Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

”ფარი” - ძალადობის მსხვერპლი ქალების დასაცავად


8 მარტს „თბილისი-მერიოტში“ გაიმართა პრეზენტაცია პროექტისა „Shield“. პროექტს გაეროს ქალთა ფონდი ახორციელებს, შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დაფინანსებით, ოჯახში ძალადობის პრევენციისა და მისი დაძლევისათვის. პროექტის მიზანია ოჯახში ძალადობისა და კონფლიქტის პერიოდში სექსუალური ძალადობის მსხვერპლთათვის შესაბამისი მომსახურების შეთავაზება, როგორიცაა თავშესაფრები, ცხელი ხაზი და იურიდიული დახმარება. გარდა ამისა, პროექტი მომავალში ხელს შეუწყობს ძალადობის მსხვერპლთა პროფესიული უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებასა და დასაქმებას.

მაია 29 წლისაა. მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა თავშესაფარში გაიზარდა. როგორც თვითონ ამბობს, ოჯახურ სითბოს ვერც საკუთარ სახლში მიაგნო - უკვე წელიწად-ნახევარია შვილთან ერთად თბილისში, ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის თავშესაფარში, ცხოვრობს და მათი დახმარებით სამსახურიც აქვს:

”იმდენად აუტანელი სიტუაცია მქონდა ოჯახში, რომ ვეღარ გავუძელი და თავშესაფარს მოვაკითხე. სხვაგან წასასვლელი არსად მქონდა, არც დედა მყავს და არც მამა, უკვე წელიწად-ნახევარია აქ ვცხოვრობ. ღმერთის შეწევნით, მომავლის იმედი მაქვს, გეგმებიც...”

„Shield“, ანუ „ფარი“ - ასე ჰქვია პროექტს, რომელსაც გაეროს ქალთა ფონდი შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დაფინანსებით ოჯახში ძალადობის პრევენციისა და დაძლევისათვის ახორციელებს. მისი მიზანი კი ადგილობრივი პარტნიორების შესაძლებლობათა გაძლიერებაა, რათა უფრო ეფექტურად შესრულდეს 2006 წელს მიღებული კანონი ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ.

გაეროს განვითარების ფონდის მრჩეველი გენდერულ საკითხებში თამარ საბედაშვილი პროექტის ორ კომპონენტზე ამახვილებს ყურადღებას. ესენია ცხელი ხაზი და თავშესაფრები, რომლებიც ზაფხულისთვის ამოქმედდება. და კიდევ ერთი, რაც ასევე მნიშვნელოვანია ძალადობის მსხვერპლთა მომავალი ცხოვრებისათვის, თავშესაფრებში ისინი პროფესიულ მომზადება- გადამზადებას გაივლიან:

”გაიხსნება ორი თავშესაფარი თბილისსა და გორში და ასევე ამოქმედდება ცხელი ხაზი ქვეყნის მასშტაბით. კიდევ ერთი განსაკუთრებული მიმართულება, რაც პროექტს ექნება, არის სოციალურ-ეკონომიკური მსხვერპლების რეაბილიტაცია. თავშესაფარში მოხვედრილ ადამიანებს სჭირდებათ სამსახური, ფინანსური დამოუკიდებლობა. ჩვენი პარტნიორები დაეხმარებიან მათ პროფესიული უნარ-ჩვევების შეძენასა და შემდგომ დასაქმებაში.”

პროექტის ერთ-ერთი პარტნიორი - ქალთა დასაქმების ხელშემწყობი არასამთავრობო ორგანიზაცია ”ამაგდარი” - ძალადობის მსხვერპლთან პროფესიული მომზადებისა და გადამზადების მიმართულებით იმუშავებს. ორგანიზაციის ხელმძღვანელის ნინო შიოშვილის თქმით, იმ ქალებს, რომლებიც საკუთარ ოჯახებში იქცნენ ძალადობის მსხვერპლად, პროექტი დაეხმარება დამოუკიდებლად შეძლონ მომავლის უზრუნველყოფა:

”ჩვენ გავუწევთ სოციალურ-ეკონომიკურ გაძლიერებას, ჩამოვუყალიბებთ პროფესიულ უნარ-ჩვევებს, ისინი ჩაერთვებიან მცირე ბიზნესში. ყველაფერი მიმართულია იქითკენ, რომ მათ შეძლონ საკუთარი თავისა და შვილების რჩენა”, - ამბობს ორგანიზაცია ”ამაგდარის” ხელმძღვანელი.

ტრეფიკინგისა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდი პროექტის ფარგლებში ცხელი ხაზის ამოქმედებასა და თავშესაფრების მოწყობას უზრუნველყოფს. ფონდის დირექტორის მარი მესხის თქმით, ძალადობის მსხვერპლს თავშესაფარში სამი თვის განმავლობაში შეეძლება დარჩენა. ამ პერიოდში ფსიქოლოგები და სოციალური მუშაკები იმუშავებენ არა მხოლოდ ძალადობის მსხვერპლთან, არამედ მისი ოჯახის წევრებთანაც, ანუ იმ ადამიანებთან, რომლებიც მათზე სხვადასხვა ფორმით ძალადობენ, რათა ძალადობის მსხვერპლმა მოახერხოს საკუთარ ოჯახში დაბრუნება და სრულფასოვანი ცხოვრება. კიდევ ერთი ფაქტორი, რომელზეც მარი მესხი ამახვილებს ყურადღებას, არის ოჯახში სექსუალური ძალადობის, კონკრეტულად კი, ინცესტის ფაქტების მატება:

”მოტივაცია გაზრდილია, საკმაოდ ბევრი ადამიანი მოგვმართავს. ბოლო პერიოდში, სამწუხაროდ, მოიმატა ინცესტის ფაქტებმა. ამჯერად ჩვენთან მსგავსი პრობლემით ორი ადამიანი იმყოფება.”

პროექტის ხელმძღვანელების განცხადებით, თოთხმეტთვიანი პროექტი ”ფარი” სრულ შესაბამისობაშია 2009-2010 წლების ეროვნულ სამოქმედო გეგმასთან, რომელიც ოჯახში ძალადობის აღკვეთისა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარებისათვის განსახორციელებელ ღონისძიებებს გულისხმობს. მათივე განცხადებით, პროექტის განხორციელების შედეგად, შეიქმნება ისეთი ინსტიტუციური გარემო, რომელიც, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიასაშუალებების თანამშრომლობის გზით, ხელს შეუწყობს ოჯახში ძალადობის შესახებ კანონის ეფექტიან აღსრულებას და ქალთა უფლებების დაცვას, განსაკუთრებით კი, ძალადობის გარეშე სიცოცხლის უფლების მოპოვებას.
XS
SM
MD
LG