Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცხინვალიდან ახალგორამდე სახელფასო თანხა იკარგება


ახალგორი
ახალგორი
ახალგორის ზოგიერთ ორგანიზაციაში გასული წლების 4 თვის სახელფასო დავალიანება არსებობს. ადგილობრივი მოსახლეობა დე ფაქტო ადმინისტრაციას ხელფასის გასტუმრების თაობაზე განცხადებებით მიმართავს. სახელფასო დავალიანებებს ახალგორის დე ფაქტო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ალან ჯუსოევიც აღიარებს. მისი თქმით, ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოყოფილი თანხა უგზო-უკვლოდ დაიკარგა და ამ ფაქტს ახლა პროკურატურა სწავლობს.

ახალგორის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის დირექტორის თამარ მეარაყიშვილის განცხადებით, ოსურ ადმინისტრაციას განათლების სფეროს თანამშრომლების დავალიანება გასტუმრებული აქვს, დარჩენილია კულტურის ობიექტების თანამშრომელთა ხელფასების გასტუმრება. თუმცა, მეარაყიშვილის თქმით, ხელფასს ისეთი ადამიანებიც ითხოვენ, ვინც ახალგორში საერთოდ არ ჩადიან. მეარაყიშვილმა რადიო თავისუფლებას ალან ჯუსოევის შესაძლო გათავისუფლების თაობაზე გავრცელებულ ინფორმაციაზეც გაუზიარა.

გარდა ხელფასებისა, დე ფაქტო რესპუბლიკაში კომპენსაციების გაცემაც შეფერხებულია. დაზარალებული ცხინვალელები რუსეთიდან კომპენსაციებისთვის ჩარიცხული თანხების მიღებას მოითხოვენ. როგორც ინტერნეტ გამოცემა კავკაზსკი უზელი იუწყება, ბევრი ადამიანი საერთოდ არ არის შეტანილი დაზარალებულთა სიაში, სამი ათასი ცხინვალელი კი უშედეგოდ ცდილობს რუსეთიდან გამოგზავნილი კომპენსაციის მიღებას. დე ფაქტო რესპუბლიკის მოხელეები მხოლოდ მხრებს იჩეჩავენ და ვერ ამბობენ სად წავიდა ფული.

20 მარტს დე ფაქტო რესპუბლიკის დედაქალაქში დაზარალებულები კოკოითის ხელისუფლების წინააღმდეგ საპროტესტო მიტინგის გამართვას აპირებენ.
XS
SM
MD
LG