Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მასხადოვის სიკვდილიდან 5 წლის შემდეგ ჩრდილოეთ კავკასიაში ვითარება რთული რჩება


ასლან მასხადოვი
ასლან მასხადოვი
ჩეჩნეთის ლიდერის და წინააღმდეგობის მოძრაობის წინამძღოლის, ასლან მასხადოვის, მკვლელობა, რომელიც ზუსტად 5 წლის წინ მოხდა, რუსეთის მხარემ ჩრდილოეთ კავკასიაზე კონტროლის გამყარების პროცესში უმნიშვნელოვანეს ეტაპად მიიჩნია, თუმცა, როგორც ჩვენი რადიოს ანალიტიკოსი, ლიზ ფულერი, ამბობს, მას შემდეგ ვითარება რეგიონში კიდევ უფრო გართულდა.

5 წლის წინ - 2005 წლის 8 მარტს - რუსეთის მთავრობამ განაცხადა, რომ ერთ-ერთი ოპერაციისას მოკლული იქნა ჩეჩნეთის პრეზიდენტი და წინააღმდეგობის მოძრაობის ლიდერი ასლან მასხადოვი.

სულ რამდენიმე კვირით ადრე მასხადოვმა ცალმხრივი ზავი გამოაცხადა. ეს იყო მის მიერ მოსკოვის მისამართით გაკეთებული ერთ-ერთი კონსტრუქციული ჟესტი, რომელიც მიზნად ისახავდა მრავალწლიანი და ასიათასობით მსხვერპლის მომტანი ომის დასრულებას. მაგრამ რუსეთის მაშინდელი პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი, ბოლო ჩეჩენი მებრძოლის ფიზიკური განადგურების იდეით იყო შეპყრობილი. ცნობილია, რომ ის მათ „ტერორისტებს“ უწოდებდა და არანაირ მოლაპარაკებაზე არ მიდიოდა - მეტიც, ხელისუფლებაში მოსვლისას მან დაიქადნა, რომ თუ საჭირო გახდებოდა, „ტერორისტებს“ მისი ძალები „ტუალეტებში ჩაახრჩობდნენ“(პუტინისგან განსხვავებით, მისი წინამორბედი, ბორის ელცინი, ზავზე დათანხმდა და 1996 წელს ჩეჩნეთიდან რუსეთის ჯარი გაიყვანა).

სამხედრო ძალაზე კონცენტრაცია კონტრპროდუქტიული აღმოჩნდა. სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე ასლან მასხადოვმა რადიო თავისუფლების ჩრდილოკავკასიურ სამსახურს ინტერვიუ მისცა, სადაც განაცხადა, რომ რუსეთის მთავრობის მხრიდან მოლაპარაკებაზე უარის თქმამ ხელი შეუწყო ფრონტის გადატანას ჩრდილოკავკასიის სხვა - მანამდე, დიდწილად, მშვიდობიან - რესპუბლიკებში:

„ჩეჩნეთში ომი მალე თუ არ დასრულდა, ის მის საზღვრებს გასცდება. ეს პროცესი უკვე გარკვეული პერიოდია მიმდინარეობს - ბრძოლის შემთხვევებს ვხვდებით დაღესტანში, ყაბარდო-ბალყარეთში, ოსეთში, ინგუშეთში და ყარაჩაი-ჩერქეზეთში“, - უთხრა მასხადოვმა ჩვენს რადიოს.

მასხადოვმა, რომელსაც საბრძოლო წინამძღოლობის დიდი გამოცდილება ჰქონდა, მებრძოლთა ქსელის გაფართოების გადაწყვეტილება მიიღო და ინგუშეთში, ყაბარდო-ბალყარეთსა და დაღესტანში „ფრონტის“ ახალი ხაზები გახსნა. იმ ადგილებში მებრძოლთა მეთაურები ჩეჩნეთის წინააღმდეგობის სამხედრო ლიდერებს ექვემდებარებოდნენ.

მასხადოვი ყოველთვის აცხადებდა, რომ მის მებრძოლებს მაქსიმალურად უნდა აერიდებინათ თავიდან მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი. ამასთან, ის ჩრდილოეთ კავკასიის ფარგლებს გარეთ თავდასხმების მოწყობაზეც არ თანხმდებოდა. მისმა მემკვიდრეებმა ამ შეზღუდვების გათვალისწინებაზე უარი თქვეს. 2006 წლის ივნისში, როცა მასხადოვის პირდაპირი შემცვლელი, აბდულ-ხალიმ სადულაევი, მოკლეს, წინააღმდეგობის მოძრაობას სათავეში დოკუ უმაროვი ჩაუდგა. მან აღადგინა თავის დროზე ურჩი საველე მეთაურის, შამილ ბასაევის მიერ დაარსებული თვითმკვლელ მოიერიშეთა დანაყოფი „რიადუს სალახინი“, რომლის წევრებსაც რეგულარულად მიაქვთ იერიში პოლიციის ძალებზე და ანგარიშს არ უწევენ სამოქალაქო მოსახლეობაში მსხვერპლის გამოწვევის საფრთხეს. ამასთან, უმაროვის მებრძოლებმა ჩრდილოეთ კავკასიის გარეთ, რუსეთის სხვა რეგიონებში განხორციელებულ თავდასხმებზეც აიღეს პასუხისმგებლობა.

