Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ომის დროს სექსუალური ძალადობის მსხვერპლი სტრასბურგში ჩივის


თბილისში 8 მარტი აღნიშნეს
თბილისში 8 მარტი აღნიშნეს
ქალთა საერთაშორისო დღეს, 8 მარტს, ორი ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია - ”ადამიანის უფლებათა პრიორიტეტი” და ”კავკასიის ქალთა ქსელი” - ერთი შეხედვით, არცთუ ისე სადღესასწაულო საკითხისადმი მიძღვნილი აქცია-ბრიფინგით გამოეხმაურა. პირველად საქართველოს ისტორიაში, ქალმა, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის დროს სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გახდა, სტრასბურგის სასამართლოში საქართველოს და რუსეთის მთავრობების წინააღმდეგ სარჩელის შეტანა გადაწყვიტა. არასამთავრობო ორგანიზაციები ამ გადაწყვეტილებას წინგადადგმულ ნაბიჯად აფასებენ და ფიქრობენ, რომ ეს ფაქტი, შესაძლოა, ძალადობის მსხვერპლი სხვა ქალებისთვის მაგალითი გახდეს და მათ საკუთარ უფლებებზე ხმამაღლა ილაპარაკონ.

გორის რაიონში მცხოვრები ქალი, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის დროს გააუპატიურეს, ევროპულ სასამართლოში ჩივილის გადაწყვეტილებამდე გარკვეული დროის შემდეგ მივიდა. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც სექსუალური ძალადობის მსხვერპლმა სიჩუმეს ბრძოლა ამჯობინა.

”ეს ერთადერთი საქმეა, რომელიც აფხაზეთის ომის და აგვისტოს ომის შემდეგ გაუპატიურებას შეეხება. მაშინაც არაერთი შემთხვევა იყო დოკუმენტირებული და ახლაც, მაგრამ არც ერთი მსხვერპლი არ თანხმდება ამ საქმის გასაჩივრებას მოჰყვეს შედეგი. ეს ქალბატონი გამონაკლისია”, - ამბობს ”ადამიანის უფლებათა პრიორიტეტის” ხელმძღვანელი, ადვოკატი ლია მუხაშავრია, რომელიც ამ ქალბატონის უფლებებს სტრასბურგში დაიცავს.

დაზარალებულმა, რომლის ანონიმურობა, ცხადია, დაცულია, უკვე გაიარა ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის კურსი. მუხაშავრია ამბობს, რომ ის თანახმა იყო საქმე პროკურატურასაც გამოეძიებინა არსებულ სამედიცინო დოკუმენტაციაზე დაყრდნობით, მაგრამ ამ ამბით არავინ დაინტერესდა.

”მან არ იცის მოძალადის ეროვნება, მაგრამ იდენტიფიცირება შეუძლია. თუმცა პროკურატურას არაფერი გაუკეთებია და, მიუხედავად ჩვენი მიწერ-მოწერისა პროკურატურასთან, ჩავთვალეთ, რომ აღარაფერი გვაქვს აქ გასარკვევი და ისევ ჯობს სტრასბურგის სასამართლოს მივმართოთ.”

სტრასბურგში სარჩელი როგორც საქართველოს, ისე რუსეთის მთავრობების წინააღმდეგ შევა და, აი, რატომ:

”საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ იმიტომ, რომ მან არ მიიღო უსაფრთხოების ზომები, რომ მოსახლეობა გაეყვანა სახიფათო ადგილებიდან. რაც მოხდა, შედეგი არის ევროკონვენციის მესამე მუხლის დარღვევისა და, საერთოდაც, გაუპატიურება, ევროსასამართლოს პრაქტიკით, წამებად მიიჩნევა, სხვა საერთაშორისო დოკუმენტებით კი - ომის დანაშაულად, განსაკუთრებით, იუგოსლავიის პრეცედენტების შემდეგ. რაც შეეხება რუსეთს, ჩვენ ვამბობთ, რომ იმ დროს ეფექტურ კონტროლს იმ ტერიტორიაზე ახორციელებდა რუსეთის არმია და მათზე იყო ვალდებულება, რომ იმ ტერიტორიაზე დაეცვათ საზოგადოებრივი წესრიგი და მშვიდობიანი მოსახლეობა ძალადობისგან.”

