Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აფეთქება ვაჟა-ფშაველას გამზირზე


შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალისტები საბურთალოზე, ვაჟა-ფშაველას 47 ნომერში დღეს შუა დღის პირველი საათიდან მუშაობენ. ჯგუფის წევრები იძიებენ გუშინდელი აფეთქების მიზეზებს. სავარაუდოდ, ასაფეთქებელი მოწყობილობა კუსტარული იყო. სპეციალისტებმა აფეთქების ადგილზე დაჭრილი ლურსმნები იპოვეს.

ვაჟა-ფშაველას გამზირზე აფეთქება გუშინ, 7 მარტს, ღამის 12 საათზე გაისმა და კორპუსის ფასადზე ფანჯრები ჩაამსხვრია და ავტომანქანები დააზიანა.

თვითმხილველების განცხადებით, აფეთქება მას შემდეგ მოხდა, რაც სადარბაზოში მათი მეზობელი თანმხლებ პირთან ერთად შევიდა.

აფეთქებას მხვერპლი არ მოჰყოლი, თუმცა ვრცელდება ინფორმაცია, რომ ჩეჩენი ეროვნების მამაკაცი (დაუზუსტებელი ინფორმაციით რუსლამ პაპასკირი, ზედმეტსახელად ზონა), რომელიც აქ ცხოვრობს და პირველი შევიდა სადარბაზოში, მსუბუქადაა დაჭრილი და გუშინ გვიან ღამით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მეზობლების განცხადებით, დაზარალებული ამ მისამართზე ნაქირავებ ბინაში მეუღლესთან და ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობს. მათივე თქმით, ჩეჩენი ოჯახი აღნიშნულ მისამართზე დაახლოებით შვიდი წელია ცხოვრობს და სამეზობლოში დადებითი რეპუტაციით სარგებლობს.

მეზობლები აცხადებენ, რომ არ იციან, თუ რას საქმიანობენ დაზარალებულის ოჯახის წევრები.
XS
SM
MD
LG