Accessibility links

logo-print
საბერძნეთის ფინანსურმა კრიზისმა ევროკავშირის სახელმწიფოები აიძულა ეფიქრათ ახალ გზებზე, რითაც ევროს თავიდან ააცილებდნენ შემდგომ ქაოსს. ერთ-ერთი იდეა, რომელსაც, ყველას გასაოცრად, ბევრი მომხრე აღმოაჩნდა, საერთაშორისო სავალუტო ფონდის ანალოგიით, „ევროპის სავალუტო ფონდის“ შექმნას გულისხმობს. პოტენციურმა საფინანსო ინსტიტუტმა უნდა უზრუნველყოს სესხის გამოყოფა ევროზონაში შემავალი იმ სახელმწიფოებისათვის, რომელსაც მომავალში საფინანსო კრიზისი დაემუქრება.

ევროპული ფინანსური ინსტიტუტის შექმნის იდეა 6 მარტს ოფიციალურად წამოაყენა გერმანიის ფინანსთა მინისტრმა ვოლფგანგ შოიბლემ და იქვე განმარტა, რომ გულისხმობდა არა საერთაშორისო სავალუტო ფონდის კონკურენტი სტრუქტურის შექმნას, არამედ ისეთი ორგანოსას, რომელიც ევროზონის შიდა სტაბილურობაზე იზრუნებდა და, თანაც, სესხს გასცემდა მხოლოდ აუცილებლობისა შემთხვევაში და მკაცრი პირობებით. ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა ამადეუს ალტაფაი ტარდიომ განაცხადა, რომ ეს ფონდი, რომლის შექმნას გარკვეული დრო სჭირდება, იქმნება არა საბერძნეთის დასახმარებლად, არამედ მომავალი კრიზისების თავიდან ასაცილებლად:

„ჩვენ გვაქვს ამ თვალსაზრისით ძალიან დროული და გულახდილი დისკუსია, რომელიც ითვალისწინებს უფრო ეფექტურ გზებსა და საშუალებებს როგორც კრიზისის მოსაგვარებლად პირდაპირი ჩარევის დროს, ასევე მისი თავიდან აცილების სტადიაში. და მე მინდა ხაზი გავუსვა მეორე ელემენტს, პრევენციის ელემენტს, პრევენციის მხარეს, რომელიც გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია. და სწორედ ამიტომაც ვართ ფოკუსირებული იმაზე, რათა გაიზარდოს ეკონომიკური კოორდინაცია ევროს ზონაში შემავალ წევრ სახელმწიფოთა შორის.“

8 მარტს ევროკავშირის წამყვანი სახელმწიფოს - გერმანიის - კანცლერმა ანგელა მერკელმა მხარი დაუჭირა ევროპის სავალუტო ფონდის შექმნის იდეას და მას „კარგი“ და „საინტერესო“ უწოდა. ამასთან, მერკელმა დასძინა, რომ მომავალში ბევრი საქმეა გასაკეთებელი. კერძოდ, უნდა განისაზღვროს, თუ ვინ შეიტანს ფულს ფონდის სალაროში და რამდენად იქნება ფონდი დამოუკიდებელი უკვე არსებული ევროპული სტრუქტურების, განსაკუთრებით ევროკომისიისა და ევროპის ცენტრალური ბანკისაგან.

მერკელმა ისიც თქვა, რომ ევროპის სავალუტო ფონდის შექმნას დასჭირდება ცვლილების შეტანა ევროპის უმთავრეს დოკუმენტში, ლისაბონის ხელშეკრულებაში, რომლის შეთანხმებასა და რატიფიკაციას დიდი დრო დასჭირდა.
თუმცა ყველა როდი უჭერს მხარს ევროპის სავალუტო ფონდის შექმნის იდეას.

ევროპის ცენტრალური ბანკის აღმასრულებელი საბჭოს წევრი იორგენ სტარკი სასტიკად აკრიტიკებს ამ იდეას. ის ფიქრობს, რომ ფონდის შექმნის სიმძიმე სოლიდური ფინანსების მქონე ქვეყნების კისერზე გადაივლის და წაახალისებს კავშირის შიგნით არსებულ სხვა ქვეყნებს ხელგაშლილად ხარჯონ იმ იმედით, რომ ეს ფონდი მათთვის მაშველი რგოლის როლს შეასრულებს.
XS
SM
MD
LG