არა „ზემოდან თავსმოხვეული“) ნორმიდან დაუშვებელი გადახრაა.

დღეს კი ასეთი ნორმები არ არსებობს.

სამაგიეროდ, ყველამ იცის, რომ რუსეთის ამჟამინდელი ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილს არ ცნობს და არ ელაპარაკება. შესაბამისად, ვისაც ვლადიმირ პუტინი ცნობს და ელაპარაკება, ის ადამიანები მიხეილ სააკაშვილის მხრიდან საკუთარ მტრებად არიან აღქმულნი და, იმავდროულად, საქართველოს მტრებად – გამოცხადებულნი.

ეს სიტუაცია ინტერპრეტაციისთვის ბევრ სივრცეს უტოვებს ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილ ადამიანებს. მათი ნაწილი ფიქრობს, რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ დამოკიდებულების მიუხედავად, ოპოზიციის მოსკოვში მოსიარულე ლიდერების ქცევა მიუღებელია; მეორე ნაწილი კი სვამს შეკითხვას: „რუსეთში ოკუპანტი სახელისუფლო გუნდი უახლოეს ათწლეულში არ შეიცვლება. ჩვენ რა ვქნათ?“

ამ და ზოგიერთ სხვა შეკითხვაზე დისკუსია ქართულ საზოგადოებას საშუალებას მისცემს, ჩამოაყალიბოს პრინციპული, შეთანხმებული პოზიცია თუნდაც რამდენიმე მეტად არსებით საკითხზე რუსეთთან დაკავშირებით. თუ პოლიტიკოსები დაარღვევენ ამ საყოველთაოდ შეთანხმებულ ჩარჩოს, ისინი იძულებულნი გახდებიან, არა მხოლოდ სააკაშვილის მხარდამჭერებს, არამედ, საკუთარ მხარდამჭერებსაც განუმარტონ, რა არის მათი ქცევის მოტივაცია და რატომ უნდა იყოს ეს მოტივაცია მისაღები საზოგადოებისთვის, რომელიც ამ ქცევის გამომრიცხავ პრინციპებზე შეთანხმდა.

ხოლო თუ დისკუსიის პროცესში აღმოჩნდება, რომ რუსეთის ქცევა აფხაზეთისა და ოსეთის ტერიტორიაზე ბოლო ოცი წლის განმავლობაში კიდევ ტოვებს სივრცეს უშუალო დიალოგისთვის; და თუ ეს დიალოგი შეიძლება სასარგებლო იყოს არა რომელიმე პოლიტიკოსის ხელისუფლებაში მოსასვლელად, არამედ – საქართველოს სახელმწიფო ინტერესების დასაცავად, – მაშინ პოლიტიკოსების მოსკოვური ვიზიტები სულ სხვაგვარ წნეხში გატარდება. მაშინ ოპოზიციის ლიდერებს მწვავე დისკუსიის რეჟიმში მოუწევთ ახსნა, რა შედეგებს მოუტანს პუტინთან მათი მოლაპარაკება არა მიხეილ სააკაშვილს, არამედ – საქართველოს სახელმწიფოს.

თორემ დღეს გამოდის, რომ პროპაგანდისტული მანქანა „მოღალატის“ იარლიყების მიწებებაზე მუშაობს, საზოგადოება კი ჩუმად არის და გულში რას ფიქრობს, არავინ იცის. პუტინთან მოლაპარაკე ქართველ პოლიტიკოსებს კი ჰგონიათ, რომ სწორედ მათ სასარგებლოდ ფიქრობენ ისინი, ვისი ხმაც არ ისმის.

ამიტომ არის აუცილებელი, საზოგადოებამ საჯარო დისკუსიის რეჟიმში განსაზღვროს ღირებულებითი ჩარჩო; პოლიტიკოსებმა კი, კეთილი ინებონ და ამ ჩარჩოს საზღვრებში მოძებნონ სივრცე სამომავლო კარიერის ასაშენებლად.
XS
SM
MD
LG