Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსი სამხედროები აფხაზეთში ბაზების მშენებლობას განაგრძობენ


რუსეთის სამხედრო ბაზა აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან
რუსეთის სამხედრო ბაზა აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან
აფხაზეთში მყოფი რუსი სამხედროები დანარჩენ საქართველოსთან მოსაზღვრე ოკუპირებულ სოფლებში სამხედრო ბაზების მშენებლობას განაგრძობენ. ოტობაიაში, ფიჩორში, გაგიდასა და საბერიოში სამხედრო ქალაქების მშენებლობა, ადგილობრივი მოსახლეობის ცნობით, ზაფხულისთვის უნდა დასრულდეს. ტყვარჩელის მკვიდრმა აფხაზმა ქალმა, რომელიც საბერიოში 22 წელია ცხოვრობს, რადიო თავისუფლებას ზუგდიდში უამბო, რომ ოკუპირებულ სოფელში ეფ-ეს-ბე-ს ჯარისკაცები რუსი ოფიცრებისთვის საცხოვრებელ კორპუსებს აშენებენ. ამასთან, აფხაზი რესპონდენტი, სოფელში არსებული მძიმე სოციალური პირობების მიუხედავად, ყველაზე დიდ პრობლემად ე.წ. საზღვრის გადაკვეთას ასახელებს და აღნიშნავს, რომ ვითარება რუსი მესაზღვრეების შემდეგ შეიცვალა. ”ზუგდიდში გამოსვლა მას შემდეგ ჭირს, რაც ე.წ. საზღვარზე რუსები განთავსდნენ. სოფელში ცხოვრებას რაც შეეხება, მოსახლეობას ძალიან უჭირს, მაგრამ არსებობას მაინც ვახერხებთ. არასამთავრობო ორგანიზაციები გვეხმარებიან როგორც სურსათით, ისე სამშენებლო მასალებით. ერთი სიტყვით, ვცდილობთ პირობები გავიუმჯობესოთ”, ამბობს აფხაზი ქალი.

რადიო თავისუფლების კითხვაზე, რას ფიქრობენ აფხაზები ქართველებთან ურთიერთობაზე, აფხაზმა ქალმა არა მარტო თავისი, თანამემამულეთა ნაწილის აზრიც გაგვაცნო: ”ქართველები და აფხაზები ყოველთვის სიყვარულით და მეგობრულად ვცხოვრობდით. მომავალშიც ასე უნდა გაგრძელდეს. სხვანაირად ჩვენ არსებობას ვერ შევძლებთ.”

რაც შეეხება სხვა ოკუპირებულ სოფლებში ამჟამინდელ სიტუაციას, როგორც ოტობაიიდან იტყობინებიან, ეფ-ეს-ბე-ს ჯარისკაცებმა დანარჩენ საქართველოსთან არსებულ ადმინისტრაციულ საზღვარზე მავთულხლართების გაბმა დაიწყეს. კერძოდ, რესპონდენტის თქმით, მავთულხლართებით უკვე ჩაკეტილია ოტობაია-ორსანტიის გადასასვლელი, რომლითაც ადგილობრივები ზუგდიდს უკავშირდებოდნენ. ოტობაიელი მამაკაცი ამბობს, რომ მავთულხლართების საშუალებით იგეგმება განმუხური-ოტობაიის გადასასვლელის ჩაკეტვაც. ”ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ზუგდიდში გადასვლას ვერ შევძლებთ და იზოლაციაში ვიქნებით”, ამბობს ოტობაიელი მამაკაცი.

სამეგრელო-ზემო სვანეთში აფხაზეთის დევნილი მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის თორნიკე კილანავას ინფორმაციით, ”რუსმა მესაზღვრეებმა მავთულხლართების გავლება უკვე დაასრულეს არა მხოლოდ ოტობაია-განმუხურის გადასასვლელზე, არამედ შამგონა-თაგილონის და ხურჩა-ნაბაკევის ე.წ საზღვარზეც”. შეგახსენებთ, რომ 2 მარტს, ოკუპირებულ გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფების შეხვედრისას, თბილისის დელეგაციამ სოხუმისგან მიიღო თანხმობა, რომ საქართველოს მოქალაქეები ე.წ. საზღვარს უპრობლემოდ გადაკვეთდნენ. დევნილი მთავრობის წარმომადგენლობის განცხადებით კი, დე ფაქტო მთავრობა დაპირებას არ ასრულებს და, პირიქით, ადმინისტრაციულ საზღვარს კიდევ უფრო ამაგრებს.
XS
SM
MD
LG