Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცხინვალი "მეზობლებთან" საზღვრებს ავლებს


დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ხელისუფლება საქართველოსა და რუსეთთან ეგრეთ წოდებული საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციას იწყებს
დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ხელისუფლება საქართველოსა და რუსეთთან ეგრეთ წოდებული საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციას იწყებს
დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ხელისუფლება საქართველოსა და რუსეთთან ეგრეთ წოდებული საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციას იწყებს. ცხინვალსა და მოსკოვში უკვე შექმნილია სპეციალური კომისიები, რომლებიც საზღვრის დელიმიტაციისთვის რუქებზე მუშაობენ. მოსკოვში უკვე მოეწყო ამ კომისიების პირველი შეხვედრა.

მეორე შეხვედრა ცხინვალში გაიმართება. მას შემდეგ, რაც ოსური და რუსული მხარეები სადელიმიტაციო სამუშაოებს დაასრულებენ, გაფორმდება შესაბამისი შეთანხმება, რომელიც პარლამენტების მიერ იქნება რატიფიცირებული.

დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ბორის ჩოჩიევმა, ადგილობრივი ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსულ მხარესთან დელიმიტაციის პროცესში პრობლემები არ არის, სპეციალისტები უკვე მუშაობენ რუქებზე და საარქივო მასალებზე, ქართული მხარე კი, მიუხედავად დიპლომატიური არხებით გაგზავნილი შეტყობინებისა, საზღვრის დადგენის პროცესში არ ერთვება.

ჩოჩიევის განცხადებით, დელიმიტაციის დასრულების შემდეგ ოსური მხარე ცალმხრივად დაიწყებს დემარკაციის პროცესს და საზღვრის გასწვრივ სპეციალურ ბოძებს დააყენებს. ჩოჩიევის თქმით, ამ პროცესში დე ფაქტო რესპუბლიკას საქართველოსთან ტერიტორიული პრეტენზიებიც ექნება.

რუსეთსა და დე ფაქტო რესპუბლიკაში საზღვრის დამდგენი სპეციალური კომისიების შექმნას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძე გამოეხმაურა. მისი თქმით, საქართველოში შიდა საზღვრები არ იქნება.

კალანდაძის აზრით, ჩოჩიევის განცხადება პროვოკაციულია. საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის კომისიის თავმჯდომარის შოთა მალაშხიას აზრით, რუსეთი ყველა საერთაშორისო ნორმას არღვევს სეპარატისტებთან მოლაპარაკებით, რასაც არ ცნობს ცივილიზებური სამყარო.

ოსური მხარის ინფორმაციით, დელიმიტაციის პროცესი მალე დასრულდება. დემარკაციამდე კი ოსური და რუსული სასაზღვრო ძალები საზღვრისპირა სოფლებში საინფორმაციო ხასიათის შეხვედრებს ჩაატარებენ, რათა მოსახლეობა უკეთესად გაერკვეს სად გადის დე ფაქტო რესპუბლიკის და რუსეთის, ასევე დე ფაქტო რესპუბლიკისა და საქართველოს საზღვრები.

ამ დროისთვის უცნობია, რა ტერიტორიულ პრეტენზიებზე საუბრობდა ჩოჩიევი და მოხდება თუ არა დამატებით ქართული ტერიტორიების მიტაცება. ამჟამად ცხინვალის მოსაზღვრე ქართული სოფლების მიწის ფართობების დიდი ნაწილი ოკუპირებულია.
XS
SM
MD
LG