მასხადოვის უმთავრესი მიზანი იყო მოსკოვთან ისეთი შეთანხმების მიღწევა, რომელიც ჩეჩნეთს ავტონომიურ დემოკრატიულ რესპუბლიკად აქცევდა. მისგან განსხვავებით, უმაროვი მთლიანი ჩრდილოკავკასიის გათავისუფლებას ესწრაფვის და ამის ერთადერთ გზად ჯიჰადს მიიჩნევს.

ასლან მასხადოვმა სამხედრო კარიერა საბჭოთა ჯარში დაიწყო (სხვათა შორის, თავის დროზე ის თბილისის საარტილერიო სასწავლებელშიც სწავლობდა). 40 წლის ასაკში ის უკვე პოლკოვნიკი იყო და საარტილერიო დანაყოფს ხელმძღვანელობდა. 1991 წელს - საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ - ის თანამდებობიდან გადადგა, ჩეჩნეთში დაბრუნდა და მაშინდელი პრეზიდენტის, ჯოხარ დუდაევის მიერ შექმნილ სამხედრო ძალებს ჩაუდგა სათავეში. 1994-96 წლებში ის ჩეჩნეთის წინააღმდეგობის მოძრაობის ხელმძღვანელი იყო და ამ მოძრაობის მიერ 1996 წლის აგვისტოში გროზნოს დაკავების ოპერაციასაც ხელმძღვანელობდა.

რადიო თავისუფლების ჩრდილოკავკასიური სამსახურის დირექტორი ასლან დუკაევი ამ სპეცოპერაციის თვითმხილველია და მას „ძალიან ეფექტურს“ უწოდებს:

„მასხადოვი ნამდვილად ნიჭიერი სამხედრო სტრატეგი იყო. 1996 წელს, გროზნოს დაკავების ოპერაციისას, მის დაქვემდებარებაში იყო რამდენიმე ასეული მსუბუქად შეიარაღებული ჯარისკაცი და მათ ბევრად უფრო ძლიერი რუსეთის არმია სულ რამდენიმე საათში დააჩოქეს“, - ამბობს დუკაევი.

რამდენიმე კვირაში მასხადოვმა და რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა ალექსანდრ ლებედმა ოფიციალურ საზავო ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი. 1997 წლის იანვარში მასხადოვი ჩეჩნეთის პრეზიდენტად აირჩიეს - კენჭისყრას საერთაშორისო დამკვირვებლებმა „თავისუფალი და სამართლიანი“ უწოდეს. მაისში მასხადოვმა რუსეთის პრეზიდენტ ელცინთან ერთად ჩეჩნეთსა და რუსეთის ფედერაციას შორის სახელმწიფოთაშორის ურთიერთობის თაობაზე ოფიციალური ხელშეკრულება გააფორმა.

ეს, ალბათ, მასხადოვის მოღვაწეობის ყველაზე წარმატებული პერიოდი იყო. მალე მას ძალაუფლებისთვის ბრძოლაში მოუხდა ჩართვა წინააღმდეგობის მოძრაობის უფრო რადიკალურად განწყობილ ფიგურებთან - პირველ რიგში, შამილ ბასაევთან, რომელიც მის დასუსტებას ცდილობდა. ისლამისტური ფრთის ზეწოლის გამო, მასხადოვმა გამოსცა ბრძანებები, რომლითაც ჩეჩნეთის ტერიტორიაზე შარიათის კანონები აამოქმედა და თავის ერთ-ერთ უკანასკნელ დასაყრდენ ძალას, 1997 წელს არჩეულ პარლამენტს, საკანონმდებლო ფუნქცია წაართვა.

1999 წლის ზაფხულში ბასაევი მასხადოვის დაქვემდებარებიდან გავიდა, დაღესტანზე მიიტანა იერიში და დამოუკიდებელი ჩრდილოკავკასიური ისლამური რესპუბლიკის დაარსება გამოაცხადა. მოსკოვმა ამას ჩეჩნეთში საჰაერო იერიშებით უპასუხა, ოქტომბერში კი რესპუბლიკაში ფართო სამხედრო ძალებით შევიდა.

მასხადოვმა რამდენჯერმე უშედეგოდ მოუწოდა საერთაშორისო თანამეგობრობას, მოსკოვი სამშვიდობო მოლაპარაკების აღდგენაზე დაეყოლიებინათ.

ამის ნაცვლად, პუტინმა ყოფილი ჩეჩენი მუფტი, ახმედ-ჰაჯი კადიროვი, გროზნოს პრომოსკოვური რეჟიმის ლიდერად დაასახელა. ამან გზა გაუხსნა კადიროვის ვაჟის, რამზანის, აღმასვლას. დღეს რამზანი, ჩრდილოეთ კავკასიის მასშტაბით, ყველაზე გავლენიანი პოლიტიკური ფიგურაა - მისი ძალიან ეშინიათ.

გასულ ზაფხულს კრემლი დათანხმდა მოლაპარაკებების გამართვას კადიროვის წარმომადგენლებსა და ჩეჩნეთის განდევნილი მთავრობის ლიდერს, ახმედ ზაკაევს, შორის. მასხადოვის მომხრეებსა და გროზნოს სისასტიკით ცნობილ პრომოსკოვურ რეჟიმს შორის შერიგების კონგრესი თებერვლის ბოლოსთვის იყო დანიშნული, თუმცა არ ჩატარებულა და გაურკვეველი ვადით გადაიდო.

ჩრდილოკავკასიაში წინააღმდეგობის მოძრაობა დიდი ხანია გასცდა ჩეჩნეთის საზღვრებს და კონფლიქტს ბოლო ისევ არ უჩანს.
XS
SM
MD
LG