საკითხის დელიკატურობიდან გამომდინარე და იმის გამოც, რომ განცდილ სექსუალურ ძალადობაზე საუბარს ქალების უმრავლესობა ერიდება, ადამიანის უფლებათა დამცველ ორგანიზაციებს ომის დროს ჩადენილი ამ სახის დანაშაულის ზუსტი სტატისტიკა არ მოეპოვებათ. საუბარია 20-დან 30-მდე გაუპატიურების, მცდელობის და სხვადასხვა სახის სექსუალური ძალადობის ფაქტზე, თუმცა გამოძიება მხოლოდ ერთმა ქალმა მოითხოვა. ლია მუხაშავრია აქვე განმარტავს, რომ ამ სახის დანაშაულზე ხანდაზმულობის ვადა არ ვრცელდება და ადამიანებს, რომლებმაც ეს ტრავმა გადაიტანეს, ხუთი წლის შემდეგაც შეეძლებათ გასაჩივრება.

GCRT-ის წარმომადგენელი ლელა ცისკარიშვილი ამბობს, რომ სექსუალური ძალადობის მსხვერპლთა ზუსტი რიცხვი ომის შემდეგ ვერ დადგინდა:

”მიზეზი, ალბათ, ის იყო, რომ თავად არ მოინდომეს ამაზე ლაპარაკი. რამდენიმე დადასტურებული შემთხვევაა. ერთთან ჩვენ ვიმუშავეთ, ერთმა საერთოდ არ ისურვა კონტაქტზე გამოსვლა, მონასტერში წავიდა.“

”კავკასიის ქალთა ქსელის” ხელმძღვანელი ნინო ციხისთავი იხსენებს, რომ ქართულ-აფხაზური კონფლიქტის შემდეგ ერთ-ერთი საერთაშორისო ორგანიზაცია აგროვებდა და იკვლევდა მსგავს ფაქტებს, თუმცა ომის დასრულებიდან რამდენიმე წლის შემდეგ ნინო ციხისთავს ამ ინფორმაციის თუნდაც ანონიმურად მიწოდებაზე უარი უთხრეს. დღემდე ასეა -სამართლებრივად არც ერთი მსგავსი ფაქტი არ შეფასებულა. თუმცა ნინო ციხისთავი ფიქრობს, რომ სიჩუმე ასეთ დროს გამოსავალი არ არის:

”არასოდეს სამართლებრივი გადაწყვეტა ასეთი პრობლემისა არ ყოფილა - არ ყოფილა მსჯელობა, ასეთ დროს რა უნდა გააკეთოს სახელმწიფომ. მე კი მგონია, რომ საზოგადოებამ სიჩუმეში კი არ უნდა გამოიაროს ეს ტკივილი, არამედ ხმა უნდა აღიმაღლონ და სახელმწიფომ ძალიან კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადადგას, მაგრამ, სამწუხაროდ, საქართველოში ჯერჯერობით ჩვენ არ გვაქვს ასეთი მიდგომები.”

ერთი თვით ადრე აგვისტოს ომამდე გაერომ მიიღო რეზოლუცია, სადაც სწორედ მხოლოდ ამ დანაშაულზეა საუბარი და მითითებულია, თუ რა უნდა გააკეთოს გაერომ, გენერალურმა მდივანმა ამ დანაშაულის პრევენციის, აღკვეთის და გამოძიების მხრივ.”

ნინო ციხისთავი სტრასბურგის სასამართლოში ზემოთ აღნიშნული მიზნით ჩივილის ჯერჯერობით ერთადერთ ფაქტს ქალების დიდ გამარჯვებად აფასებს და აცხადებს, რომ ეს საქმე ბოლომდე უნდა მივიდეს.

და ამ ამბის ქალთა საერთაშორისო დღეს, 8 მარტს, გახმაურებაც არ ყოფილა შემთხვევითი:

”ჩვენ გვგონია, რომ ქალთა სოლიდარობა ასეთ მძიმე დროს უნდა იყოს განსაკუთრებით მტკიცე და თუ ჩვენ ერთობლივად მოვიგებთ ამ საქმეს, ეს იქნება ქალთა დიდი გამარჯვება.”

ამ სიტყვების ავტორი ლია მუხაშავრია ამბობს, რომ ის მასალა, რომელიც მომზადდა და სტრასბურგში გაიგზავნება, სრულიად საკმარისია წარდგენილი საჩივრის დასაკმაყოფილებლად.
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG